საქმე # 080100120004195408
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №694აპ-22 ქ. თბილისი
ბ. პ., 694აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და პ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან განაჩენი სასჯელის ნაწილში მიაჩნია უსამართლოდ და შეუსაბამოდ სასჯელის მიზნებთან.
2. მსჯავრდებულ პ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - რ. ჭ. და ც. ბ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით პ. ბ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
გაუქმდა მსჯავრდებულ პ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
პ. ბ-ნს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 ნოემბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
პ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ... მდებარე შპს „...“ სუპერმარკეტში, პ. ბ. და ლ. ნ. ჯგუფურად, დანის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ სუპერმარკეტის მენეჯერს - მ. კ-ს, რომელსაც ძალადობით, სიცოცხლისა და ჯანმრთე-ლობისათვის საშიში ძალადობის მუქარით სალაროდან გასტაცეს შპს ,,...’’ კუთვნილი ფულადი თანხა - 85 ლარი.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა პ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - რ. ჭ-მ და ც. ბ-მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ პ. ბ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის გამოყენება, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ პ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ც. ბ-სა და რ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდა მსჯავრდებულ პ. ბ-ს მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
პ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 ნოემბრიდან.
გაუქმდა პ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
პ. ბ-ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, რა დროსაც მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ პ. ბ-სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და მან სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ამასთან, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შეფარდებისას ასევე გაითვალისწინა მსჯავრდებულის შეზღუდული შერაცხადობა, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება) მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია პ. ბ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეფარდებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი