საქმე # 120100121005221125
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №768აპ-22 ქ. თბილისი
ი. ნ., 768აპ-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. ი-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ნ. ირემაძის მუქარას (დანაშაულის ორივე ეპიზოდში), დაზარალებულში არ გამოუწვევია რეალური და საფუძვლიანი შიში, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება მიაჩნია არასანდოდ, ხოლო შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მომწეების, არასრულწლოვნების - გ. ი-სა და ი. ი ი-ს, ისევე როგორც მოწმე ა. მ-ს ჩვენება - დაუშვებლად.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენით ნ. ი., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2021 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2021 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდში დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
გაუქმდა ნ. ი-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
მსჯავრდებულ ნ. ი-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ი-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
ნ. ი-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, .... მდებარე გ. კ-ს საცხოვრებელ სახლში, ნ. ი-მ ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - გ. კ-ს, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვანი შვილების - ი. და გე. ი-ების თანდასწრებით, კერძოდ: უთხრა რომ „მოკლავდა, მოაჭრიდა თავს და არ გააჩერებდა ცოცხალს, გადაუჭრიდა ორივე ხელის ვენებს და ხალხს ეტყოდა, რომ ვითომ თვითონ გადაიჭრა, დაამტვრევდა ძვლებში და ისე გადააგდებდა მდინარეში“, რის შედეგადაც გ. კ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იმის შიშით, რომ ნ. ი-ს არ მოეკლა, მთელი ღამე არ დაუძინია და იჯდა საწოლზე.
- 2021 წლის 9 ოქტომბერს ნ. ი. ... მიმდებარე ტერიტორიიდან ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - გ. კ-ს, რა დროსაც ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რის შედეგადაც გ. კ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ი-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ-მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ი-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ირემაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 ოქტომბრისა და 9 ოქტომბრის ეპიზოდები) შერაცხული ქმედებები დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ გ. კ-ს, მოწმეების - ი. ი-ს, გ. ის, ა. მ-ს, მ. ფ-ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმით, 2021 წლის 13 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ ნ. ი-ს მუქარა არ იყო რეალური და დაზარალებულში არ გამოუწვევია საფუძვლიანი შიში, ვინაიდან დაზარალებულმა გ. კ-მ დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებით როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ყოფილი მეუღლის - ნ. ი-ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მის შედეგად საფუძვლიანი და რეალური შიშის განცდის ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ მუქარის ფაქტს, პირველ შემთხვევაში, შეესწრნენ არასრულწლოვანი მოწმეები: ი. ი. და გ. ი., ხოლო მეორე შემთხვევაში - მეზობელი ა. მ, რომლებიც სრულად ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენებას და გადმოსცემენ მუქარის დეტალებს. ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის, ხოლო მოწმეების - ი. და გ. ი-ებისა და ა. მ-ს ჩვენებების დაუშვებლად ცნობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე სრულად თანხვდენილია შემთხვევის უშუალო შემსწრე, ზემომითითებულ პირდაპირ მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ხოლო ამ მოწმეთა ჩვენებები კი მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი საეჭვოდ, დაუშვებლად მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ირემაძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი