Facebook Twitter

საქმე # 020100122005445787

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №859აპ-22 ქ. თბილისი

ხ-ე მ 859აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით:

1.1. მ. ხ-ე, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და მას შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 17 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ნასამართლევი მ. ხ-ე 2022 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ტელეფონის საშუალებით სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა ზ-ის რაიონის სოფელ ნ-ი მყოფ ყოფილ მეუღლეს - თ. ბ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და გადაწვავდა ზ-ის რაიონის სოფელ ნ-ი, ლ-ს ქ. №...-ში მდებარე თ. ბ-ის საცხოვრებელ სახლს.

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ნასამართლევი მ. ხ-ე 2022 წლის 6 იანვარს ქონების განადგურებით დაემუქრა ფ-ი მყოფ ყოფილ მეუღლეს - თ. ბ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ გადაწვავდა ზ-ის რაიონის სოფელ ნ-ი, ლ-ას ქუჩის №...-ში მდებარე თ. ბ-ის საცხოვრებელ სახლს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმება ან მსჯავრდებულ მ. ხ-ის შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მ. ხ-ე არ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ჩადენის ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ თ. ბ-ა და მოწმეების - ლ. ხ-ის, ე. ხ-ის, ჟ. ლ-ას, თ. ბ-ის, ი. ხ-ის ჩვენებებიდან, №... შემაკავებელი ორდერიდან და სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, რომლებიც აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. აღნიშნული ჩვენებები შეესაბამება და თანხვდენილია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ:

8. დაზარალებულ თ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 2 იანვარს მ. ხ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მათ არასრულწლოვან შვილს - ე. ხ-ს, რომელსაც უთხრა, რომ დედას ,,ჟანგიანი დანით გამოჭრიდა ყელს და სახლს დაუწვავდა“. აღნიშნული სიტყვები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად არასრულწლოვანმა ე. ხ-მ, რომელსაც მობილური ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა დაყენებული და მამის ეს სიტყვები ოჯახის ყველა წევრმა მოისმინა. ე. ხ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენება დასტურდება ასევე არასრულწლოვან ლ. ხ-ა და ჟ. ლ-ს ჩვენებებით, რომელთაც განაცხადეს, რომ გაიგონეს, როგორ უთხრა მ. ხ-მ ე-ს, დედაშენს ჟანგიანი დანით გამოვჭრი ყელსო. თავად დაზარალებულ თ. ბ-ის განმარტებით, მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა, ვინაიდან მ. ხ-ე წარსულშიც არის ნასამართლევი მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე და გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მას აეკრძალა მის სახლთან მიახლოება. აღნიშნული შეზღუდვები კიდევ უფრო ამყარებს და ადასტურებს დაზარალებულის პოზიციას.

9. მოწმე თ. ბ-ის ჩვენებით, მას ხშირად უკავშირდებოდა მ. ხ-ე და სთხოვდა დახმარებას მეუღლესთან შერიგებაში. როდესაც ბიძაშვილს ესაუბრა ამ თემაზე, მან უპასუხა, რომ მ. ხ-ე არის მოძალადე და მასთან არ სურდა ცხოვრება. 2022 წლის 6 იანვარს კვლავ დაუკავშირდა მ. ხ-ე, რომელიც უშვერი სიტყვებით აგინებდა თ. ბ-ა და მის ოჯახს, ემუქრებოდა, რომ დაწვავდა იმ სახლ-კარს, სადაც იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ, იქით შეეხვეწებოდნენ შერიგებას. ეს ყველაფერი კი უამბო ბიძაშვილს - თ-ს. დაზარალებულმა თ. ბ-ა დაადასტურა ეს გარემოებები და აღნიშნა, რომ შეეშინდა, მ. ხ-ს მართლაც არ გადაეწვა მისი მშობლების სახლ-კარი და შეატყობინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება მ. ხ-ის მხრიდან თ. ბ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ჩადენის ფაქტი.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატ ფ. ბ-ს მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის შიშის რეალურობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს და არა - რამდენიმე დღის შემდეგ, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ზოგადად, შიშზე პირის რეაქციის ერთი კონკრეტული სტანდარტის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან იგი მკვეთრად ინდივიდუალური ემოციაა და ვერ დაიყვანება საერთო მაჩვენებელზე.

12. რაც შეეხება იმ გარემოებას, მიაჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარა საფუძვლიანად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ითვალისწინებს დაზარალებულ თ. ბ-ა და მსჯავრდებულ მ. ხ-ს შორის არსებულ არაჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებას, თავად მსჯავრდებულის პიროვნებას, რომელიც წარსულში ნასამართლევია სწორედ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისათვის და მიაჩნია, რომ მუქარის მსხვერპლს - თ. ბ-ს ნამდვილად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.

13. მსჯავრდებულ მ. ხ-ის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არის სამართლიანი. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი - დაზარალებულის დაშინება; ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - მისწრაფება დაზარალებულს დაურღვიოს მყუდრო, მშვიდი ცხოვრება; მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე - აგრესიული და დაუნდობელი ხასიათი; ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება - ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ) და ისე დანიშნა შესაბამისი სასჯელი.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო მსჯავრდებულ მ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეფასდა და შეეფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

16. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი