საქმე # 190100121004708701
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №717აპ-22 ქ. თბილისი
ვ. ე., 717აპ-22 11ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ე. ვ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - ა. ვ-მ და ლ. გ-მ უარი თქვეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ ეს ფაქტი არ უნდა შეაფასოს ისე, თითქოს, დანაშაული არ მომხდარა. ამასთან, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის - მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები და სხვა, რომელთა მიხედვითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე. ვ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
2. გამართლებულ ე. ვ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ. ი. და ს. ხ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენის ძალაში დატოვებას.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ვ-ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლონის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე. ვ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, ე. ვ-მ, ... მდებარე თავიანთ მფლობელობაში არსებულ სახლში, ჭიქის გატეხვით გაღიზიანებულმა, სახეში ხელის ოთხჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ა. ვ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ე. ვ. ... მდებარე თავიანთ მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოველდღიურად, სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებით, არასრულწლოვანი შვილის - ა.ვ-ს თანდასწრებით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ლ. გ.სა და არასრულწლოვან შვილზე - ა. ვ-ზე. 2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, .... მდებარე მაღაზია „...“ მიმდებარედ, ე. ვ-მ სახეში გაშლილი ხელის დარტყმით ფიზიკურად იძალადა ა. ვ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ხოლო ლ. გ-მ - ტანჯვა.
- 2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ე. ვ. ... მდებარე თავიანთ მფლობელობაში არსებულ სახლში, მინის ნატეხის დემონსტრირებით, სიტყვებით - „დაგასახიჩრებ“, „მოგკლავ“, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს - ა. ვ-ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2021 წლის 3 მაისს, ღამის საათებში, ... მდებარე ი. კ-ს საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, თუ რატომ არ აძლევდა შვილების ნახვის უფლებას, ე. ვ-მ ყელში ხელის ძლიერად მოჭერით ფიზიკურად იძალადა ი. კ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ე. ვ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებში.
გაუქმდა ე. ვ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ე. ვ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. ვ-ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ვ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულებმა - ლ. გ-მ და ა. ვ-მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის, შესაბამისად - მეუღლისა და მამის წინააღმდეგ ჩვენებები. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარეს ასევე წარმოდგენილი ჰქონდა დაზარალებულ ი. კ-ს გამოკითხვის ოქმი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა ე. ვ-ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო მოწმე ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ იგი არცერთი ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა და, შესაბამისად, მისი ჩვენება არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რის გამოც ვერცერთი ეს მტკიცებულება ასევე ვერ გახდება ე. ვ-ს მსჯავრდების საფუძველი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, როგორებიცაა: დანაშაულის შეტყობინების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ე. ვ-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ამოღებული ნივთმტკიცება, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა - ლ. გ-მ და ა. ვ-მ უარი განაცხადეს ე. ვ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაზარალებულმა ი. კ-მ კი უარყო ფიზიკური ძალადობის ფაქტი, საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი