Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№280აპ-22 9 ნოემბერი, 2022 წელი

მ-ი ა., 280აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – ვლადიმერ თურმანიძის

ადვოკატ – მ. პ-ის

მსჯავრდებულ – ა. მ-ის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ა. მ-ი, – -ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· ა. მ-მა, რომელმაც მოიპოვა მ. მ-ის ნდობა, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2018 წლის ივლისში იგი დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა „მერსედეს ბენც GL“ („MERSEDES BENC GL“) მოდელის ავტომანქანის შეძენაში. მეტი დამაჯერებლობისათვის ა. მ-მა მ. მ-ი მოატყუა, რომ ა-ის ავტომანქანების აუქციონზე (კოპარტზე) მიიღებდა მონაწილეობას და „მერსედეს ბენც GL“ („MERSEDES BENC GL“) მოდელის №- ვინკოდის ავტომანქანას სასურველ ფასად შეუძენდა, რისთვისაც მ. მ-ს, საქართველოში ტრანსპორტირების ჩათვლით, ჯამურად უნდა გადაეხადა 15 923 აშშ დოლარი.

· ა. მ-ის სიმართლეში დარწმუნებულმა მ. მ-მა, მისი მითითებით, სს -ში“ ქ. კ-ას საბანკო ანგარიშზე შემოაღნიშნული ავტომანქანის შესაძენად 2018 წლის 9 ივლისს ჩარიცხა 6 423 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 11 ივლისს – 9 500 აშშ დოლარი. ქ. კ-ამ მ. მ-ის მიერ ჩარიცხული 15 923 აშშ დოლარი 2018 წლის 11 ივლისს ბ-ი მდებარე „ს---იდან“ გამოიტანა და გადასცა ა. მ-ს, რომელმაც თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა ჯარიმა – 8 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 1 000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 7 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა: ა. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – პროკურორი ირაკლი დონდოლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას: ა. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას (საუარესოდ შებრუნების პრიციპით), რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

7. მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. პ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მხარი დაუჭირა პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. დამატებით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ანალოგიურ ფაქტებზე ა. მ-ის მიმართ, ერთ-ერთ მათგანზე კი ამა წლის 4 ნოემბერს სასამართლომ უკვე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

9. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანის ნაწილი – 5000 აშშ დოლარი. მათ ითხოვეს საქმის გადადება სხვა დროისათვის და მსჯავრდებულისათვის კიდევ ერთხელ ვადის მიცემა, რათა მან შეძლოს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რის შესახებაც პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. მ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს არა მხოლოდ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, არამედ – ჩადენილი დანაშაულის სახე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე – სამართლიანობის აღდგენას. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

4. მსჯავრდებულ ა. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, მხოლოდ დანაშაულის აღიარება, ნასამართლობის არქონა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ა. მ-ისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – 7000 ლარი ჯარიმის (დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით) განსაზღვრისათვის.

6. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს, რომ ა. მ-მა ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული, რის შედეგადაც არსებითად დაზიანდა დაზარალებულის ინტერესები, რომელმაც უარი განაცხადა ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე და ითხოვა მისთვის მიყენებული დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურება, რასაც მსჯავრდებული გულგრილად ეკიდება. მართალია, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და დაცვის მხარემ სასამართლოს განუცხადა, მიყენებული ზიანის ნაწილი – 5000 აშშ დოლარი მსჯავრდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა, მაგრამ დანაშაულის ჩადენიდან დღემდე გასულია ოთხ წელზე მეტი, დაზარალებულ მ. მ-ს თანხა – 1000 აშშ დოლარი ბოლოს ჩაერიცხა 2020 წლის დეკემბერში, მას შემდეგ კი მსჯავრდებულს აღარ უცდია, რომ მიყენებული ზიანის თუნდაც მცირე ნაწილი მაინც აენაზღაურებინა დაზარალებულისათვის.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ჯარიმა ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. მსჯავრდებულისათვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნა ვერ იქცა შემაკავებელ ფაქტორად, რათა მას არ ჩაედინა სხვა, ანალოგიური მართლსაწინააღმდეგო ქმედება (რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამა წლის 4 ნოემბერს გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი). საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული არასაპატიმრო სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ წარმოადგენს მასზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ჯარიმა უნდა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 3 მაისიდან 2019 წლის 7 მაისის ჩათვლით;

5. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე