საქმე # 120100121004852244
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე N816აპ-22 ქ. თბილისი
ო-ე გ, 816აპ-22 16 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით გ. ო-ე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ო-ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
მსჯავრდებულ გ. ო-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო დაკავების მომენტიდან.
2. გ. ო-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. გ-ი მცხოვრები გ. ო-ის ცნობილი იყო, რომ ქ. ა-ი ყოველ კვირა დღეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმართებოდა პირუტყვის საკვირაო ბაზრობა, სადაც ა-ის გარდა, სატვირთო ავტომანქანებით აგრეთვე სხვა რაიონებიდან ჩასული ხალხიც ვაჭრობდა (რაც ღამითაც მიმდინარეობდა). აღნიშნულის გამო იგი დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ასევე ქ. გ-ი მცხოვრებ ზ. ქ-ა და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ კიდევ ერთ პირს, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ და გადაწყვიტეს, ერთობლივად ჩაედინათ დანაშაული - მოვაჭრეებისაგან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ თანხას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათ მიმართ გამოეყენებინათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარაც, რისთვისაც აგრეთვე წინასწარ მოემზადნენ და შეიძინეს შესაბამისი საგნები - ე.წ. ორი პისტოლეტი და „სკოჩი.“ გ. ო-მ თან იქონია დანაც.
2006 წლის 31 დეკემბერს, კვირას, გ. ო-ე მასთან ერთად დანაშაულის ჩასადენად შეკავშირებულ ზ. ქ-ა და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად ჩავიდა ქალაქ ა-ი და გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, მათთან ერთად საკვირაო ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ნახეს, რომ ვაჭრობის დაწყების მოლოდინში გაჩერებული იყო სატვირთო ავტომანქანა - „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით: ..., რომლის კარიც დაკეტილი იყო და შიგნით მოვაჭრეები ისვენებდნენ.
თავდამსხმელთა მოლაპარაკების შესაბამისად, ზ. ქ-მ, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეკავა, დააკაკუნა მანქანის კარზე და შიგნით მყოფთ მოსთხოვა სასმელი წყალი. მათ გააღეს ავტომანქანის კარი და სასმელი წყალი მიაწოდეს. თავდამსხმელებმა იმავდროულად ისარგებლეს და წინასწარ ერთმანეთთან მოლაპარაკების თანახმად, ზ. ქ-მ და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა პისტოლეტებით, ხოლო დანით შეიარაღებულმა გ. ო-მ ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით მანქანიდან გადაიყვანეს ავტომანქანაში მსხდომი პირები: ხ. ბ-ი, მ. რ-ი, ნ. ბ-ი და ა. ა-ი, რომლებიც ბაზრობაზე მსხვილფეხა პირუტყვის შესაძენად იყვნენ ჩასული და ვაჭრობის დაწყების მოლოდინში ხ. ბ-ის ავტომანქანაში ისვენებდნენ.
აღნიშნულის შემდეგ გ. ო-მ, რომელსაც ხელში დანა ეკავა, მუქარისა და ძალადობის მიზნით, ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ, ნ. ბ-ს ხელზე გადაუსვა დანა, რა დროსაც მის თანამზრახველებს პისტოლეტები ეკავათ და აგრეთვე, ემუქრებოდნენ მანქანიდან ძალადობითა და მუქარით გადაყვანილ პირებს, რომლებმაც თავდამსხმელების ხელთ არსებული პისტოლეტებიც დაინახეს და ისინი აღიქვეს ცეცხლსასროლ იარაღად. თავდამსხმელებმა, მათ შორის გ. ო-მ, ძალადობითა და მუქარით მოვაჭრეებს მოსთხოვეს ფული, შემდეგ გ. ო-მ და მასთან ერთად მყოფმა თავდამსხმელებმა მანქანის უკანა მხარეს გაიყვანეს მოვაჭრეები, გაჩხრიკეს ისინი და ავტომანქანის კაბინა. გ. ო-მ თანამზრახველებთან ერთად მათგან ყაჩაღურად წაიღო - 1540 ლარი, „ნოკიას“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი (თითოეული 200 ლარად ღირებული) და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველებთან ერთად მიიმალა.
3. მსჯავრდებული გ. ო-ე 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით:
მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენში გ. ო-ის მიმართ შევიდა ცვლილება: გ. ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა. გ. ო-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
გამართლებულ გ. ო-ს საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის საფუძველზე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ.
5.1. პროკურორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, გ. ო-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ო-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. დანაშაულის ჩადენის დროს გ. ო-ე იყო არასრულწლოვანი, ხოლო დღევანდელი მოცემულობით კი საშუალო ასაკისაა, რაც გამორიცხავს მის მსგავსებას იმდროინდელ გარეგნობასთან, როდესაც დანაშაული ჩაიდინა. ამ მოცემულობის გამო, დაზარალებულებმა შეიძლება ვერ იცნეს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართული თავდამსხმელი, თუმცა გამოძიების სტადიაზე მათ ამოიცნეს გ. ო-ე. დაცვის მხარის გამოკითხვის ოქმები არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, ვინაიდან ისინი დაინტერესებული პირები არიან.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით გ. ო-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უტყუარად არ დასტურდება, კერძოდ:
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა სააპელაციო სასამართლოში უშუალოდ აღწერეს თავდასხმის ფაქტი, მათ უტყუარად ვერ მიუთითეს გ. ო-ე, როგორც ყაჩაღობის ჩამდენ პირზე, კერძოდ, დაზარალებულმა ნ. ბ-ა განაცხადა, რომ პირი, რომელსაც ყაჩაღობის დროს დანა ეკავა ხელში, იყო მაღალი, „რიჟა,“ თეთრი პირსახის; როდესაც ამბობს, რომ იყო „რიჟა“, გულისხმობს ღია ფერის სახეს. ამოცნობის დროს დაუდეს ოთხი ფოტოსურათი და ამოიცნო ის პირი, რომელსაც დანა ეჭირა ხელში. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ვიდრე სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდებოდა, ახალციხეში იყვნენ, პროკურატურაში, სადაც პროკურორმა აჩვენა საქმეში არსებული სურათები, ვინც გამოძიების დროს ამოიცნო. დაზარალებულმა ნ. ბ-ა სააპელაციო სასამართლოში, მას შემდეგ, რაც ვიზუალურად ნახა მსჯავრდებული, განაცხადა, რომ ეს ის პიროვნება არ იყო, ვინც სურათში ამოიცნო და გამოთქვა მოსაზრება, რომ შეიძლება ეს გამოწვეული ყოფილიყო მომხდარი ფაქტიდან დიდი დროის გასვლით. იგივე დააფიქსირა მან დაცვისა და ბრალდების მხარეთა შეკითხვებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულს, დაზუსტების მიზნით, დაუსვა შეკითხვა: მან გ. ო-ე ვერ ამოიცნო იმიტომ, რომ მომხდარი ფაქტიდან დიდი დრო იყო გასული (რის გამოც პირი შეიძლება შეცვლილიყო), თუ მსჯავრდებული არ იყო ის პირი, ვინც იგი დააყაჩაღა. დაზარალებულმა უპასუხა, რომ ამ პირს დღეს იგი პირველად უყურებდა. ამის შემდეგ პროკურორმა კვლავ დაუსვა შეკითხვა დაზარალებულს, რომ შეიძლებოდა თუ არა მსჯავრდებული ყოფილიყო ის ვინც იგი დააყაჩაღა, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ - „მსჯავრდებული არ იყო.“
დაზარალებულმა მ. რ-იმ განაცხადა, რომ ფოტოსურათებით ამოცნობის დროს ერთ-ერთი მათგანი მიამსგავსა დანიან პირს და დაადო მას ხელი. იგი იყო სუსტი, მაღალი და ქერა. მ. რ-მ განაცხადა, რომ ვიდრე სასამართლოში გამოცხადდებოდა ჩვენების მისაცემად, სამივენი ახალციხეში იყვნენ, პროკურატურაში, სადაც პროკურორმა აჩვენა მათი ჩვენებები, ასევე - საქმეში არსებული სურათები და მიუთითა იმ პირზე, ვინც გამოძიების დროს ამოიცნო. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მ. რ-იმ სააპელაციო სასამართლოში ვიზუალურად ნახა მსჯავრდებული, განაცხადა, რომ ეს ის პირი არ არის, ვინც დააყაჩაღა. მომხდარი ფაქტიდან მიუხედავად დიდი დროის გასვლისა, თავდამსხმელს იგი მაინც ამოიცნობდა, თუმცა ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ის პირი არ იყო.
რაც შეეხება დაზარალებულ ხ. ბ-ს, მან სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ თავდამსხმელები მის ზურგს უკან იდგნენ და მათი სახე არ დაუნახავს. როდესაც პოლიციაში მიიყვანეს, სურათები აჩვენეს და მაშინვე განაცხადა, რომ ვერ ამოიცნობდა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ა. ა-ის ჩვენებაც, რომელშიც აღწერილია შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. სააპელაციო სასამართლოში ხ. ბ-ა განაცხადა, რომ ა. ა-ი არის მისი დისშვილი და ბავშვობიდან მისი თვალთახედვის არეში გაიზარდა. მას უჭირს მეტყველება, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე უჭირს ფაქტების გადმოცემა. პოლიციის განყოფილებაში მის დაკითხვას ესწრებოდა და მისი მეშვეობით დაიკითხა, რადგანაც ის ვერ ფლობს ქართულ ენას და, ზოგადად, საუბარი არ შეეძლო. იგივე დაადასტურა დაზარალებულმა მ. რ-ც.
საკასაციო პალატა აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმების არასრულყოფილად შედგენის თაობაზე.
სხვა მტკიცებულებები კი, მათ შორის, მოწმეების - ა. ბ-ა და თ. ბ-ის ჩვენებები არ მიუთითებს გ. ო-ე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.
8. მაშასადამე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, გ. ო-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებული არ არის, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის/პროკურორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობის თაობაზე.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282) და მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანხვდენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქციით) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი