Facebook Twitter

საქმე # 110100119002796232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№757აპ-22 ქ. თბილისი

რ. დ., 757აპ-22 12 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-სა და მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ო-მ და მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ.

2. მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ო. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. რ-ს უდანაშაულოდ ცნობას, რადგან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხველ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი მტკიცებულებები და საერთოდ არ შუფასებია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამხილები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ წარდგენილ ბრალდებაში დ. რ-ს უდანაშაულობას; კასატორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ჯ. მ-ს ჩვენება არადამაჯერებელია, რადგან ამ ჩვენებით უტყუარად არ დგინდება თავდასხმის ფაქტი და დამნაშავეთა პირდაპირი განზრახვა - სიცოხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ სხვისი მოძრავი ნივთი; მართალია, პოლიეთილენის პარკზე, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებმა თავზე ჩამოაცვეს და ცდილობდნენ მის გაგუდვას, აღმოჩენილია ჯ. მ-ს ბიოლოგიური მასალა და თმა, მაგრამ ამავდროულად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ზემოხსენებულ პოლიეთილენის პარკში დაზარალებული ინახავდა თავის ნივთებს, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ არის უგულებელყოფილი ეჭვი, ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი კვალის წარმომავლობასთან დაკავშირებით; კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან ის ადგილი, რომელიც დაზარალებულის საცხოვრებლად იქნა მიჩნეული, არის დანგრეული შენობა, რასაც არ აქვს კარი, ფანჯარა, შესასვლელი და გამოსასვლელი, შესაბამისად, არ იკვეთება მსჯავრად შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

3. მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ლ-ს უდანაშაულოდ ცნობას, რადგან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, არ შეაფასა დაცვის მხარის არგუმენტები, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ მ. ლ-ს მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო, მეორე მხრივ, მტკიცებულებების გამოკვლევისას გაჩენილი ეჭვი მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესით გარანტირებულ პრინციპს; გადაწყვეტილება ძირითადად დამყარებულია დაზარალებულ ჯ. მ-ს ჩვენებაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; დაზარალებულის ჩვენების კვალდაკვალ, რომლის თანახმად, იგი ცხოვრობდა მერჩულეს ქუჩაზე მდებარე ქოხში, განისაზღვრა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგენილია, რომ ხის ფიცრულს, რომელიც მდებარეობს რკინიგზის დეპოს სარემონტო ეზოში, აქვს ერთფრთიანი კარი, რომელსაც არ აქვს გასაღები, არ აქვს შემინული ფანჯარა და ასევე - დაუდგენელია, ჰყავს თუ არა მესაკუთრე; ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ პოლიეთილენის პარკში აღმოჩენილი თმა, რომელიც ეკუთვნოდა ჯ. მ-ს, რადგან დადგენილია, რომ ზემოხსენებულ პარკში დაზარალებული ინახავდა თავის ნივთებს, ამასთან - გამოძიებას არ ჩაუტარებია რაიმე კვლევა ამოღებულ პარკთან მსჯავრდებულების კავშირის დასადგენად; არადამაჯერებელია მოწმე შ. გ-ს ჩვენებაც, რომელიც არ არის ფაქტის თვითმხილველი და დამატებით აღნიშნა, რომ მოიხმარდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. რ-მ და მ. ლ-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

5.1. 2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ. ლ. და დ. რ. ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად თავს დაესხნენ ... ქუჩაზე მდებარე, ყოფილი სადარაჯოს შენობაში მცხოვრებ - ჯ. მ-ს, რომელსაც მისსავე საცხოვრებელ ფართში ეძინა. მ. ლ-მ და დ. რ-მ ჯ. მ-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელებითა და ფეხებით სცემეს სხეულის სხვადასხვა არეში, თავზე ჩამოაფარეს პოლიეთილენის პარკი და ამავდროულად სთხოვდნენ ათას ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ მ. ლ-მ და დ. რ-მ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯ. მ-ს შარვლის ჯიბიდან გასტაცეს 45 ლარი, ასევე - მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და სხვადასხვა პირადი ნივთი, რითაც დაზარალებულს ჯამურად მიადგა - 277 ლარის ზიანი.

6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. რ-მ და მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა დ. რ-სა და მ. ლ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ ჯ. მ-სა და მოწმეების - შ. გ-ს, თ. შ-ს, გ. შ-ს, გ. ც-ს, ლ. პ-ს, მ. ბ-ს, პ. ჯ-ს, რ. კ-ს, ა. ვ-ს, ე. გ-ს, ზ. გ-ს ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა და ამოღების, ნივთების ამოცნობისა და ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმებიდან, სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დაზარალებულის ჩვენების სანდოობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. მ-ს განმარტებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე - თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშიებით, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს მას თავს დაესხნენ დ. რ. და მ. ლ., რომლებმაც იძულებით წაართვეს: 45 ლარი, მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი, საფულე, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით, ბეჭდები, სამაჯურები და სხვა პირადი ნივთები, დასტურდება ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ასევე - მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ოქმებით, რა დროსაც სამართალდამცავებმა ამოიღეს დაზარალებულისაგან გატაცებული ნივთები, რომლებსაც მსჯავრდებულები ატარებდნენ პირადად ან ინახავდნენ საცხოვრებელ სახლებში და რომლებიც მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს, ამოიცნო ჯ. მ.; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ქუდსა და სამაჯურზე, ასევე - მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ პოლიმერული მასალის ბოთლზე, სიგარეტის კოლოფებზე, ქამარსა და პირსახოცზე აღმოჩენილია დაზარალებულ ჯ. მ-ს ბიოლოგიური კვალი, ისევე, როგორც - მსჯავრდებულ დ. რ-ს შარვალსა და მისივე პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პლასტიკურ ბარათებზე, რომლებიც, თავის მხრივ, გაცემული იყო ჯ. მ-ს სახელზე. დაზარალბულის მონათხრობი, რომ თავდამსხმელებმა ხელებითა და ფეხებით სცემეს და თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი, რითაც ცდილობდნენ მის გაგუდვას, დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, ჯ. მ-ს პირადი გასინჯვისას დაუდგინდა: ხანდაზმულობით დანაშაულის ჩადენის დროსთან თანხვდენილი მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში, რომლებიც მიყენებულია მკვრივ-ბლაგვი საგნით, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის ხელი ან ფეხი, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულის მითითებით ამოღებულ პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა ჯ. მ-ს თმა და ბიოლოგიური მასალა; მოწმე შ. გ-მ დაადასტურა, რომ შემთხვევიდან მალევე ჯ. მ-ს თვალნათლივ აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც დ. რ.მ უთხრა, რომ დაზარალებულს ქუჩაში სცემდნენ და გააშველა. დაზარალებულის მონათხრობი, რომ შემთხვევის შემდეგ დ. რ-მ იგი წაიყვანა თავის სახლში, სადაც მან ნახა შ. გ., რომელსაც გაანდო მომხდარი და რომელმაც მოგვიანებით გააცილა იგი სახლში, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას შ. გ-მ, რომლის განმარტებით, შემთხვევის დღეს დ. რ-მ სახლში მიიყვანა ნაცემი ჯ. მ., რომელმაც უთხრა, რომ დ. რ-მ და მ. ლ-მ მოსთხოვეს ფული და სცემეს. მან სახლში გააცილა დაზარალებული, რომელიც იყო ძალიან შეშინებული. საყურადღებოა, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილა რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულს ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში დ. რ. და მ. ლ. და ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მტკიცებას, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ჯ. მ-ს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება არის სარწმუნო და აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

12. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ..., წარმოადგენს რკინიგზის ყოფილ სარემონტოს ეზოში არსებულ ერთსართულიან შენობას, რომელსაც აქვს ერთფრთიანი კარი და შეუმინავი ფანჯარა, სამართალდამცავებმა დაათვალიერეს ქონების მესაკუთრის - ზ. ს-ს, დაზარალებულ ჯ. მ-სა და ექსპერტ ზ. გ-ს მონაწილეობით, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სადავო სახლს არ აქვს კარი, ფანჯარა და დაუდგენელია, ჰყავს თუ არა მესაკუთრე; დაზარალებულ ჯ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ შენობას იგი იყენებდა საცხოვრებლად და თავდასხმის მომენტში იქ ეძინა, რაზეც ცალსახად მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საცხოვრებელში მრავლად არის ჯ. მ-ს ტანსაცმელი, პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთები და ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილი, რომელსაც დაზარალებული იყენებდა საცხოვრებლად, არ არის კეთილმოწყობილი, ვერ გამორიცხავს დ. რ-სა და მ. ლ-ს ქმედებაში გამოკვეთილ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ყაჩაღობას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. რ-სა და მ. ლ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

14. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-სა და მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი