საქმე # 330100121004757251
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №826აპ-22 ქ. თბილისი
ჯ. ა., 826აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. ჯ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ა. ტ-ს ჩვენება, რომელიც ა. ჯ-ს ამხელს დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს; დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ საეჭვოა დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მიაჩნია, რომ დაზარალებული ცრუობს მის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განაჩენით ა. ჯ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; ა. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ჯ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, ხოლო იმავე კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვამ სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ა. ჯ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, ხოლო სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.
მსჯავრდებულ ა. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 4 მაისიდან.
გაუქმდა ა. ჯ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჯ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
ა. ჯ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 1 მაისის დაახლოებით 23:00 საათიდან - 2021 წლის 2 მაისის დაახლოებით 04:00 საათამდე პერიოდში, .... მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ჯ-მ იძალადა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ა. ტ-ზე, რომელთანაც წარსულში ასევე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ა. ტ-ს დაუზიანდა ენა. მანვე ხელით არაერთხელ მოქაჩა თმა, ხოლო საბურავის მოსახსნელი ქანჩი ორჯერ დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური ზიანი.
- 2021 წლის 1 მაისის დაახლოებით 23:00 საათიდან - 2021 წლის 2 მაისის დაახლოებით 04:00 საათამდე დროის პერიოდში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, მუქარისათვის ნასამართლევი ა. ჯ. სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკვლით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ა. ტ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადაევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ და მსჯავრდებულ ა. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ.
- სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ა. ჯ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების კუთხით.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ჯ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულ ა. ჯ-ს ბრალეულობა არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მისი ბრალეულობა, დაზარალებულ ა. ტ-ს პირდაპირი ჩვენების გარდა, ასევე დადასტურებულად მიაჩნია სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე მ. მ-ს ჩვენებით, მ. მ-სა და დაზარალებულ ა. ტ-ს შორის არსებული სატელეფონო მიმოწერითა და ვიდეოზარით, 2021 წლის 3 მაისს ა. ტ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ა. ჯ-ს მიმართ 2021 წლის 3 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, სახელდობრ:
9. მოწმე მ. მ-ს განმარტებით, დაზარალებულმა ა. ტ-მ მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით აცნობა, რომ ყოფილმა მეუღლემ იმ დღეს მასზე ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა, რის შემდეგაც გადაურეკა ვიდეოთვალით, რა დროსაც დაზარალებულს თვალის მიდამოში ეტყობოდა სიწითლე და იყო განერვიულებული. დაზარალებულის სახლში მისულმა კი პირადადაც ნახა, რომ ა. ტ-ს ბარძაყის არე ჰქონდა დალურჯებული, სახეზე კი ეტყობოდა სიწითლე და ემჩნეოდა გარკვეული სახის დაზიანება ყელსა და ენაზე. ა. ტ-მ მოწმეს დეტალურად უამბო ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ; დაზარალებულის და მოწმე მ. მ-ს ჩვენებების სისწორე დასტურდება მათ შორის გამართული სატელეფონო მიმოწერითა და ვიდეოზარით, რა დროსაც დაზარალებული მოწმეს უამბობს ძალადობის დეტალებს და მის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ; ა. ტ-ს მონაწილეობით 2021 წლის 3 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დგინდება, რომ დაზარალებულმა გამომძიებელი მიიყვანა გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, სადაც მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ყოფილმა მეუღლემ მასზე რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; ა. ჯ-ს მიმართ 2021 წლის 3 მაისს გაცემულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში ასევე მითითებულია ა. ჯ-ს ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე დაზარალებულის მიმართ, ხოლო დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N დასკვნით (რომლის სისწორის საეჭვოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია) ირკვევა, რომ ა. ტ-ს გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა ზედაპირული ჭრილობა ენის მიდამოში და სისხლნაჟღენთები მარცხენა ქვედა კიდურის არეში.
10. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ილია გიორგაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი