Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1082აპ-22 ქ. თბილისი

გ-ა მ., 1082აპ-22 25 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძისა და მსჯავრდებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ-ას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ რ-ი, ნ-ს უბანში, თავის საცხოვრებელ სახლში, მ. გ-ამ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, იმ მიზეზით, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ქ-ას გაკეთებული ჰქონდა სვირინგი, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის – ე. გ-ას თანდასწრებით, იძალადა მასზე, კერძოდ, ჯერ მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ ორივე ხელს ურტყამდა სახეში და მუშტი ჩაარტყა თავში. ნ. ქ-ამ სცადა სახლიდან წასვლა, რა დროსაც მ. გ-ამ მას მკლავზე მოუჭირა ხელი და ძალის გამოყენებით შეიყვანა სახლში, თან ურტყამდა სახეში. მ. გ-ას მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ. ქ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო აღნიშნულის შემსწრე არასრულწლოვან ე. გ-ას მიადგა მორალური ზიანი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით მ. გ-ას, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე; მ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 11 აგვისტოდან 2021 წლის 17 მარტის ჩათვლით და საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა მოვალეობები: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; ჩაერთოს ძალადობრივი ქცევის პრევენციის შესაბამის პროგრამაში; გაიაროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ-პროგრამა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2020 წლის 10 აგვისტოს, ზ-ის რაიონის სოფელ რ-ი, ნ-ს უბანში, თავის საცხოვრებელ სახლში, მ. გ-ამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იმ მიზეზით, რომ მისი თხოვნა უგულებელყო და სახლში მივიდა ისე, რომ არ მოიშორა სვირინგი, იძალადა ნ. ქ-აზე, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: ჯერ ხელი დაარტყა სახის არეში; ნ. ქ-ამ სცადა სახლიდან წასვლა, რა დროსაც მ. გ-ამ მას მკლავზე მოუჭირა ხელი და ძალის გამოყენებით შეიყვანა სახლში. მ. გ-ას მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ. ქ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, მ. გ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის და სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო დაცვის მხარე – განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. გ-ასათვის 7 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც ჩაეთვლება მოხდილად ან მისთვის სასჯელის უფრო მსუბუქი სახისა და ზომის შეფარდებას, ასევე – საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შეზღუდვების გაუქმებას, დანარჩენ ნაწილში კი – განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №663აპ-22, №437აპ-22, №76აპ-22), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).

10. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მ. გ-ასათვის წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება და მისი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

11. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას, ითვალისწინებს როგორც დაზარალებულ ნ. ქ-ას, ისე – მოწმეთა ჩვენებებს და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. გ-ას მსჯავრდებისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აგრეთვე არ დასტურდება ძალადობის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამბულატორიულ, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 26 ოქტომბრის №- დასკვნასა და მოწმე თ. ჭ-ს ჩვენებას, რომელთა თანახმად, ე. გ-ას, მცირეწლოვანი ასაკისა და ასაკობრივი ინფანტილიზმის გამო, არ შეუძლია, სწორად აღიქვას, შეიმეცნოს მის გარშემო მომხდარი ქმედებები, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა ისინი და მისი შედეგები. გარდა ამისა, მ. გ-ამ (რომელმაც აღიარა ძალადობის ჩადენა) სასამართლოს განუმარტა, რომ დარტყმის დროს ბავშვი უკვე ჩაყვანილი ჰყავდა ახლობელს.

13. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დამნაშავის რესოციალიზაცია. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, ენიჭება თუ არა სასჯელის რომელიმე მიზანს პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს სასჯელის მიზნის პრიორიტეტულობა. სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული იქნება. ქმედების სიმძიმის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის ბრალეულობა და ის ზიანი, რაც მის ქმედებას მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და მ. გ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და რომლის შემსუბუქების ან სასჯელის სხვა, უფრო მსუბუქი სახით შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია. რაც შეეხება ადვოკატ ს. ჯ-ას საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, ისინი სასამართლომ უკვე გაითვალისწინა და სწორედ მათზე დაყრდნობით თავისუფლების აღკვეთა ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაასაბუთა საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მოვალეობების დაკისრების აუცილებლობა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძისა და მსჯავრდებულ მ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე