გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-633-03 1 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. დ-ემ 1965 წელს რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად მოიყვანა დ. ც-ე-დ-ე ისე, რომ პირველ მეუღლესთან უ. კ-ე-დ-ესთან ქორწინება შეწყვეტილი არ ყოფილა. 1986 წელს ი. დ-ე გარდაიცვალა, ხოლო მისი პირველი მეუღლე უ. კ-ე გარდაიცვალა 1994 წელს. ამჟამად დ. დ-ე განაგებს ი. დ-ის დანაშთ ქონებას.
ი. დ-ის შვილიშვილმა რ. დ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე დ. დ-ის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელსა და ი. დ-ეს შორის 1965წ. 25 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ეს სარჩელზე, დ. დ-ის მიმართ ი. დ-ესა და დ. დ-ეს შორის ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
მოცემულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. დ-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე რ. დ-ის ბაბუა – ი. დ-ე 1955 წლიდან ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებოდა უ. კ-ესთან. 1965წ. 29 აგვისტოს ი. დ-ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა დ. ც-ე-დ-ესთან, მაგრამ ამ დროს ქორწინება უ. კ-ე-დ-ესთან განქორწინებით არ ყოფილა შეწყვეტილი. ი. დ-ე 1965 წლიდან დ. ც-ე-დ-ესთან ერთად ეწეოდა საკომლო მეურნეობას. 1986წ. 19 თებერვალს გარდაიცვალა ი. დ-ე, რის შემდეგ კომლის უფროსად დარჩა მისი მეუღლე დ. ც-ე-დ-ე და დღესაც აგრძელებს ამ კომლში ცხოვრებას. უ. კ-ე-დ-ე გარდაიცვალა 1994წ. 11 აპრილს. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მტკიცება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ ცნო ბათილად მის ბაბუის ი. დ-ისა და დ. ც-ის ქორწინება მაშინ, როცა ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის ი. დ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უ. კ-ე-დ-ესთან. როგორც ადრე მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 45-ე მუხლისა და ამჟამად მოქმედი სკ-ს 1143-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ ქორწინებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. დ-ის უფლებები სადავო ქორწინების რეგისტრაციით არ დარღვეულა, რადგან, მართალია, მისი ბაბუა ი. დ-ე 1965 წელს ისე გატარდა ქორწინების რეგისტრაციაში დ. ც-ესთან, რომ ქორწინება პირველ მეუღლესთან – უ. კ-ესთან შეწყვეტილი არ იყო, ი. დ-ე თავის მეუღლე დ. ც-ესთან ერთად ცხოვრობდა ცალკე კომლში. ი. დ-ის გარდაცვალების შემდეგ დ. ც-ე დღესაც აგრძელებს აღნიშნულ კომლში ცხოვრებას. ადრე მოქმედი სკ-ს 569-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა იხსნება კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ, ე.ი. ი. დ-ის გარდაცვალებით კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა და მის მემკვიდრეებს რაიმე უფლებები არ წარმოშობიათ.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. დ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
პალატის მიერ არასწორად იქნა გაგებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, სააპელაციო პალატის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა ის გარემოება, რომ 1986 წელს ი. დ-ის გარდაცვალების დროს ძალაში იყო დ. დ-ესთან ქორწინება, აგრეთვე, საკომლო წიგნის მიხედვით, მისი რეგისტრაცია კომლის წევრად ძალაში იყო. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობა არ გაიხსნებოდა.
ი. დ-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები მიიღებდნენ დანაშთი ქონებიდან წილს და 1986 წლიდან ასეთი უფლებით ისარგებლებდა რ. დ-ის მამაც. სააპელაციო პალატამ კი არასწორად ცნო იგი არაუფლებამოსილ პირად დავის საგანზე, მაშინ, როდესაც სკ-ს 1331-ე და 1336-ე მუხლები ანიჭებს მას ასეთ უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. ც-ე და ი. დ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1965 წლიდან. ი. დ-ე დ. ც-ესთან დაქორწინებამდე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უ. კ-ესთან 1953 წლიდან. საქმეში წარმოდგენილია არქივიდან ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ უ. კ-ესთან იყო თუ არა ი. დ-ის განქორწინების შესახებ რაიმე მონაცემები არქივში არ ინახება. ი. დ-ის კომლში მის გარდა რეგისტრირებულია მეუღლე დ. დ-ე. ი. დ-ე გარდაიცვალა 1986წ. თებერვალში, უ. კ-ე კი გარდაიცვალა 1994წ. აპრილში. ი. დ-ის შვილიშვილმა რ. დ-ემ 2002წ. აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. ც-ე-დ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესა და ი. დ-ეს შორის 1965 წელს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ი. დ-ე ისე დაქორწინდა მოპასუხეზე, რომ უ. კ-ესთან განქორწინებული არ იყო.
საქორწინო და საოჯახო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ ქორწინება გაფორმდა დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას, ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მართალია, ი. დ-ისა და დ. ც-ის დაქორწინების მომენტისათვის არსებობდა იმავე კოდექსის მე-18 მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებული მათი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, ი. დ-ე არ იყო განქორწინებული უ. კ-ესთან, მაგრამ ასეთი დაქორწინებით არ დარღვეულა რ. დ-ის ინტერესები. რ. დ-ე სკ-ს 544-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არ ჩაითვლება 1986 წელს გარდაცვლილი ი. დ-ის მემკვიდრედ, რადგან შვილიშვილი კანონით მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. რ. დ-ის მამა – შ. დ-ე კი გარდაიცვალა 1993 წელს კასატორის განმარტების თანახმად. ამდენად, ი. დ-ის გარდაცვალების დროისათვის შვილი პირველი რიგის მემკვიდრე შ. დ-ე ცოცხალი იყო, კასატორის განმარტებით, ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილ შ. დ-ეს თავის დროზე არ მოუთხოვია ი. დ-ესა და დ. ც-ე-დ-ეს შორის ქორწინების ბათილად ცნობა. ი. დ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლში დარჩა დ. ც-ე-დ-ე; სკ-ს 569-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემდეგ კომლში სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის ქონების მიმართ გამოიყენება მემკვიდრეობითი სამართლით დადგენილი წესები. ამდენად, ი. დ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო არ გახსნილა.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ რ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.