საქმე # 330100120003770773
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №767აპ-22 ქ. თბილისი
ი. ა., 767აპ-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. ი-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ მიკერძოებულად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ა. ი. მართავდა ავტომანქანა „ჰონდა სივიკს“, რომელიც, მართალია, მის სახელზე ირიცხება, თუმცა არც შემთხვევის დღეს და არც არასოდეს მართავდა მას; ასევე უტყუარად არ დგინდება ისიც, თუ რომელ ავტომანქანასთან დაჯახების შედეგად გარდაიცვალა დაზარალებული.
2. თბილისის პროკურატურის პროკურორი მარი მეშველიანი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით ა. ი., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ი-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 19 ივნისიდან.
გაუქმდა ა. ი-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი-მ ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვა; განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად.
ა. ი-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, .... მიმდებარედ, ავტომანქანა „ჰონდა სივიკი“, სახელმწიფო ნომრით - ...., რომელსაც მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .... ა. ი., შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს - ქ. მ-ს და ე. მ-ს. შექმნილი საგზაო სიტუაციის შემდეგ ა. ი-მ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულები მიატოვა შემთხვევის ადგილზე და დანაშაულის დაფარვის მიზნით მიიმალა. ავტომანქანა „ჰონდა სივიკის“ მძღოლ ა. ი-ს მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-11 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თავიდან იქნებოდა აცილებული. ა. ი-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეითად მოსიარულე ქ. მ-ს სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ე. მ-მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ი-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ი-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ი-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ა. ი-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე. მ-ს, მოწმეების - გ. ფ-ს, დ. მ-ს, მ. მ-ს, გ. ო-ს, ზ. ღ-ს, ზ. ს-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ა. ი-ს მითითებით ჩატარებული ავტომანქანა „ჰონდა სივიკის“ 2018 წლის 10 ივლისის ამოღების ოქმით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №... და №... დასკვნებით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, დაზარალებულების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მათი გამცემი ექსპერტების ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი იმავე მოტივებით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომლებზეც უთითებს საკასაციო საჩივარში. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს კასატორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ ი-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი