Facebook Twitter

საქმე # 330100122005550009

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№823აპ-22 ქ. თბილისი

გ. გ., 823აპ-22 24 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. კასატორი აღნიშნავს: რომ არა გამართლებულის ძალადობრივი ქმედებები, დაზარალებული არ მიმართავდა პოლიციას; რომ არა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გამოძიებას არ ეცოდინებოდა დანაშაულის დეტალური მონაცემები; მოწმეები, რომელთა გამოკითხვის ოქმებს პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული, ვერ მიაწვდიდნენ გამოძიებას ესოდენ დაწვრილებით ინფორმაციას და ვერ ისაუბრებდნენ დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობასა და მის მიმართ ძალადობაზე; რომ არა ძალადობის ფაქტი, არ იარსებებდა დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროება. კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და სხვა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომელთაც მყისიერი კავშირი ჰქონდათ დანაშაულებრივ შემთხვევასთან, აგრეთვე - გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებითა და მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. გ-ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 7 თებერვალს, ღამის საათებში, .... მდებარე №.. ბინაში, გ. გ-მ ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - რ. ბ-ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3. გ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით გ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა გ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს ფაქტების დამდგენმა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: დაზარალებულმა რ. ბ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმის სახით გამოკითხული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის - ლ. ღ-ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანოში ყოფნისას დაზარალებულს აღენიშნებოდა მარჯვენა ხელის მე-3, მე-4 თითების შეშუპება, გ. გ-ს ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილ კონკრეტულ ბრალდებასთან მიმართებით -არაფრისმთქმელია და ვერ დაედება საფუძვლად მის მსჯავრდებას, ისევე, როგორც - დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსს, რ. ბ. კი სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით, ჯვარედინად არ დაკითხულა; ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელზეც ასევე აპელირებს პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გ. გ-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის მხედველობაში მიღებით, მართებულად გადაწყვიტეს გ. გ-ს სასარგებლოდ.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი