საქმე # 060100121004935643
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№697აპ-22 ქ. თბილისი
ტ. დ., 697აპ-22 27 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო: დ. ტ-ს მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ტ-მ ყოფით საკითხთან დაკავშირებით სცემა დაზარალებულ კ. მ-ს, რის შემდეგაც წაართვა მას მობილური ტელეფონი, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, ამასთან - დ. ტ-ს შერაცხული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც, თავის მხრივ, ასევე გამორიცხავს ისეთი ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის; შეუძლებელია, მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის მიეყენებინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და ამავდროულად, ჩაედინა ძარცვა ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ მან დაკარგა გონება, ხოლო როდესაც დაუბრუნდა, ტელეფონი აღარ ჰქონდა, რისი გათვალისწინებითაც, ბუნდოვანია, დ. ტ. აშკარად დაეუფლა სხვის ნივთს თუ ფარულად. დ. ტ. არ აღიარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულს, რადგან სამედიცინო დასკვნაში მითითებული: მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მალების მოტეხილობა, რომლებიც მიეკუთვნება სწორედ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, დაზარალებულმა მიიღო მასთან დაპირისპირებამდე ან მას შემდეგ, რაც ნასვამი წავიდა მისი სახლიდან და დაეცა სადმე, კლდოვანი ზედაპირის მქონე ადგილას, ამასთან - ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ არის დადგენილი დაზიანებების ხანდაზმულობა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგენილა დაზარალებულის მიმართ გამოხატული აშკარა მუქარა, რომელიც იყო იმგვარი საფრთხის შემცველი, რომ დაზარალებული აღიქვამდა რეალურად.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფროა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ტ-მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 13 აპრილს ... დაახლოებით 21-22 საათის დროის შუალედში, ალკოჰოლით მთვრალმა დ. ტ-მ თავის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, ურთიერთშელაპარაკების დროს, სცემა კ. მ-ს, კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი, ხელებითა და ფეხებით რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და შეშის ნაჭერი ჩაარტყა გვერდში, რა დროსაც კ. მ-მ მიიღო დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
3.2. ამავდროულად, კ. მ-ზე ძალადობისას ადრე ქურდობისათვის ნასამართლევი დ. ტ- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ,,ნოკიას’’ ფირმის მობილურ ტელეფონს, კერძოდ, სცემა კ. მ-ს და ჯიბიდან ამოაცალა ,,ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონი და მიუხედევად არაერთგზის თხოვნისა, არ დაუბრუნა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 55 ლარის ქონებრივი ზიანი.
3.3. ამავდროულად, დ. ტ-მ, რომელმაც სცემა კ. მ-ს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, მოსთხოვა, მიეტანა მისთვის ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც კ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოს მსჯავრდებულმა დ. ტ-მ, ერთი მხრივ, სცემა დაზარალებულ კ. მ-ს, მაგრამ ნეკნების მოტეხილობა, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს და განაპირობებს მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციას, დაზარალებულისათვის მას არ მიუყენებია, არამედ - კ. მ-მ სადავო დაზიანებები მიიღო მსჯავრდებულთან ფიზიკურ დაპირისპირებამდე ან მისი სახლიდან წასვლის შემდეგ, კლდოვან ადგილას დაცემის შედეგად, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებული დ. ტ. ცემის დროს აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, რაც არ შეიძლება შეფასებულიყო მისთვის მსჯავრად შერაცხულ სიცოცხლის მოსპობის მუქარად.
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემადგენლობები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ კ. მ-ს, მოწმეების - ვ. ტ-ს, გ. ტ-ს, ი. გ-ს, ნ. ა. და რ. ა-ს ჩვენებებიდან, მოწმე ტ. მ--ს გამოკითხვის ოქმიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ დ. ტ-ს მსჯავრდებას საფუძვლად უდევს მხოლოდ დაზარალებულ კ. მ-ს არადამაჯერებელი ჩვენება, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან დაზარალებულის მონათხრობი ზედმიწევნით თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით, კერძოდ:
5. დაზარალებულ კ. მ-ს ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 13 აპრილს სახლში გააცილა ნასვამი დ. ტ., რომელიც სტუმრად იყო მამამისის - ტ. მ-ს დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე, სადაც იქცეოდა აგრესიულად. დ. ტ-მ თავის სახლში მისვლისას სცემა მას ხელებითა და ფეხებით, ასევე - თავსა და მხარში ჩაარტყა შეშის ნაჭერი, რის გამოც დაკარგა გონება, რომლის დაბრუნების შემდეგ, შეძლო გაქცევა, თუმცა მსჯავრდებული დაეწია და კვლავ სცემა სახლის ჭიშკარსა და გზაში, თან მოკვლით ემუქრებოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მსჯავრდებულს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მოკვლა და ხევში გადაგდება. შინ მისულმა მამას სთხოვა მეზობლებისთვის შველა ეთხოვა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოეძახა.
6. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას საყურადღებოა, რომ კ. მ-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სწორედ იმგვარი ძალადობის კვალი დაუდასტურდა, როგორზეც იგი მიუთითებდა თავის ჩვენებაში, კერძოდ, დაესვა დიაგნოზი: პოლიტრვმა; გულმკერდის ღრუს ორგანოთა მრავლობითი ტრავმა; ნეკნების მოტეხილობა; ტრავმული პნევმოთორაქსი; თავის ტვინის შერყევა; ორმხრივი ჰიდროთორაქსი; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ასევე - აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები პერიორბიტალურ მიდამოებში და დაუდგინდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მსჯავრად შერაცხული დანაშაულის თარიღს.
7. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, იზოლირებულად აღებული - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; დაზიანება ცხვირის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებული - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანებები: მარცხნივ, IV, V, VI, VII ნეკნების მოტეხილობა, მარცხენამხრივი მცირე ჰემოპნევმოთორაქსი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, იზოლირებულად აღებული - სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ 2021 წლის 14 აპრილს, .... მდებარე, მსჯავრდებულ დ. ტ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს სისხლისმაგვარი ლაქები და ამოიღეს ხის ორი ნაჭერი, ასევე სისხლისმაგვარი ლაქებით.
9. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ. მ-ს შემთხვევის შემდეგ აღენიშნებოდა: თავის ტვინის შერყევა და მარცხნივ, IV, V, VI, VII ნეკნების მოტეხილობა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მისი ჩვენების უტყუარობაზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულმა შეშის ნაჭერი ჩაარტყა თავსა და გვერდში, რის გამოც დაკარგა გონება და, თავის მხრივ, გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები - ნეკნების მოტეხილობის სახით - დაზარალებულისათვის დ. ტ-ს არ მიუყენებია.
10. დაზარალებულის ჩვენება, რომლის მიხედვით, დ. ტ. შემთხვევამდე ნამდვილად იმყოფებოდა მის სახლში, მამამისის - ტ. მ-ს დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე, დასტურდება იმავე სუფრაზე მყოფი მოწმეების - ვ. ტ-ს, გ. ტ-ს, ზ. მ-სა და ტ. მ-ს ჩვენებებით, ხოლო დაზარალებულის მონათხრობი, რომ ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, შინ მისულმა, მამას სთხოვა მეზობლებისთვის ეთხოვა შველა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოეძახა, დასტურდება დაზარალებულის მამის - ტ. მ-ს, მეზობლების - ვ. ტ-სა და გ. ტ-ს, ასევე - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალის - ი. გ-სა და ნ. ჩვენებებით.
11. მუქარაში მსჯავრდებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილებინა დაზარალებულ კ. მ-ს არჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებული დ. ტ. და მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ტ. ფიზიკური ძალადობისას ასევე - მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც დარწმუნებული იყო, რომ სურდა მოეკლა იგი, ცალსახად მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არ შემოფარგლულა ჩხუბის დროს დაზარალებულის შეურაცხყოფით და მის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარის ელემენტები. ამასთან, დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობის შეფასებისას, კ. მ-ს სუბიექტურ აღქმასთან ერთად, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ დ. ტ-ს სურდა მისი მოკვლა და გვამის ხევში გადაგდება, მნიშვნელოვანია საქმეზე უტყუარად დადგენილი ობიექტური გარემოებების შეფასებაც, კერძოდ: გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები - დ. ტ. წარსულში არაერთხელ ნასამართლევია; სიმთვრალეში იყო მეტად აგრესიული და დაზარალებულს მიაყენა მრავლობითი, მათ შორის - სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები, რაც უპირობოდ მიუთითებს, რომ დაზარალებულს ცალსახად გაუჩნდებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ტ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.
13. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ კ. მ-სა და მოწმე რ. ა-ს ჩვენებები, მოწმე ტ. მ-ს გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა სამხილები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ. ტ. აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა კ. მ-ს კუთვნილ ,,ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
14. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ, დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, რომ დ. ტ. მაშინ დაეუფლა კ. მ-ს ტელეფონს, როდესაც დაზარალებულს გონება ჰქონდა დაკარგული, რაც მსჯავრდებულის ქმედების ფარულობაზე მიუთითებს და გამორიცხავს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების, ესე იგი - ძარცვის ელემენტებს, რადგან დაზარალებულ კ-ს ჩვენებით უტყუარად დადგენილია, რომ დ. ტ. მაშინ დაეუფლა მის ტელეფონს, როდესაც მას გონება ჰქონდა დაკარგული, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაუბრუნდა, სთხოვდა მსჯავრდებულს, დაებრუნებინა მისი ტელეფონი, თუმცა - ამაოდ, რაც ცალსახად მიუთითებს დანაშაულის აშკარა ხასიათზე და ადასტურებს, რომ დ. ტ-ს ქმედებაში გამოკვეთილია არა ქურდობის, არამედ - ძარცვის შემადგენლობა.
15. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულ დ. ტ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც, მსჯავრდებულის განმარტებით, ეკუთვნოდა მის მეზობელ კ. მ-ს, მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებისას, ამოიცნო დაზარალებულმა.
16. არაერთგზის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დ. ტ. ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2021 წლის 13 აპრილს მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, რისი გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის (ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა) მხედველობაში მიღებით, დ. ტ-ს ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია არაერთგზის ჩადენილი ძარცვა, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - კანონიერია.
17. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დ. ტ-ს მიერ ძარცვის კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ჩადენასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და გაუმართლებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ტ-ს მსჯავრი დაედო ერთდროულად ძარცვისათვის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის და ამავდროულად - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც ურთიერთგამომრიცხველი მოცემულობებია, რადგან ძალადობრივი ძარცვის დროს, დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისას, კანონმდებელი ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ ძალადობას, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, მაგრამ თუკი ძალადობის შედეგად იკვეთება დაზარალებულისათვის მიყენებული, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, ეს ქმედება სცდება კონკრეტულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის შემადგენლობას და ცალკე კვალიფიკაციას საჭიროებს.
19. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც დ. ტ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, მის მსჯავრდებას ძარცვისათვის, ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება ზედმეტად შერაცხულია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ტ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ხოლო სხვა, მათ შორის სასჯელის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დ. ტ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი