Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №784აპ-22 თბილისი

გ-ი რ., 784აპ-22 22 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

· რ. გ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

· რ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 9 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. გ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 9 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება. რ. გ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 9 ივლისიდან.

2. განაჩენის მიხედვით, რ. გ-ს მსჯავრი დაედო:

ü ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში;

ü სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2011 წლის 12 ოქტომბერს სს “ლ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით რ. გ-ი დაინიშნა სს “ლ. ბ-ის“ ბ-ის №- სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციაზე. 2016 წლის პირველ ივლისს სს “ლ. ბ-სა“ და რ. გ-ს შორის გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, რ. გ-მა გააგრძელა მუშაობა ბ-ის №- სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციაზე;

o 2018 წლის პირველ ოქტომბერს სს “ლ. ბ-სა“ და რ. გ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, რ. გ-ს იმავდროულად დაეკისრა ბ-ის №- სერვისცენტრის უფროსი მოლარე-ოპერატორის ფუნქციების შესრულება;

o სს “ლ. ბ-ის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით რ. გ-ის სამუშაო პოზიციის დასახელება შეიცვალა საოპერაციო მენეჯერის სახელწოდებით;

o რ. გ-მა, როგორც სს “ლ. ბ-ის“ ბ-ის №- სერვისცენტრის მენეჯერმა, ამავე სერვისცენტრის სხვადასხვა თანამშრომლის მეშვეობით/მონაწილეობით 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი და საანგარიშსწორებო დოკუმენტები, კერძოდ: ანაბრის გახსნისა და დახურვის ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები და სს “ლ. ბ-ის“ მეანაბრეების/კლიენტების საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, რითაც დაირღვა სს “ლ. ბ-ის“, როგორც საკრედიტო/ფინანსური ინსტიტუტისა და სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის კანონიერი ინტერესები;

o რ. გ-ს შრომითი ხელშეკრულებებითა და სს “ლ. ბ-ის“ დირექტორთა საბჭოს მიერ (სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა უფლებამოსილი პირების მიერ) დამტკიცებული „ბანკის კორპორაციული სახელმძღვანელოების“ თანახმად, ევალებოდა: ხელი მოეწერა მისი სტრუქტურული ერთეულის სახელით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, იმ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც დელეგირებული ჰქონდა უფლებამოსილება; დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და გამოვლენილ დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება; დაეცვა მომსახურების დადგენილი სტანდარტები და თანამშრომლებისგან მოეთხოვა ბანკში დადგენილი კლიენტთა მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა; არ დაედასტურებინა შესრულებული ოპერაციები, თუ წარმოდგენილი არ იქნებოდა ყველა საჭირო დოკუმენტი და დაეცვა კლიენტის იდენტიფიკაციის სტანდარტი საბანკო ოპერაციის განხორციელებამდე; უზრუნველეყო ჩატარებული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების კონტროლი; თავისი საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება და ბანკის მოსამსახურეების მიერ პროფესიული ეთიკის დაცვის კონტროლი; დასაქმებულთა საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების, ბანკის შიგა ინსტრუქციების, ბანკის კორპორაციული სახელმძღვანელო და კორპორაციული ქცევის ნორმების, ბანკის სხვა შიგა ნორმატიული დოკუმენტების ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მითითებების დაცვა და შესრულება; ბანკის მატერიალური ფასეულობების (ნაღდი ფული, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნაწარმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, ბანკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნებისმიერ უძრავი და მოძრავი ქონება და ა.შ.) მოფრთხილება და სრული მატერიალური პასუხისმგებლობის აღება ბანკისათვის ზიანის/ზარალის მიყენების შემთხვევაში, რაც არ შემოიფარგლება ბანკის კუთვნილი მატერიალური ან/და არამატერიალური ქონების გაუფრთხილებლობით ან განზრახ დაზიანებით/დაკარგვით ან/და განადგურებით;

o მიუხედავად აღნიშნულისა, რ. გ-მა უგულებელყო ზემოაღნიშნული მოთხოვნები და 2015 წლის ივნისიდან 2021 აპრილის ჩათვლით პერიოდში ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვათა მეშვეობით/მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, სს “ლ. ბ-ის“ კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რითაც დაზარალებულს მიაყენა: 2467667.05 ლარის, 180480.27 აშშ დოლარისა და 80000 ევროს ზიანი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ადილარ წირღვავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და რ. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენების გარეშე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და რ. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენების გარეშე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და რ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ამასთან, სააპელაციო პალატამ რ. გ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენების გარეშე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი (მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პრაქტიკაზე მითითებით), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე