Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-618-03 25 სექტემბერი. 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ვ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი შვილების ე. და რ. ს-ების უღირს მემკვიდრეებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეები არიან მისი შვილები პირველი ქორწინებიდან. გარდა ამ ორი შვილისა მეორე ქორწინებიდან კიდევ შეეძინა ორი შვილი ი. ვ-ი დაბადებული 19... წელს და ვ. დაბადებული 19.... წელს. თვითონ არის ავადმყოფი, უმუშევარი, უფროსი შვილები ყურადღებას არ აქცევენ, სურთ აკრძალული ხერხებით დაეპატრონონ მის ქონებას, აბუჩად იგდებენ უმცროს და-ძმას, მიაჩნია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მოპასუხეები უმცროს და-ძმას არ გაახარებენ, შეავიწროვებენ და ქუჩაში გაყრიან. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დასაბუთებულობის არავითარი მტკიცებულებები არა აქვს; მას ერთი მიზანი ამოძრავებს უღირს მემკვიდრედ აღიაროს შვილები და ამის შემდეგ დაწეროს ანდერძი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ოქტრომბრის გადაწყვეტილებით ბ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ ავადმყოფი დედისა და დისათვის ყურადღების მიუქცევლობა და მათთან კონფლიქტური სიტუაციის არსებობა არ შეიძლება გახდეს მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი, რადგან სკ-ს 1310-ე მუხლით ზუსტად არის განსაზღვრული კანონისმიერი მემკვიდრე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს უღირს მემკვიდრედ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით ბ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცება იმისა, რომ ე. და რ. ს-ები ხელს უშლიდნენ მას უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდნენ თავის წილის გაზრდას სამკვიდროში, აღნიშნული გარემოებების დადგენის გარეშე კი სკ-ს 1310-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეები არ შეიძლება ცნობილ იქნენ უღირს მემკვიდრეებად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ვ-მა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეები ცდილობენ მისი უკანასკნელი ნება-სურვილი გააუქმონ, გაანადგურონ, არაერთხელ გაქურდეს. 14 წელია არ ელაპარაკებიან, მტრულად არიან განწყობილნი მის მიმართ, მარტო მისი ქონება უნდათ და უკანონოდ ეუფლებიან კოდეც.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებები დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სკ-ს 1310-ე მუხლში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ბელა ვასილიადის მოთხოვნა. გარდა ამისა, პალატა განმარტავს, რომ უღირს მემკვიდრედ ცნობის საკითხი არ შეიძლება დააყენოს მამკვიდრებელმა თავის სიცოცხლეში, რადგან სკ-ს 1312-ე მუხლში მოცემულია იმ პირთა ჩამონათვალი, თუ ვინ შეიძლება დასვას სასამართლოში უღირს მემკვიდრედ ცნობის საკითხი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ეს არის პირი, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს. ასეთ პირთა რიცხვს არ განეკუთვნება მამკვიდრებელი, რომლის სიცოცხლეში უღირს მემკვიდრედ პირის აღიარებას არ ექნება ქონებრივი შედეგი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლი და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.