საქმე # 330100119003315537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№655აპ-22 ქ. თბილისი
ჩ. ვ., 655აპ-22 12 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ვ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; კასატორის მითითებით, დაზარალებულ მ. პ-ს მონათხრობი 2018 წლის 23 ივნისის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით დასტურდება: მოწმეების - მ. ბ-ს, ა. ა-ს, ო. გ-სა და მ. პ-ს ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისის ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით - მოწმე ა. თ-ს ჩვენებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ მ. მ-სა და ფსიქოლოგ ქ. მ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ ვ. ჩ-ს ქმედებების შედეგად მ. პ. განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედების შედეგად დაზარალებული წლების განმავლობაში განიცდიდა ტანჯვას, გაუგებარია დაზარალებულის ჩვენების ნაწილის საეჭვოდ მიჩნევა იმ მიზეზით, რომ მ. პ-მ მომხდარის თაობაზე დაუყოვნებლივ არ უამბო თავის ნაცნობებს, პოლიციელებსა და სამედიცინო პერსონალს და მითუფრო იმის გამო, თუ რატომ არ შეატყობინა დაზარალებულის დამ სამართალდამცავებს, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა დაზე ძალადობის ფაქტი, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. ჩ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
2. მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ტ. საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჩ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ (2018 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ (2018 წლის სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ვ. ჩ. და მ. პ. 2014 წლიდან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან - იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში ვ. ჩ.სისტემატურად შეურაცხყოფდა ორსულ მეუღლეს - მ. პ-ს, აგინებდა და ლანძღავდა მას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3.2. 2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ... № ბინაში, ვ. ჩ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, მუშტი და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა მ. პ-ს სახისა და ტანის არეში, შემდეგ მაგიდიდან აიღო ხანჯალი და დაარტყა მუცელში, რის შედეგადაც მიაყენა: ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში, ზედა, მარჯვენა ყბის ძვლისა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ასევე - ტვინის შერყევა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3.3. 2018 წლის 28 სექტემბერს, დილის საათებში, კორპუს №...-ში მდებარე №... ბინაში, ვ. ჩ-მ იძალადა ორსულ მეუღლეზე, კერძოდ, მ. პ-ს მოქაჩა თმა, გადმოათრია საწოლიდან და იატაკზე დაგდებულს ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.4. 2018 წლის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში, საღამოს საათებში, ... მიმდებარედ, შუქნიშანთან, ვ. ჩ-მ ურთიერთშელაპარაკების დროს, თავის ავტომანქანაში იძალადა ორსულ მეუღლეზე, კერძოდ, მ. პ-ს მოქაჩა თმა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. ვ. ჩ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ვ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრისა და 2018 წლის სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; ვ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 საათით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ვ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სამხილების საკმარისი ერთობლიობით არ დასტურდება ვ. ჩ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისის ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები 2018 წლის 28 სექტემბრისა და ამავე წლის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით - არაფრის მთქმელია, ხოლო 2018 წლის 23 ივნისის ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს; სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების იმგვარი უტყუარი ერთობლიობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ვ. ჩ-ს წარდგენილ სხვა ბრალდებებს; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ მ. მ-სა და ფსიქოლოგ ქ. მ-ს ჩვენებებთან მიმართებით, რომლებზეს ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში და რომელთა ერთობლიობით დგინდება, რომ ვ. ჩ-ს ქმედებების შედეგად მ. პ. განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, აღსანიშნავია, რომ ვ. ჩ. დამნაშავედ არის ცნობილი სწორედ ორსულ მეუღლეზე სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის გამო და მის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს, მათ შორის, ზემოაღნიშნული სამხილბი.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი