საქმე # 160100120003984478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №873აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი ზ 873აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; პოლიციის მუშაკის წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ასევე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 7-8 ნოემბერს, ღამის საათებში, ზ. მ-ი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მ-ის რაიონის სოფელ ე-ი, ა. ფ-ის მიწის ნაკვეთში, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფ. მ-ს კუთვნილ, 1250 ლარად ღირებულ ერთ სულ ცხენს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2020 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, შსს ქვემო ქ-ის დეპარტამენტის მ-ის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლები - ა. დ-ი და გ. ი-ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და გადაადგილდებოდნენ მ-ის რაიონში. სოფელ ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდვრებში მათ შეამჩნიეს მოქალაქე ზ. მ-ი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პირის გადამოწმების მიზნით, მას მოსთხოვეს პირადობის მოწმობის წარმოდგენა, თუმცა ზ. მ-ა უარი განაცხადა პირადობის მოწმობის წარდგენაზე, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეეცადა მიმალვას. როდესაც სცადეს მისი შეჩერება, ზ. მ-ა გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახეში გ. ი-ს და ხელით ჩამოკაწრა კისერი, ხოლო შემდგომ მუშტი დაარტყა ა. დ-ს ჯერ მარცხენა წარბის არეში, ხოლო შემდეგ - მარჯვენა მკლავში. ასევე, წინააღმდეგობის გაწევისას ა. დ-ს დაუზიანა სამსახურებრივი ჟილეტი.
· ზ. მ-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ “ИЖ-27 მ“ მოდელის, 12-კალიბრიან, ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც თვითნაკეთი წესით დამოკლებული აქვს ლულები და კონდახი. 2020 წლის 19 სექტემბერს ზ. მ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ამოიღეს მ-ის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს, 08:20 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ზ. მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
· ზ. მ-ა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 44 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რაც ამოიღეს მ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2020 წლის 19 სექტემბერს, 8:20 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით:
2.1. ზ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 33000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2020 წლის 10 აპრილიდან იმავე წლის 14 აპრილის ჩათვლით და 2020 წლის 19 სექტემბრიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით), ზ. მ-ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი.
2.3. ზ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
2.4. ო. მ-ს (პ/ნ....) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს ზ. მ-ის მიმართ 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს სახით გადახდილი 6000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან ერთად ზ. მ-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
5.1. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ-ა შესაგებლით მოითხოვა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ზ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: მოწმეების - ა. დ-ის, გ. ი-ის, ი. ქ-ის ჩვენებებით, საქართველოს შს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექპერტიზის N... და N.... დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან, განსხვავებით ბრალდების დანარჩენი ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი ზ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით - ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, თუ რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
9. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს ან გამოცდილებას. რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს საეჭვოს გახდის.
10. პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ფ. მ-ის კუთვნილი ცხენის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით აპელირებს დაზარალებულ ფ. მ-ა და მოწმე გ. ფ-ის ჩვენებებზე, ს. კ-ის გამოკითხვის ოქმზე, ს. კ-ა და ზ. მ-ს შორის არსებულ ფარულ ჩანაწერზე, რომლებიც, კასატორის მოსაზრებით, უტყუარად ადასტურებენ ზ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს ირიბი ხასიათის ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
12. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ფ. მ-ა დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 7 ნოემბერს, დილით აღმოაჩინა, რომ მისი ცხენი ადგილზე აღარ იყო. პოლიციისგან გაიგო, რომ ცხენი ზ-ს ჰყავდა წაყვანილი. რაც შეეხება მოწმე ს. კ-ს, მისი დაკითხვა ვერ მოხდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და სასამართლოში გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. აღნიშნული პირი არ შესწრებია ქურდობის ფაქტს და მისი განმარტებით, მხოლოდ ზ. მ-ნ შეიტყო, რომ ვ. ა-ნ ერთად მოპარული ჰყავდა ერთი სული ცხენი. თავად მსჯავრდებულმა აღნიშნული ფაქტი უარყო. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში გადმოცემულ ინფორმაციას, ზ. მ-ი არ ადასტურებს, რომ თავად ან სხვა პირთან ერთად ფარულად დაეუფლა ცხენს, საუბარში აქტიურობს სამირ კასუმოვი, რაც მის გარკვეულწილად დაინტერესებაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია ზ. მ-ის მიმართვა, რომ ს. კ-ი ,,შარის გამოა მასთან მისული“. რაც შეეხება მოწმე გ. ფ-ის ჩვენებას, ის არაა ფაქტის შემსწრე და სასამართლოს ინფორმაციას აწვდის 16 ნოემბრის ოპერატიულ ინფორმაციაზე, რომლის შინაარსიც უკვე 11 ნოემბერს ს. კ-ის გამოკითხვის ოქმიდან იყო გამოძიებისთვის ცნობილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ ერთი, ს. კ-ის გამოქვეყნებული პირდაპირი ჩვენება - ცხენის ზ. მ-ის მიერ გადაცემასთან მიმართებით და მისი ირიბი ჩვენება, ცხენის დაუფლებასთან დაკავშირებით, სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთად, რომლის წყაროც თავად ს. კ-ია, ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს მსჯავრდებულ ზ. მ-ის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებასა და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რადგან საქმეში არსებული მასალები სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე პოლიციის თანამშრომლების - მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებლების - ბ. გ-ის, ლ. დ-ა და შ. ს-ის მიერ მიცემულ ჩვენებებსა და თარჯიმან ნ. გ-ის ჩვენებას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, კერძოდ:
14.1. პოლიციის თანამშრომლები მიუთითებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის ერთი ავტომანქანით, თარჯიმან ნ. გ-ან ერთად, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ნეიტრალურმა პირმა - თარჯიმანმა ნ. გ-ა ცალსახად განმარტა, რომ იგი ჩხრეკის ჩასატარებლად სამმართველოდან გავიდა ბ. გ-ნ ერთად და ადგილზე მისვლისას დახვდნენ ლ. დ-ე და შ. ს-ე, რომლებიც ესაუბრებოდნენ ზ. მ-ს. თავად ზ. მ-ა კი განმარტა, რომ არც იარაღი და არც ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება მოწმის სახით დაკითხულ, თარჯიმან ნ. გ-ის ჩვენებას, თავად მსჯავრდებული კი სადავოდ ხდის ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფაქტს, ჩნდება საფუძვლიანი კითხვები, რატომ უარყოფენ პოლიციის თანამშრომლები ორ ჯგუფად მისვლის ფაქტს. ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები, პოლიციის თანამშრომელთა ადრეული კონტაქტი და მოქმედებები ზ. მ-ან თარჯიმნისა და გამომძიებლის მისვლამდე და აღნიშნულის საფუძველზე გაჩენილი კითხვის ნიშნები იმის უპირობო საფუძველს წარმოადგენს, რომ მოწმეების - ბ. გ-ის, ლ. დ-ა და შ. ს-ს ჩვენებები არ იქნეს მიჩნეული უტყუარ და სანდო მტკიცებულებებად.
16. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ისეთი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიცაა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (დანიშნული 2020 წლის 3 ნოემბერს), რომელსაც საკმაოდ ბევრ კითხვაზე შეეძლო პასუხის გაცემა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ. მ-ის ქურდობაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვასა და მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, ასევე მარიხუანის უკანონო შეძენა- შენახვაში დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ზ. მ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი