საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №618აპ-22 თბილისი
პ-ი ტ-ნ, 618აპ-22 2 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდებების შესახებ დადგენილებების თანახმად, ტ. პ-სა და შ. დ-ეს ბრალი დაედოთ ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - ქ-ის პოლიციის დეპარტამენტის წ-ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უმცროსმა ინსპექტორმა ტ. პ-მა და ამავე სამმართველოს საქმის წარმოების ჯგუფის სპეციალისტმა შ. დ-ემ განიზრახეს, - ქ-ის პოლიციის დეპარტამენტის წ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად დაუფლებოდნენ სამსახურის ბალანსზე არსებულ პერსონალური კომპიუტერის პროცესორებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით:
o 2019 წლის პირველ ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. წ-ში, --ის ქუჩის №--ში მდებარე შს სამინისტროს - ქ-ის პოლიციის დეპარტამენტის წ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან, ტ. პ-ი და შ. დ-ე ფარულად დაეუფლნენ სამსახურის ბალანსზე არსებული, 150 ლარად ღირებული, „ელჯის“ (LG) ფირმის, ერთი, შავი პერსონალური კომპიუტერის პროცესორს, რომელიც ამოიღეს შსს წ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებული შ. დ-ის სამუშაო ოთახიდან;
o 2019 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, წ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან ტ. პ-ი და შ. დ-ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სამსახურის ბალანსზე არსებული 150 ლარად ღირებული, „ელჯის“ (LG) ფირმის, ერთი, შავი პერსონალური კომპიუტერის პროცესორს, რომელიც ამოიღეს ქ. წ-ში, გ-ის ქუჩის №--ში მდებარე შ. დ-ის სახლიდან და 70 ლარად ღირებული, „ფუჯიცუ სიმენსის“ (FUJITSU SIEMENS) ფირმის, ერთი, თეთრი კომპიუტერის პროცესორს, რომელიც ამოიღეს ქ. წ-ში, ა-ის ქუჩის №--ში მდებარე რ. ქ-ის სახლიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით ტ. პ-ი, - დაბადებული - წელს და შ. დ-ე, - დაბადებული - წელს, - ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. მათვე განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ტ. პ-ისა და შ. დ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ტ. პ-ისა და შ. დ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით.
7. გამართლებულების - ტ. პ-ისა და შ. დ-ის ადვოკატები - თ. ს. და გ. ლ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ტ. პ-ისა და შ. დ-ის ბრალეულობას მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ კონსტანტინე ცაცუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე