საქმე # 330802222006301148
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№53I-22 ქ. თბილისი
ჰ. მ., 53I-22 31 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს (M. H.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჰ-ს საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მ. ჰ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით მ. ჰ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
2017 წლის 7 ივლისს განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2021 წლის 22 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჰ-ს საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა მ. ჰ-ს დაკავების ბრძანება.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
2015 წლის 14 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ მ. ჰ-სა და მის თანამზრახველებს 7 სხვადასხვა ადგილას დარგული ჰქონდათ, ჯამურად - 4 012 ძირი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“. ამასთან, იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - 88 522 გრამი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გასახმობად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა“.
3. მ. ჰ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 3 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ჰ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2022 წლის 18 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჰ..
2022 წლის 19 მარტს ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ჰ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2022 წლის 18 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ჰ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით მ. ჰ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 6 თვემდე (2022 წლის 18 სექტემბრამდე), ხოლო ამავე სასამართლოს 14 სექტემბრის განჩინებით საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 9 თვემდე (2022 წლის 18 დეკემბრამდე).
ამჟამად მ. ჰ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში.
4. 2022 წლის 14 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა მ. ჰ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მ. ჰ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჰ-ს საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჰს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მ. ჰ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჰ-ს საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: მ. ჰ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ახლობლების მხრიდან დაემუქრება საფრთხე, ვინაიდან მან შეიცვალა რელიგია და გახდა ქრისტიანი; მ. ჰ. დაქორწინებულია და მისი ოჯახი ოთხი წელია ცხოვრობს საქართველოში, ხოლო ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარემ წარმოადგინა საეკლესიო მოწმობის ასლი, რომლითაც დასტურდება მისი ქრისტიანად მონათვლის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჰ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2022 წლის 18 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
5. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ მ. ჰ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ახლობლების მხრიდან დაემუქრება საფრთხე, ვინაიდან მან შეიცვალა რელიგია და გახდა ქრისტიანი, რადგან ახლობლების მხრიდან მის მიმართ მუქარისა, თუ სხვადასხვა უკანონო ქმედების ჩადენის რეალობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, ანდა რაიმე სარწმუნო ინფორმაცია დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეტური განცხადებებითა და მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით. აგრეთვე, საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ მ. ჰ-მ კონკრეტული პირების მხრიდან მის მიმართ მომდინარე საფრთხის, არამართლზომიერი ქმედებებისა თუ მუქარის შესახებ მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს მითითებულ ფაქტებზე და არც ის გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებული ინფორმაცია ვერ მოიძია ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მათ შორის - ინტერნეტის ღია წყაროების მეშვეობით, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ჰ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
7. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
8. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ. საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მ. ჰ-ს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან იგი დაქორწინებულია და მისი ოჯახი ოთხი წელია ცხოვრობს საქართველოში, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). მოცემულ შემთხვევაში იმ დანაშაულების გარემოებების, ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, რომელთა ჩადენის გამოც მოითხოვება მ. ჰ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი აშკარად გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის ინტერესს. ამდენად, მ. ჰ
ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჰ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი