Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1030აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი მ-ა, 1030აპ-22 9 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით მ. ა-ი, – - ნასამართლობის არმქონე, და მ. მ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2021 წლის 15 იანვრიდან. მათვე 10-10 წლით ჩამოერთვათ საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5-5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-მა და მ. მ-მა ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

§ 2021 წლის 15 იანვარს, 19:50 საათზე, გ-ის რაიონში, ფ-ის საავტომობილო გზის მე-- კმ-ზე, მ. ა-ი პირადად უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ, 12,68 გრამ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

§ 2021 წლის 15 იანვარს, 19:51 საათზე, გ-ის რაიონში, ფ-ის საავტომობილო გზის მე-- კმ-ზე, მ. მ-ი პირადად უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ, 3,82 გრამ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი დ. ნ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმებას, მ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს საქმეებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №73აპ-13, №521აპ-15, №470აპ-17, №671აპ-22 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების – ი. გ-ას, პ. მ-ის, ს. შ-ის, მ. მ-ისა და სხვათა ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 16 იანვრის №- დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 19 მაისის №- დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლებმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს მ. მ-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების პროცედურა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს გამომძიებელთა მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. მ. მ-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ხელმოწერილია მონაწილე ყველა პირის, მათ შორის – მ. მ-ის მიერ.

8. ამდენად, არსებობს: მოწმე პოლიციელების თანმიმდევრული, თანხვდენილი, ურთიერთთავსებადი ჩვენებები (რომლებმაც დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს მოვლენები), რომელთა ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია; ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით არ დასტურდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე აღნიშნულის დასადასტურებლად. შესაბამისად, ადვოკატის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მ. მ-ის მიმართ უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

9. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხებზე, რომლებზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას და კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). ამასთან, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე