საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№785აპ-22 ქ. თბილისი
მ-ე ზ-ბ, 785აპ-22 24 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ს. ი-ას, ა. ბ-სა და ჯ. ქ-ეს ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-ეს ბრალად ედებოდა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 19 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, ჭ-ისა და გ-ის ქუჩების მიმდებარედ, ს. ი-ა ჯგუფურად – ა. ბ-თან, ჯ. ქ-ესა და ზ. მ-ესთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე – ზ. მ-ის მიერ დანის დემონსტრირებით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, „ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ. ნომრით – -, თავს დაესხა ტაქსის მძღოლს – ნ. ვ-ეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ნ. ვ-ემ ავტომანქანა გააჩერა პოლიციის შენობასთან, აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
· 2020 წლის 15 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, ხ-ის ქ. №--ში მდებარე მაღაზიაში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ზ. მ-ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად –ჯ. ქ-ესთან ერთად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი. მ-ის კუთვნილ ფულად თანხას – 200 ლარს და ნ. პ-ის კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით: ს. ი-ა, – - ნასამართლობის არმქონე; ა. ბ-ი, - ნასამართლობის არმქონე და ჯ. ქ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ზ. მ-ე, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ზ. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 დეკემბრიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2020 წლის 15 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქ. №--ში მდებარე მაღაზიაში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ზ. მ-ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი. მ-ის კუთვნილ ფულად თანხას – 200 ლარს და ნ. პ-ის კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ს. ი-ას, ჯ. ქ-ის, ა. ბ-ისა და ზ. მ-ის დამნაშავეებად ცნობა წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით და მათთვის სამართლიანი, კანონიერი და მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
8. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ-ე და გამართლებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ-ე შესაგებლებით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ზ. მ-ის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულების – ი. მ-სა და ნ. პ-ის ჩვენებები, ამოცნობის ოქმები, ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმები, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. მ-ემ ნამდვილად ჩაიდინა ძარცვა სხვა, ამოუცნობ პირთან ერთად.
12. რაც შეეხება ს. ი-ას, ა. ბ-ისა და ჯ. ქ-ის, ასევე – ზ. მ-ის ბრალეულობას ყაჩაღობის ნაწილში, პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი მათ ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ. კერძოდ: დაზარალებულმა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ივარაუდა მის წინ მჯდარი პირის მხრიდან სავარაუდო დანის დანახვება და ფულის მოთხოვნა, თუმცა იმავდროულად განმარტა, რომ მის ავტომანქანაში მსხდარი მგზავრები (ბრალდებულები) ხედავდნენ ფულს, რომელიც მანქანის ღია სივრცეში იდო, მაგრამ „არ აიღეს“. მართალია, ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმეების – გ. ს-სა და თ. ა-ის ჩვენებებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება ჯ. ქ-ის, ა. ბ-ის, ს. ი-ასა და ზ. მ-ის დაზარალებულ ნ. ვ-ის ტაქსიში ჯდომის ფაქტი და დაზარალებულმაც ამოიცნო მგზავრები, მაგრამ თავად ბრალდებულებმაც არ უარყვეს დაზარალებულის ავტომანქანით გადაადგილება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად მხოლოდ ის დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ ნ. ვ-ის მანქანაში, მანქანიდან მათ ჩამოსვლასა და გაქცევას კი სასამართლო ვერ მიიჩნევს ყაჩაღობის ჩადენის უტყუარ მტკიცებულებად.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ. ქ-ის, ს. ი-ას, ა. ბ-ისა და ზ. მ-ის (ყაჩაღობის ნაწილში) დამნაშავეებად ცნობისათვის, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ და გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პრკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე