Facebook Twitter

საქმე # 330100121004963849

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №839აპ-22 ქ. თბილისი

ი-ი ა, 839აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით:

1.1. ა. ი-ი, - დაბადებული .... წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 24 ივლისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი-ა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. ი-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ,,EKOL FIRAT MAGNUM” მოდელის, 9 მმ ნომინალურკალიბრიან, კუსტარულად დამზადებულ პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე ექვს ცალ, 9 მმ ნომინალურკალიბრიან, კუსტარული წესით დამზადებულ ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა 2021 წლის 24 ივლისს ამოიღეს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა. ი-ის პირადი ჩხრეკისას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ა. ი-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჩ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და ა. ი-ის გამართლება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ა. ი-ის ბრალად წარდგენილ თითოეულ დანაშაულში მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - გ. ჯ-ს, ე. მ-ის, ვ. ბ-ის, ნ. კ-ის, მ. ფ-ის, დ. თ-ის, ლ. შ-ის, ი. ქ-ას, ი. ღ-ა და სხვათა ჩვენებებით, პატაკით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

6.1. მოწმე გ. ჯ-მ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე ა. ი-ს შესაძლოა საცხოვრებელ ბინაში ჰქონოდა ან პირადად ეტარებინა ცეცხლსასროლი იარაღი. მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით მიაწოდა ხელმძღვანელობას.

6.2. ე. მ-ა, დ. თ-ა, ი. ქ-მ და ლ. შ-მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს 2021 წლის 24 ივლისს, 12:54 საათზე, ქ. თ-ი, ვ-ის მე-.. მიკრორაიონის მე-... კვარტალში, N... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ი-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ფაქტი, რა დროსაც ა. ი-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ,,EKOL FIRAT MAGNUM” მოდელის 9 მმ ნომინალურკალიბრიან, კუსტარულად დამზადებულ პისტოლეტს. ამ ჩვენებებს ადასტურებს ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ა. ი-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იარაღი NEFi2 20110001 წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიან „EKOL FIRAT MAGNUM“ მოდელის ხმოვან პისტოლეტს, განკუთვნილს ამავე ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნების გასასროლად; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტზე დატანილი წარწერები და ნომრის აღმნიშვნელი - დამღა შეესაბამება ამ მოდელის იარაღებზე ქარხნული წესით დატანილ წარწერებს და დამღას. ასევე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 6 ცალი ვაზნა წარმოადგენს 9 მმ ნომინალურკალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, ხმოვან ვაზნებს, რომელთაც მოხსნილი აქვს ხუფი და ვაზნები კუსტარულად არის დამუხტული ტყვიის მასალისგან დამზადებული ფინდიხით, ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,...პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღ. ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N1-5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. ი-ს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში...აღებული ა. ზ-ს ძე ი-ი დაბ: ... წელს. პირის ღრუდან...) და ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით: ექსპერტიზაზე საკვლევად წარმოდგენილი პისტოლეტიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ (გასროლები) შესრულებულია. ამდენად, განსახილველ საქმეში მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (ექსპერტიზის დასკვნებთან, პირადი ჩხრეკის ოქმთან და ა.შ).

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და აქვთ პირადი ინტერესი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეების - გ. ჯ-ს, ე.მ-ის, ლ. შ-ა და ი. ქ-ს ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და აღნიშნული მტკიცებულებები გამოყენებულ უნდა იქნეს ა. ი-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის თვალსაზრისით; აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით, ხოლო ა. ი-ის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან არ ვლინდება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რის საფუძველზეც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანა შესაძლებელი გახდებოდა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17).

8. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას პირადი ჩხრეკის ოქმზე დატანილი ინფორმაციის სიყალბესთან დაკავშირებით, რის დამადასტურებელ არგუმენტადაც მოჰყავს ის გარემოება, რომ აღნიშნულ ოქმზე არ არსებობს ბრალდებულის ხელმოწერები.

8.1. ბრალდებულის ხელმოწერის არარსებობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ჩხრეკის ოქმს ბრალდებული მოაწერს თუ არა ხელს, ეს მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და მსგავს ვალდებულებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს. გარდა ამისა, ობიექტური პირისთვის ძნელად წარმოსადგენია, რამდენად ექნება ბრალდებულს სურვილი ხელი მოაწეროს დაკავების ოქმზე, მაშინ, როცა პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ცდილობს მიიმალოს და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს. როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით დგინდება, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - ა. ი-ის პირადი ჩხრეკა და მათი საპროცესო დამაგრება, განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და რაიმე კანონდარღვევა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვისას არ გამოვლენილა.

8.2. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის - პირადი ჩხრეკა; ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელმა ა. ი-ს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს №11ბ/12499 განჩინება, რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც საჭირო გახდა იძულების პროპორციული ღონისძიების გამოყენება, კერძოდ: მსჯავრდებულმა პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა და სცადა ადგილიდან მიმალვა. მასვე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობები; აღნიშნული ჩხრეკის ოქმი დადასტურებულია მასში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერით, ხოლო თავად ა. ი-ა გაურკვეველი მიზეზით ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რაც მისი უფლება იყო. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევა, რომლის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასა და გამოძიების დაწყებიდან პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე არსებულ ხანგრძლივი პერიოდის არსებობასთან მიმართებით (პირადი ჩხრეკის ნებართვის შესახებ განჩინება გაცემულია 2021 წლის 3 ივლისს, ხოლო პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2021 წლის 24 ივლისს).

9.1. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს, რომ ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის ერთ-ერთ ფორმას; ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლი გამომძიებლისა და პროკურორის პირდაპირ ვალდებულებას ადგენს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაიწყონ გამოძიება. გამოძიების პროცესი კი მოიცავს არაერთი რთული საპროცესო მოქმედების ერთობლიობას, რომელიც, თავის მხრივ, გადის სასამართლო კონტროლს და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ნებართვის გაცემიდან საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გავიდეს რამდენიმე დღე. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონმდებელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის განჩინებას აქვს მოქმედების ვადა, კერძოდ, განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში, რაც განსახილველ საქმესთან მიმართებით არ მომხდარა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამართლებრივ მოტივაციას, რომლის თანახმადაც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა ა. ი-ის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში.

11. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

12. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი