საქმე # 330100121004600077
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №825აპ-22 ქ. თბილისი
მ. ო., 825აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-სა და მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ და მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ.
- ო. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
- მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმისაგან განთავისუფლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
ო. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
გაუქმდა ო. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ო. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 15 მარტიდან.
ო. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
რ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით რ. კ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5-8 ნაწილების საფუძველზე სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 20.000 (ოცი ათასი) ლარი და საბოლოოდ რ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20.000 (ოცი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 4 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით, ასევე - პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 26 მარტიდან 2021 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
რ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ო. მ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ო. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 2.896 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც 2021 წლის 15 მარტს ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა .... ჩატარებული ო. მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
რ. კ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით რ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, პირობითი მსჯავრი - 5 წლით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 5000 ლარი. ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე რ. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები: 0,0331 გრამი „მეთადონი“ (ფუძე) და 0,0061 გრამი „ჰეროინი“, რომლებსაც 2021 წლის 15 მარტს რ. კ. ასევე უკანონოდ ინახავდა ... მდებარე, ბინა N...-ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რ. კ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. მ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ და მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ.
- მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ო. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
- რ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და რ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო განხილვისას ადვოკატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, განმარტა, რომ რ. კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მსჯავრდებულ ო. მ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი. საკასაციო საჩივრით მოითხოვს სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, კერძოდ:
9. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ო. მ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის, რომელიც წარმოადგენს დენად დანაშაულს და დამთავრებულად მიიჩნევა ქმედების შეწყვეტის მომენტიდან, განსახილველ შემთხვევაში - 2021 წლის 15 მარტიდან, ანუ ო. მ-სთან ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალების ამოღების მომენტიდან, რაც წარმოადგენს დანაშაულზე წასწრებას. შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერად არ არის უფლებამოსილი, მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში მითითებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
10. ასევე უსაფუძვლოა მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული ძირითადი სასჯელის შემსუბუქებისა და დამატებითი სასჯელისგან განთავისუფლების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა), ასევე გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების სახე და ხერხი, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ რ. კ-მ ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში და მას განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, სასჯელი შეფარდებულია განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა განსაზღვრის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით და, ამდენად, არ არსებობს როგორც ძირითადი, ისე - დამატებითი სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის რაიმე სამართლებრივი საფუძველი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-სა და მსჯავრდებულ რ. კ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი