საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №998აპ-22 ქ. თბილისი
ს-ი ვ-ო, 998აპ-22 8 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ვ. ს-სა და ს. ბ-ს ბრალად დაედოთ მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია პირთა ჯგუფის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ს. ბ-მა და ვ. ს-მა ს-ს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე ვ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, ჯგუფურად, აქციზური მარკის გარეშე შეინახეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი – 292 525,6 ლარად ღირებული 75 004 კოლოფი „Richman-ის“ „Malimbo-ს“ მარკის თამბაქოს ნაწარმი. აღნიშნული უაქციზო სიგარეტიდან 4 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ვ. ს-მა 2019 წლის 3 დეკემბერს, ნიმუშის სახით, გადასცა მ. დ-ეს, ხოლო დარჩენილი უაქციზო საქონელი ვ. ს-მა და მ. ბ-მა 2019 წლის 4 დეკემბერს 135 000 ლარად მიჰყიდეს საქმეში ოპერატიულად ჩართულ პირს – მ. დ-ეს. უაქციზო ნაწარმი ნახეს და ამოიღეს 2019 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ს. ბ-ი, – დაბადებული -- წელს, ნასამართლევი, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ამავე განაჩენით ვ. ს-ი, – დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 27 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· ვ. ს-მა ს-ოს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში აქციზური მარკის გარეშე შეინახა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი – 292 525,6 ლარად ღირებული 75 004 კოლოფი „Richman-ის“ „Malimbo-ს“ მარკის თამბაქოს ნაწარმი. აღნიშნული უაქციზო სიგარეტიდან 4 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ვ. ს-მა 2019 წლის 3 დეკემბერს, ნიმუშის სახით, გადასცა მ. დ-ეს, ხოლო დარჩენილი უაქციზო საქონელი 2019 წლის 4 დეკემბერს 135 000 ლარად მიჰყიდა საქმეში ოპერატიულად ჩართულ პირს – მ. დ-ეს. უაქციზო ნაწარმი ნახეს და ამოიღეს 2019 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მანანა თანდაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ს. ბ-ისა და ვ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელების განსაზღვრას ამ მუხლის სანქციის ფარგლებში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
8. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულებმა ჯგუფურად ჩაიდინეს დანაშაული, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატა ს. ბ-ის გამართლებას, ხოლო ვ. ს-ის ქმედების – სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც, მტკიცებულებებით დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლივად, გამორიცხავს ს. ბ-ის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, ხოლო ვ. ს-ის მხრიდან – მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვასა და რეალიზაციას პირთა ჯგუფის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულ ს. ბ-ის სასარგებლოდ, ხოლო ვ. ს-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით.
9. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ს-ისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ვ. ს-ს დაუნიშნა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ს-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ს. ბ-ისა და ვ. ს-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე