¹3კ-654-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის უკანონოდ ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “რ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 11 ივლისის ოქმის უკანონოდ ცნობისა და სს “რ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სს “რ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 10-11 ივლისის სხდომის დღის წესრიგში მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ საკითხი შეტანილი არ ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, სხდომაზე განხილულ იქნა მითითებული საკითხი და ვ. კ-ი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა, რითაც დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.6 “პ” პუნქტის მოთხოვნა დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ. ვ. კ-ი 2002წ. 10 ივლისიდან იმყოფებოდა რა შვებულებაში, მისი გათავისუფლებით დაირღვა შკკ-ს 34-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. ამასთან მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ შეეფერებოდა ვ. კ-ი დაკავებულ თანამდებობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგი საფუძვლებით: საზოგადოების დირექტორის ურთიერთობა სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა რეგულირდებოდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონით. დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭოს პრეროგატივაა. დირექტორს აქვს რა საწარმოს მართვის და ქონების განკარგვის უფლება, მას ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაათავისუფლოს დირექტორი, თუკი ამ უკანასკნელის მუშაობას არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. აღნიშნულიდან გამომდინარე დირექტორის გათავისუფლების დროს არ შეიძლება გავრცელდეს შკკ-ით დაწესებული შეზღუდვები. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სს “რ-ი” შეერწყა სს “ე-ას” და დღეისათვის იგი წარმოადგენს მის ფილიალს ანუ ვ. კ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობს.
ვ. კ-ის წარმომადგენელმა მ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივებით: 1) შკკ-ს 371.2 მუხლის თანახმად დირექტორის გათავისუფლებისას საჭიროა პროფკავშირების თანხმობა, რაც ვრცელდება საწარმოს დირექტორებზეც. 2) “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.6 მუხლის თანახმად სხდომის მოწვევისას დგინდება სავარაუდო დღის წესრიგი. მოცემულ შემთხვევაში დღის წესრიგში არ იყო შეტანილი არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანალიზის მოსმენა და არც დირექტორის გათავისუფლების საკითხი. 3) სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გათავისუფლების საფუძველი არ იყო დასაბუთებული. მოპასუხეს საერთოდ არც უმსჯელია ვ. კ-ის არადამაკმაყოფილებელ მუშაობაზე. 4) რეორგანიზაცია არ წარმოადგენს სამუშაოზე აღდგენის უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელის მოთხოვნა სს “რ-ის”, როგორც საწარმოო ერთეულის ტოლფას სამსახურში აღდგენა, რასაც დღეის მდგომარეობით შეადგენს “თ-ის” სამმართველო რუსთავის ფილიალი. სახეზეა სკ-ს სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევები, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: ვ. კ-ი მუშაობდა სს “რ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2001წ. 10 ივლისს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მოწვეულ იქნა სხდომა, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად მითითებული იყო საზოგადოების დირექტორის ანგარიში. სხდომა გაგრძელდა 11 ივლისს, რა დროსაც სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვ. კ-ის საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარი ასეთი სახის პრეტენზიას არ შეიცავს.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააქციო საზოგადოების დირექტორის ურთიერთობა სამეთვალყურეო საბჭოსთან ან აქციონერებთან უნდა რეგულირდებოდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, ხოლო ამავე კანონის 56.1 მუხლის შესაბამისად კი საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა დირექტორთა არა მხოლოდ უფლება, არამედ მათი მოვალეობაცაა, რასაც ისინი უნდა ახორციელებდნენ კეთილსინდისიერად. დირექტორის მიერ თავისი მოვალეობის კანონშესაბამის და კეთილსინდისიერ შესრულებასთანაა დაკავშირებული საწარმოს განვითარება, ვინაიდან საზოგადოების მთელ ქონებას სწორედ ისინი განაგებენ. მათი ასეთი ნდობით აღჭურვა მხოლოდ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა, რომელსაც ამ რისკის საკომპენსაციოდ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ანგარიში დირექტორს და მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, სამუშაოდან გაათავისუფლოს. დირექტორებს მინდობილი აქვთ რა მთელი საზოგადოების ქონების მართვის და განკარგვის უფლება, მათი გათავისუფლებისას შკკ-ს ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირების გათავისუფლების საკითხში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, საზოგადოებას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში შრომის სამართლის ისეთი ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავენ, მიზანშეუწონელია. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორები ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს, მათი გათანაბრება მუშა-მოსამსახურეებთან, დირექტორების სამართლებრივი მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის გამართლებული. ამდენად, დირექტორთა სამეწარმეო უნარჩვევების გათვალისწინებით, მათი დანიშვნაც და გამოწვევაც უნდა მოხდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის დანაწესებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგში არ იყო შეტანილი არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანალიზის მოსმენა და არც დირექტორის გათავისუფლების საკითხი. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში (იხ. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.8 მუხლი) და ვითარების შესაბამისად ისარგებლოს მის კომპეტენციაში შემავალი დირექტორის გამოწვევის უფლებით.
უსაფუძვლოა, ასევე, კასატორის მოსაზრება, რომ ვ. კ-ის გათავისუფლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. გასაჩივრებული განჩინებით და საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ ვ. კ-ის განთავისუფლებას საფუძვლად დაუდო მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ის წარმომადგენლის გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.