საქმე # 080100121005258556
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №787აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ა., 787აპ-22 11 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-სა და მსჯავრდებულ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ-მ, რომლებიც ითხოვენ განაჩენის შეცვლასა და ა. ბ-სათვის სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან შეუსაბამო, კერძოდ: გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ა. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - მსჯავრდებულმა გამოძიებაშივე გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაული; სადავოდ არ გაუხდია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; არ იკვეთება ფაქტობრივი ზიანი, რადგან დაზარალებულთან კონფლიქტი ამოწურულია და მას პრეტენზია არ გააჩნია; მსჯავრდებულს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე; ა. ბ. ხასიათდება დადებითად.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ა. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელც აეთვალა 2021 წლის 15 ნოემბრიდან.
3. ა. ბ. სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნა შპს .... (...), ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ, 2022 წლის 9 თებერვლიდან, სასჯელის მოხდა განაგრძო საერთო წესით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2021 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ... არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა. ბ-მ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს - ნ. ი-ს ,,მის ჭკუაზე უნდა ევლო“ და არ ჰქონდა სხვა მამაკაცებთან პირადი ურთიერთობის უფლება, არასრულწლოვანი შვილის - ბ. ბ-ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმა, შეანჯღრია, დაჩოქილს თვალის არეში დაარტყა მუხლი და ხელი ჰკრა, რის გამოც დაზარალებული წაბარბაცდა და მაგიდის კუთხეს ჩამოარტყა მარჯვენა ხელის იდაყვი. ყოფილი მეუღლის ძალადობის შედეგად ნ. ი-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ-მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას ა. ბ-სათვის შეფარდებული სასჯელის უსამართლობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა. ბ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა - არ არის მიზანშეწონილი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია, ერთი მხრივ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მხედველობაში მიღებით (დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ამ გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (რომელიც ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის - 2 წლის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო, მეორე მხრივ, 1950 წლის ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ (ძალაშია 2017 წლის 5 აპრილიდან) 42-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით (ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ე.წ. „ღირსების საკითხი“ არ უნდა ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება, კერძოდ, ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები და ადათ-წესები), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, კერძოდ, ,,ღირსების სახელით“ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული წარმოადგენს ჩადენილი ქმედებისა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელ, ისეთ დამამძიმებელ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობას ამცირებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი