საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №616აპ-22 თბილისი
კ-ა კ., 616აპ-22 14 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. კ-ასა და ლ. ბ-ის ადვოკატების - გ. ნ-ისა და გ. ტ-ის, ასევე, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
ü კ. კ-ას ბრალი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და ქურდული სამყაროს წევრობაში;
ü ლ. ბ-ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ქურდული სამყაროს წევრობაში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o კ. კ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 0.6174 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც 2020 წლის 17 ივლისს უკანონოდ ინახავდა თ-ში, ჯ-ის ქუჩა №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე;
o კ. კ-ა აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, ასევე, დანაშაულებრივი კავშირში აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრ ლ. ბ-თან;
o 2018 წლის ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კ. კ-ა ასრულებდა „კანონიერი ქურდის“ - ლ. ბ-ის დავალებებს, რომელიც იმ პერიოდში იყო ე-ის ს-ს ქალაქ მ-ს ციხეში, ხოლო მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი „ქურდულ სამყაროში“ იყო ლ. ბ-ი, როგორც „ქურდული სამყაროს წევრი“.
o 2018 წლის ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კ. კ-ა და ლ. ბ-ი „ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტის - „კანონიერ ქურდ“ ლ. ბ-ის დავალებით, ცდილობდნენ ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული 49-წლიანი იჯარის ხელში ჩაგდებას, რის გამოც უკავშირდებოდნენ მიწის ნაკვეთის მეწილეებს და ქურდული სამყაროს ავტორიტეტების მეშვეობით ცდილობდნენ, მესაკუთრეებს დაეთმოთ წილები;
o 2018 წლის ივლისში ლ. ბ-მა და კ. კ-ამ ქურდული სამყაროს ავტორიტეტების გამოყენებით, ე.წ. „თავანის“ ჩაბარების მოტივით, კ. კ-ას „ა-ის“ ანგარიშზე 1700 ლარი ჩაარიცხვინეს გ. გ-ს (მეტსახელად „ჩ-ს“);
o ლ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი MP-79-9TM მოდელის №- პისტოლეტი, რომლის კონსტრუქციაში შეტანილია ცვლილება და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრიანი 8 ვაზნა, რომლებსაც 2020 წლის 17 ივლისს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ-ში, დ-ის მასივის მე-- კვარტალში, მე-- კორპუსში მდებარე №- მის დროებით საცხოვრებელ ბინაში;
o 2018 წლის აგვისტოში „კანონიერ ქურდ“ ლ. ბ-ის ძმამ - ლ. ბ-მა, მისივე დავალებითა და სხვა პირთა დახმარებით, პ. პ-ი აიძულა, მათთვის გადაეცა 20000 ლარი, რაც ლ. ბ-ს გადასცა თ. ქ-ემ. აღნიშნული თანხა ლ. ბ-მა, ლ. ბ-ის მითითებით, გაუნაწილა სხვადასხვა პირს;
o 2018 წლის სექტემბერში „კანონიერ ქურდ“ ლ. ბ-ის დავალებით, ლ. ბ-მა სხვა პირებთან ერთად ე.წ. ქურდული წესებისა და ავტორიტეტის გამოყენებით მოაგვარა დავა ერთ-ერთი მაღაზიის პრობლემურ წილზე, რის სანაცვლოდაც მიიღო 20000 ლარი. დავის გადაწყვეტისას ლ. ბ-ი იყენებდა „კანონიერ ქურდ“ ლ. ბ-ის გავლენასა და ავტორიტეტს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით:
· კ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· კ. კ-ა, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ას განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 17 ივლისიდან;
· კ. კ-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
· ლ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. ბ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2020 წლის 17 ივლისიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულების - კ. კ-ასა და ლ. ბ-ის ადვოკატებმა - გ. ნ-მა, გ. ტ-მა და ა. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. კ-ასა და ლ. ბ-ის სრულად გამართლება;
− თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იოსებ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და კ. კ-ასა და ლ. ბ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულების - კ. კ-ასა და ლ. ბ-ის ადვოკატებმა - გ. ნ-მა და გ. ტ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და კ. კ-ასა და ლ. ბ-ის გამართლებას;
− თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და კ. კ-ასა და ლ. ბ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7. მსჯავრდებულების - კ. კ-ასა და ლ. ბ-ის ადვოკატები - გ. ნ-ი და გ. ტ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ, რომ ბრალების მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულთა ადვოკატების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - კ. კ-ასა და ლ. ბ-ის ადვოკატების - გ. ნ-ისა და გ. ტ-ის, ასევე, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე