Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №56I-22 თბილისი

ა-ი ო-ნ (ო.), 56I-22 18 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. (ო.) ა-ის ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ო. ა-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ-ის რ-აში:

· თ-ის რ-ის ბაქირქოის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2017 წლის 31 მარტის საბრალდებო აქტის მიხედვით, ო. ა-ს ბრალი დაედო თ-ის რ-ის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილითა (განზრახ მკვლელობა) და №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

· 2022 წლის 13 მაისს თ-ის რ-ის ბაქირქოის მე-16 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ო. ა-ის დაკავების ბრძანება.

2. საქმის მასალების მიხედვით, ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 14 ნოემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. ს-ში მდებარე კაფეში, რ. ა-სა და ო. ა-ს შორის წარმოიშვა უთანხმოება, რაც მალევე გადაიზარდა ჩხუბში. დაპირისპირებისას, ო. ა-მა და ო. ა-მა მათ ხელთ არსებული უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს რ. ა-ს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

3. ო. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) დაეკისრა - თითოეული ეპიზოდისათვის - 2000-2000 ლარი, ხოლო 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ა-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ო. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 21 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

o 2022 წლის 23 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ო. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o 2022 წლის 29 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი ო. ა-ი;

o ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით ო. ა-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2022 წლის 29 ივლისიდან.

o თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ო. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 29 ოქტომბრიდან 2023 წლის 29 იანვრამდე.

4. 2022 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა თ-ის რ-ის მოქალაქე ო. ა-ის თ-ის რ-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ-ის რ-ის მოქალაქე ო. (ო.) ა-ის, - - თ-ის რ-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რ-ის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილითა (განზრახ მკვლელობა) და №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა-ის ადვოკატმა ი. ა-ემ, რომელიც ითხოვს ო. ა-ის თ-ის რ-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: ო. ა-ი ლეგალურად ცხოვრობს საქართველოში. აქვს მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. არის თავშესაფრის მაძიებელი - ამჟამად მინიჭებული აქვს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მის მიმართ მიმდინარეობს პროცედურები თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი დემეტრე ჯინჯოლია არ ეთანხმება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ა-ის ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ო. ა-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ო. ა-ი არის თ-ის რ-ის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, მას ამჟამად მინიჭებული აქვს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მიმდინარეობს პროცედურები თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით თ-ის რ-ის მოქალაქე ო. ა-ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, რაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია, ხოლო ადვოკატის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ო. ა-ის მიმართ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა და წარმოების დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თ-ის რ-ის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თ-ის რ-ა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თ-ის რ-აში ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ა-ს მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა; ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. (ო.) ა-ის ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე