საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1007აპ-22 ქ. თბილისი
შ-ა ბ-კ, 1007აპ-22 22 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ც-ის, ტ. მ-ისა და კ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბ. შ-ა, - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ. შ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 თებერვლიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. შ-ამ ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ბ. შ-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3,95 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2021 წლის 8 თებერვალს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. ზ-ში, კ-ას ქუჩაზე, ბ-ი ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. შ-ას პირადი ჩხრეკისას.
· ბ. შ-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და პირადად ატარებდა 1951 წლის ნიმუშის, „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრიან პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე – 9X18 მმ კალიბრიან 8 ცალ საბრძოლო ვაზნას, რაც 2021 წლის 8 თებერვალს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. ზ-ში, კ-ას ქუჩაზე, ბ-ი ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. შ-ას პირადი ჩხრეკისას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატები – გ. ც-ე, ტ. მ-ი და კ. ც-ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. შ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემომითითებული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №283აპ-16, №455აპ-16, №437აპ-21, №536აპ-20, №1030აპ-21). ბ. შ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ლ. ჩ-ის, ი. თ-ის, ნ. რ-ის, გ. ჩ-ის, ე. ფ-სა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
7. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დამცველთა მოსაზრებას, რომ ბ. შ-ას დანაშაული არ ჩაუდენია, პოლიციელებს ჰქონდათ მისი ინტერესი, ამიტომ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (ექსპერტიზების დასკვნებთან, პირადი ჩხრეკის ოქმთან და ა.შ.) და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია. საკასაციო პალატა უთითებს, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე სიტყვა-სიტყვით ერგვაროვნად მიუთითებდეს, აღწერდეს, აწვდიდეს ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც ისინი ფლობენ, მითუმეტეს, როდესაც გამოძიების სტადიაზე გამოკითხვიდან სასამართლოში მოწმედ დაკითხვამდე არ არის მცირე დრო გასული. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელ მოწმეთა ჩვენებების შინაარსის შედარებისას, უმნიშვნელოვანესია იმის შეფასება, ხომ არ არის წინააღმდეგობა იმ ფაქტებს შორის, რომლებიც საბოლოოდ ქმედების დანაშაულად მიჩნევის საფუძველს ქმნიან. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ხსენებული პირები სასამართლოში დაიკითხნენ მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც როგორც თავისუფალი თხრობის, ასევე – დაკითხვის რეჟიმით თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემებს. ბრალდების მხარის მოწმეებმა დეტალურად აღწერეს როგორც საგამოძიებო მოქმედების დაწყება, ისე – მისი მიმდინარეობა და შედეგები, კერძოდ, როდის და სად ჩატარდა ჩხრეკა (რომელიც ტარდებოდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე), ვისგან და კონკრეტულად საიდან ამოიღეს ნივთები, უშუალოდ ვინ მონაწილეობდნენ ამ საგამოძიებო მოქმედებაში და ა.შ.. ამდენად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარისგან საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა; პოლიციელთა ჩვენებები არის სარწმუნო, თანმიმდევრული მტკიცების მთავარ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებებზე და როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს შორის არ იკვეთება იმგვარი არსებითი სახის წინააღმდეგობები, რომლებსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა საქმის საბოლოო შედეგზე. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწმე პოლიციელების დაინტერესებას ბ. შ-ას დაკავებასა და მისთვის დანაშაულის ჩადენის დაბრალებაში.
8. დაცვის მხარე ბ. შ-ას უდანაშაულობის სამტკიცებლად უთითებს მოწმე თ. გ-ას ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ შეესწრო ბ. შ-ას დაკავების პროცესს, უშუალოდ ფაქტი არ უნახავს, მაგრამ ესმოდა ბ. შ-ას ხმა, რომელიც დაკავებისას ამბობდა, რომ „იარაღი მისი არ იყო“ (მსგავს განმარტებას მოწმე არ აკეთებს ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით), ხოლო პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მისი იყო. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მითითებული მოწმის ჩვენება სასამართლოსათვის არადამაჯერებელია, ვინაიდან მას არ დაუნახავს და, შესაბამისად, ვერც უთითებს (აღწერს) პიროვნებაზე, ვინც ბ. შ-ას იარაღი „ჩაუდო“. საკასაციო პალატა უყურადღებოდ არ ტოვებს დაცვის მხარის მოწმის ჩვენების შინაარსს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლივად შეფასებით დაცვის მხარის არგუმენტები ვერ წონის ბრალდების მხარის თანხვდენილ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები) ერთობლიობას და, შესაბამისად, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვებისა და შემდეგ დაკმაყოფილების საფუძველს.
9. კასატორთა პრეტენზიაზე ბ. შ-ას საცხოვრებელი ბინიდან ფულადი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო, ისევე, როგორც სააპელაციო პალატა, მიუთითებს, რომ, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, განსახილველი საქმიდან 2021 წლის 22 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას დადგენილებით (ტ. 1-ლი, ს.ფ. 233-234) ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რომელსაც დაერთო ამ საქმეზე არსებული ყველა ნივთიერი მტკიცებულება. შესაბამისად, ამოღებული თანხების ბედი გადაწყდება ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის -- გადაწყვეტილებით, რომელზეც ასევე აქცენტს აკეთებენ კასატორები, დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.
11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. შ-ამ დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის 8 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ბ. შ-ას მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის პირველ ივლისამდე; ამასთან, საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში.
12. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (რის გამოც მათზე ხელახლა მსჯელობა საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია), რის შედეგადაც ბ. შ-ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილებით; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ც-ის, ტ. მ-ისა და კ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე