საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№742პ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი
ი-ი გ., 742აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ი-ს ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის იძულებაში, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ე.ი. მის ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა (2 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, 111,126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-100 საათით; საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით გ. ი-ს მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ი. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 180 საათით შთანთქა სსკ-ის 111,126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-100 საათით და გ. ი-ს საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. ი-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით შეეცვალა ჯარიმით – 1000 ლარით, რაც გ. ი-მა არ გადაიხადა და დღეისათვის მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
· ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა გ. ი-მა კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: გ. ი. ცხოვრობს თ-ი, ვ. მიკრორაიონის მ-ის ბინა №- მშობლებთან – ა. მ-სა და ს. ი-თან ერთად.
· 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში გ. ი. ყოველდღიურად მოითხოვდა მათგან ფულად თანხას, რისი საშუალებაც ა. მ-სა და ს. ი-ს არ გააჩნდათ. აღნიშნულის გამოც, და სრულიად უმიზეზოდაც, გ. ი. სისტემატურად აყენებდა მშობლებს შეურაცხყოფას, აგინებდა მათ და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, გამოხატავდა მათ მიმართ უკმაყოფილებას, რომ „შვილისათვის არაფერს აკეთებდნენ“. მსგავსი ფაქტები განმეორდა 2021 წლის 1, 2, 3 და 4 სექტემბერს. ყოველივე აღნიშნულის შედეგად გ. ი-ისაგან მომდინარე აგრესიამ და სისტემატურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია მისი მშობლების – ა. მ-ისა და ს. ი-ის ტანჯვა.
· 2020 წლიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში თ-ი, ვ-ი მიკრორაიონის მ-ის ბინა №-, გ. ი. ფსიქიკურად აიძულებდა მამას – ს. ი-ს თანხის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მიმართავდა შეურაცხმყოფელი ფრაზებით, მათ შორის: 2021 წლის 4 სექტემბერს, დილის საათებში, გ. ი. დაემუქრა ს. ი-ს მოკვლით, თუ არ მისცემდა ფულს. აღნიშნული მუქარების დროს ს. ი-ს გაუჩნდა მათი განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ. ი. ს. ი-ს ფსიქიკურად აიძულებდა, შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი ნება იყო, კერძოდ – მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა თანხის გადაცემას.
· 2020 წლიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში თ-ი, ვ-ი მიკრორაიონის მ-ის ბინა №-, გ. ი. ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდა დედას – ა. მ-ს თანხის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მიმართავდა შეურაცხმყოფელი ფრაზებით, მათ შორის: 2021 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათიდან 02:00 საათამდე დროის მონაკვეთში, გ. ი. დაემუქრა ა. მ-ს მოკვლით, თუ არ მისცემდა ფულს, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო იმავე დღეს, 06:30 საათზე, კვლავ მოსთხოვა ფული, ძალის დემონსტრირებით გადმოყარა და მიმოფანტა საყოფაცხოვრებო ნივთები და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა დედას. აღნიშნული მუქარებისას ა. მ-ს გაუჩნდა მათი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· გ. ი. ა. მ-ს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა, შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი ნება იყო, კერძოდ – მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა თანხის გადაცემას.
· 2020 წლიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში თ-ი, ვ-ი მიკრორაიონის მ-ის ბინა №-, გ. ი-მა, საერთო განზრახვით, ოჯახური ძალადობა ჩაიდინა დედის – ა. მ-ისა და მამის – ს. ი-ის მიმართ, კერძოდ: დაახლოებით 00:30 საათზე გ. ი-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა. მ-ს, რის შემდეგაც ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, ასევე ხელის მოჭერით გადაუგრიხა ხელები, შემდეგ კი, კონფლიქტის ამოწურვამდე, დაახლოებით 06:30 საათზე, საყოფაცხოვრებო ნივთი განზრახ ესროლა და მოახვედრა ა. მ-ს თავში. ამავდროულად, ხელები ძლიერ მოუჭირა მხრებში იქვე მყოფ ს. ი-ს, რომელიც მიანარცხა კედელს და განზრახ დააგდო ძირს. გ. ი-ის მიერ ჩადენილი თითოეული ფიზიკური ძალადობის შედეგად ა. მ-მა და ს. ი-მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში თ-ი, ვ-ი მიკრორაიონის მ-ის ბინა №., გ- ი. სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დედ-მამას – ა. მ-სა და ს. ი-ს, მათ შორის – 2021 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათიდან 06:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, გ. ი. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ა. მ-სა და მამას – ს. ი-ს, რომელთაც თითოეულ შემთხვევაში გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით გ. ი-ს, – - – ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი; გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ი-ისა და ა. მ–ის ეპიზოდები) – 1-1 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) – 2 წლით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 4 სექტემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორმა ნანა ჯაყელმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო ადვოკატმა ვ. მ-ემ – სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: გ. ი-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი; გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ი-ისა და ა. მ-ის ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 4 სექტემბრიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ი-ის დამნაშავედ ცნობას და სასჯელის ზომად საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ი-ისა და ა. მ-ის ეპიზოდები) – 1-1 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობისა და 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთის, სასჯელის საბოლოო ზომად კი, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს როგორც პირველი, ისე – სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას გ. ი-ის ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად ამოურიცხეს მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი. კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ი-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით განსაზღვრულმა სასჯელმა – 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ შთანთქა სსკ-ის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ივლისისა და იმავე წლის 20 ივლისის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 და 120 საათით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით შეიცვალა ჯარიმით და გ. ი-ს განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 1000 ლარი და გ. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 4 დეკემბრიდან. როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 3 თებერვლის №---- წერილით (ტ. მე-2, ს.ფ. 37) ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენი აღსრულებულია და ჯარიმის თანხა – 1000 ლარი 2017 წლის 19 დეკემბერს გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულია არაერთგზისი დანაშაულის ცნება, კერძოდ: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირს წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამდენად, გ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 111,1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლობა ახალი დანაშაულის ჩადენის დროს გაქარწყლებული ჰქონდა, რის გამოც სასამართლოებმა წარდგენილი ბრალდებიდან სწორად ამოურიცხეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.
5. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ი-ისათვის სასჯელის შემცირებას არა აქვს კანონიერი გამართლება და აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ი-ის ქმედებაში არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება – დანაშაულის რეციდივი და რეციდივის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრის სავალდებულო წესების მხედველობაში მიღების გარეშე შეუფარდა მას სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მდგომარეობს შემდეგში: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 ივნისის №--- გადაწყვეტილებით გ. ი. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან 5 თვითა და 4 დღით ადრე – 2017 წლის 30 ივნისს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ი-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თარიღიდან (2017 წლის 30 ივნისიდან) ნასამართლობის გაქარწყლებამდე განსაზღვრული სამწლიანი ვადა გასულია 2020 წლის 30 ივნისს და, ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს – 2020 წლის სექტემბერში მას ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, შესაბამისად, სასჯელის შეფარდებისას მასზე არ უნდა გავრცელებულიყო რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის განსხვავებული წესი.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ მსჯელობას და გ. ი-ის ქმედებაში გამოკვეთილ დანაშაულის რეციდივსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით აღნიშნავს შემდეგს:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე – დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
9. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა ან თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
10. ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლობის გაქარწყლების ვადები დალაგებულია სასჯელთა სიმძიმის ზრდადობის მიხედვით და განსაზღვრულია, რომ ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალა პირობითად) – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული აქვს ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა) – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა (მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობითად) ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მაგალითად: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით), ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №691აპ-21, №516აპ-22).
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახე არ შეცვლია უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, არამედ მხოლოდ სასჯელის მოხდის ფორმა შეეცვალა პირობითი მსჯავრით, გაცილებით ადრე დაეწყება ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა, ვიდრე იმას, ვისაც თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მაგალითად: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით), რაც, ერთი მხრივ, უსამართლოა, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, სასჯელების სიმძიმის ზრდადობის მიხედვით დალაგებულ, ნასამართლობის გაქარწყლებისათვის მკაფიოდ დადგენილი ვადების გამოთვლის წესს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერად გაუმართლებელია სასჯელის ფაქტობრივად მოხდის იმგვარად განმარტება, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინება დაიწყოს მანამ, სანამ სასჯელი ფაქტობრივად არ დასრულებულა და არსებობს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მოუხდელი სასჯელის აღსრულების რეალური შესაძლებლობა.
12. სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ნასამართლობის გაქარწყლების ორგვარ წესს: სასჯელის დასრულებისთანავე (პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლისას) და სასჯელის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – დანაშაულების სიმძიმის მიხედვით, სასჯელის მოხდიდან – 3, 6 და 8 წლის შემდეგ), მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევა დაკავშირებულია სასჯელის დასრულებასთან და ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ნასამართლობის გაქარწყლების ვადა მიედინებოდეს დაუსრულებელი სასჯელის პარალელურად.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. გ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 4 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით იგი 2017 წლის 30 ივნისს გათავისუფლდა პირობით ვადამდე – 5 თვითა და 4 დღით ადრე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა გ. ი-მა, რომელსაც მისჯილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემდეგ განაგრძო პირობითად ჩათვლილი სასჯელის მოხდა, რომლის გამოსაცდელი ვადა, თანახმად თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 3 დეკემბრის ცნობისა და იმავე წლის 4 დეკემბრის შეტყობინებისა (ტ. 1-ლი, ს.ფ. 130-131), დაუსრულდა 2019 წლის 3 დეკემბერს. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ გ. ი-ს, რომელსაც მხოლოდ სასჯელის ნაწილი ჰქონდა ჩათვლილი პირობითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის სრულად მოხდიდან – 2019 წლის 3 დეკემბრიდან სამი წლის შემდეგ – 2022 წლის 3 დეკემბერს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს – 2020 წლის სექტემბერში, რომლისთვისაც იგი ამჟამად მსჯავრდებულია, წინა ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული არ ჰქონია.
14. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვისა და მათი ობიექტური ანალიზით საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გ. ი-ის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება – დანაშაულის რეციდივი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
16. ზემოთ განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 58-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. ი-ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ი-ისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
4. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ი-ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ა. მ-ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და გ. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
10. მსჯავრდებულ გ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის, ასევე – სასჯელის მოხდის პერიოდი – 2021 წლის 4 სექტემბრიდან 2022 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით;
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე