Facebook Twitter

საქმე # 010142222700613948

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №25აგ-22 თბილისი

ი. ფ., 25აგ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით ფ. ი., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 (ექვსი) თვით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მიმართვა მსჯავრდებულ ფ. ი-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების თაობაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მ. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენის გადასინჯვა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 276-ე მუხლში (რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 1 აპრილიდან) განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე და მსჯავრდებულის ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. შუამდგომლობის მიხედვით, დაცვის მხარის მოთხოვნის საბოლოო მიზანს წარმოადგენს შემდგომში მსჯავრდებულის მიმართ, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფ. ი-ს მიმართ განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ფ. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს შუამდგომლობა, კერძოდ:

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით ფ. ი-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა, შესაბამისად - 3 წლამდე და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონის მიხედვით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სანქცია კვლავ ითვალისწინებს, შესაბამისად - 3 წლამდე და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონში შესული ცვლილების შედეგად მსჯავრდებულ ფ. ი-ს სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არ არსებობს მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების სისხლის სამარათლის კოდექსის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის სამართლებრივი საფუძველი.

5. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას ფ. ი-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის, მათ შორის - ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე უნდა მიიღოს შესაბამისმა სასამართლომ, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია - თავდაპირველი განაჩენის გამომტანმა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში - რუსთავის საქალაქო სასამართლომ.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი