Facebook Twitter

საქმე # 140100121005255553

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №659აპ-22 ქ. თბილისი

ჩ. გ., 659აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გ. ჩ-მ სასჯელი სრულად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; გასათვალისწინებელია, რომ გ. ჩ-ს ქმედებამ გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ორი ადამიანის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ამასთან, დაზარალებულებს მის მიმართ გააჩნიათ პრეტენზია, რადგან მათთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით გ. ჩ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გაუქმდა გ. ჩ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გ. ჩ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ...... კილომეტრზე, .... ტერიტორიაზე, დ-ს მიმართულებით ,,ნისან სკაილაინის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით DD-801-SD, მოძრავმა გ. ჩ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართი, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები და წინიდან შეეჯახა აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ, ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა ზ. ლ.. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ზ. ლ-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო მისმა მგზავრმა - დ. ლ-მ და ,,ნისან სკაილაინის“ მარკის ავტომობილის მგზავრმა - გ. კ-მ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ. ჩ-მ სასჯელი სრულად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (გ. ჩ. წარსულში არ არის ნასამართლევი, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა მსჯავრად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაეთვალა პირობით, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც სასჯელის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

9. სახელმწიფო ბრალმდებელი მსჯავრდებულ გ. ჩ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების მთავარ საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მას არ აუნაზღაურებია დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ბრალდების მხარის ამ მოთხოვნაზე გაცემულია ამომწურავი პასუხი, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებული გ. ჩ. თავს არ არიდებს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც ვერ შეძლო ჯანმრთელობისა და მატერიალური მდგომარეობის გამო.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი