საქმე # 080141322006025859
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№501-22 ქ. თბილისი
თ. მ., 501-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ირაკლი კოძახიძის
მსჯავრდებულ - მ. თ-ს
მსჯავრდებულის ადვოკატ - თ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. საქმის მასალების მიხედვით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით მ. თ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც ჩაეთვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელი აეთვალა 2005 წლის 2 სექტემბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დალი ბარბაქაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება: მ. თ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მ. თ-ს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, რომელიც აეთვალა 2005 წლის 2 სექტემბრიდან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
8. 2022 წლის 26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. თ-მ და ითხოვა მისთვის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეცვლილი სასჯელის - 20 წლით თავისუფლების აღკვეთის - ¼-ით შემცირება.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. თ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. თ-მ, რომელმაც მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთის - ¼-ით შემცირება, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი აღსრულდა მხოლოდ იმ დანაშაულებისათვის შეფარდებულ სასჯელებზე, რომლებიც, თავის მხრივ, შთანთქმული ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ - უვადო თავისუფლების აღკვეთას, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი არ გავრცელებულა, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებაში მითითებულია, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, რადგან უვადო თავისუფლების აღკვეთის ¼-ით შემცირება შეუძლებელია, რისი მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ მ. თ-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი უნდა გავრცელდეს შეცვლილ სასჯელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.
3. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ვენეციის კომისიის 2013 წლის დასკვნას, რომელიც ეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ამნისტიის, შეწყალებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება კანონიერად მიიჩნევა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში და პირდაპირ აღნიშნულია ზოგიერთ საერთაშორისო - სამართლებრივ დოკუმენტში. კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში წევრ სახელმწიფოთა მიმართ (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ განსაზღვრულია, რომ ამნისტიის, შეწყალების ან მსგავსი ღონისძიებების გარდა, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალას უკარგავს სასამართლო გადაწყვეტილებებს. წინამდებარე რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის მიერ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დროს საქმის ხელახლა განხილვის პროცესში. სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, დაუშვებელია. თუმცა, ეს დანაწესი არ ართმევს კანონმდებელს უფლებამოსილებას - შეცვალოს არსებული კანონმდებლობა ან მიიღოს ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიყენოს. აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებმა არ უნდა გააუქმონ სასამართლო გადაწყვეტილებები კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმეებზე, თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, ამნისტიისა და შეწყალების აქტები, კომპენსაციის გადახდა პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე ან სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება. ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და მისი გამართლება მაღალ ჰუმანურ პრინციპებში გამოიხატება.
4. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინების მიხედვით, მ. თ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. თ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული განჩინების მოტივაციისას განმარტა, რომ ,,საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია“.
6. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მ. თ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, რომელიც აეთვალა 2005 წლის 2 სექტემბრიდან.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის პირველი-მე-15 მუხლებით განისაზღვრა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა ჩამდენ პირებზეც, კანონით დადგენილი დათქმების მხედველობაში მიღებით, გავრცელდა ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა ზოგადი წესი იმ პირთა მიმართ, ვისზეც არ გავრცელდა ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ ერთი მეოთხედით შეუმცირდათ შეფარდებული სასჯელები.
8. მნიშვნელოვანია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად გავრცელდა როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, მაგრამ საყურადღებოა, რომ კანონმდებელმა იმ სასჯელთა რიგს, რომლებზეც იმპერატიულად არ უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, არ მიაკუთვნა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
9. ყურადსაღებია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი აღსრულდა ამნისტიის აქტის გამოცემის დროისათვის ყველა კატეგორიის დანაშაულისათვის, მათ შორის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და სხვა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, გარდა იმ დამნაშავეებისა, ვისაც მისჯილი ჰქონდათ - ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის უვადო თავისუფლებააღკვეთილ მ. თ-ს, რომლის სასჯელის ერთი მეოთხედით რეალურად შემცირება, საკუთრივ ამ სასჯელის ბუნებიდან გამომდინარე, ობიექტურად შეუძლებელი იყო, მოსახდელად დარჩა კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის პროპორციულ შემცირებაზე უარის თქმა, კანონის ძალზე ვიწრო გაგებითა და ფორმალური დასაბუთებით, ამნისტიის აქტის მაღალი ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე, გაუმართლებელია.
11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით) მ. თ-ს შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა - ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და გამოიკვეთა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონისმიერი შეღავათის რეალურად აღსრულების სამართლებრივი შესაძლებლობა, ამნისტიის აქტის კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით უნდა შეუმცირდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მიზანს.
12. საკასაციო სასამართლო აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემომითითებული მოცემულობა არსებითად განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) განისაზღვრება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელებისაგან შემდგომი გათავისუფლების თარიღები, რაც სამართლებრივ გავლენას ვერ ახდენს მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე და ვერ გახდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელების შემცირების წინაპირობა.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. თ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. თ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინება გაუქმდეს;
3. მსჯავრდებულ მ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით შეცვლილი სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს - 2005 წლის 2 სექტემბრიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე