¹ ბს-1483-1203-კ-04 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 21 ოქტომბერს გ. ც-ემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გ. ც-ე პენსიაში გასვლის დროს მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 121 ლარსა და 57 თეთრს. აღნიშნული ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი განაკვეთისგან _ 34,5 ლარის, სპეციალური წოდებისგან _ 10,19 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატისგან _ 17,88 ლარი და სასურსათო ულუფის ღირებულებისგან _ 59 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულების 55-ე, 75-ე მუხლებისა და 1999წ. ¹706 ბრძანებულების 29-ე, 44-ე მუხლების თანახმად, პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით, მას ერთდროული დახმარების სახით ეკუთვნოდა ბოლო 10 თვის სრული ხელფასი _ 1215,7 ლარი. მოსარჩელეს, ფაქტობრივად, მიღებული ჰქონდა ხელფასის ნაწილი _ 446,9 ლარი და მისაღები დარჩა 769,8 ლარი, თუმცა მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად, აღნიშნული თანხის მიცემაზე მოპასუხე უარს ეუბნებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გ. ც-ემ სარჩელით ითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 768,8 ლარის დაკისრება.
მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ სრულად მიიღო ერთდროული დახმარება, ხოლო მიუღებელ თანხას შეადგენდა მხოლოდ კვების ულუფა, რაც ხელფასის ცნებაში არ იგულისხმებოდა. გარდა ამისა, “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლში 2000წ. ივნისში შეტანილი ცვლილების საფუძველზე და სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით გათვალისწინებული ერთდროული დახმარების მიუღებელი თანხის _ 769,8 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლის თანახმად, გ. ც-ეს ერთდროული დახმარების სახით ეკუთვნოდა უკანასკნელი 10 თვის ხელფასის სრული ოდენობა, რომელშიც შედიოდა კვების ულუფაც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება დაამყარა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლში 2000წ. ივნისში შეტანილმა ცვლილებამ გააუარესა მოსარჩელის მდგომარეობა, მას უკუქმედების ძალა არ ჰქონდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგანაც აღნიშნული ნორმა ვრცელდებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, გ. ც-ე კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდა არა ხელშეკრულების, არამედ დანიშვნის საფუძველზე, სკ-ის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენდა 10 წელს და შესაბამისად, გ. ც-ის სარჩელი ხანდაზმული არ იყო.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ხანდაზმულობის ზოგადი ათწლიანი ვადა და არ გამოიყენა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორის განმარტებით, სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა აღნიშნა, რომ, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კასაციის საფუძვლები, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხოლო საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დამატებით ითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებული სამართლის ნორმების გამოყენების კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, გამომდინარეობდა, თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა იმავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ნაცვლად, რომ სამართლებრივად სრულყოფილად ვერ დაასაბუთა ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების მართებულობა, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.