Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№709აპ-22 ქ. თბილისი

ჩ-ი ი-ი, 709აპ-22 2 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ჩ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში; მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 19 ივნისს ი. ჩ-ი ქ. ბ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ, 1974 წლის ნიმუშის, „AK-74“ მოდელის, 5,45 მმ კალიბრიან, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატს, ასევე – 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიან 24 ცალ ვაზნას.

· ი. ჩ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 8,67 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ბ-ში, ნ. ბ-ის ქ. №--ში და რომელიც ამოიღეს 2021 წლის 25 ივნისს, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით ი. ჩ-ი, – დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით შეიცვალა: ი. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე- ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 20 ივნისიდან იმავე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ადვოკატი ა. ჩ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ი. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილშიც, საჩივარში მითითებული მოტივებით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ.: №141კოლ-05, №105კოლ-02, №214აპ-03, №382აპ-08) და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. ი. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის – საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა ი. ჩ-ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შესამოწმებლად და რომლის დროსაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით, ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდა ი. ჩ-ის ადვოკატი. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი და მასზე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა. ამასთან, მოწმე ლ. მ-ემ დაადასტურა, რომ 2021 წლის 19 ივნისს ი. ჩ-ს მისივე თხოვნით გაჰყვა ბ-ში, „ლ. ბ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაინახა, თუ როგორ ამოიღო ი. ჩ-მა ავტომატის ფორმის საგანი ეკალბარდებიდან და მას მიაწოდა, რამდენიმე წამში კი უკან გამოართვა და უთხრა, რომ პოლიცია იყო და გაქცეულიყო. მოწმედ დაკითხულმა ოთხივე პოლიციელმა (ი. მ-მა, გ. გ-მა, ზ. გ-მა და გ. ს-ემ), რომელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია, სასამართლოს განუცხადა, რომ გაიგეს იარაღის ჩხაკუნის (გადატენის, დამუხტვის) ხმა. ი. ჩ-ის მითითებით ამოღებული ავტომატის განმუხტვის დროს აღმოჩნდა, რომ მასში მოთავსებული ერთი ვაზნა იყო დამუხტული, გადატენილი, ხოლო მჭიდში მოთავსებული იყო 18 ვაზნა.

8. რაც შეეხება აკრძალული საგნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისათვის ნებაყოფლობით წარდგენას, ამისათვის აუცილებელია ნივთის ნებაყოფლობით ჩაბარების სურვილი და ნივთის დროულად წარმოდგენა. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, ი. ჩ-მა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები თვითონ მიიტანა ბ-ში, ს-ას ქ. №-ში. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა, სამართალდამცავი ორგანოსათვის ისინი კონფლიქტამდე ჩაებარებინა. სურვილის არსებობის შემთხვევაში მას შეეძლო პოლიციასთან დაკავშირება ანდა მისთვის იარაღის ნებაყოფლობით წარდგენა მაშინაც კი, როდესაც მას, ავტომატმომარჯვებულს, პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ. ი. ჩ-ს უბრალოდ სურდა, ავტომატისა და საბრძოლო მასალის სხვა, უფრო საიმედო ადგილას შენახვა. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ი. ჩ-ის მიერ იარაღის გადაგდების ადგილის მითითება სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია გამოძიებასთან თანამშრომლობად და არა – იარაღის ნებაყოფილობით ჩაბარებად.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. ჩ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე