Facebook Twitter

საქმე # 330100121004578691

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №874აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი ჯ, 874აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. გ-ს, - დაბადებულს .... წლის ... მაისს, - ბრალად ედება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ჯ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,კ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე.

2.2. ჯ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 7 მარტიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. გ-ა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის 7 მარტის ჩათვლით, ჯ. გ-ი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, ფიზიკურად ძალადობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ლ. გ-ე. ჯ. გ-ი ლ. გ-ს გენდერის გამო არ თვლიდა სრულუფლებიან ადამიანად, ეუბნებოდა, რომ იყო ,,მხოლოდ გასანაყოფიერებელი საშუალება“ და ეპყრობოდა როგორც ნივთს. უკრძალავდა მშობლებთან კომუნიკაციას, ასევე სოციალური ქსელითა და კომპიუტერით სარგებლობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მოთხოვდა, რომ ქალს შვილები ისე აღეზარდა, რომ ბავშვებს მამა მეტად ჰყვარებოდათ, იყო დომინანტი ოჯახში და ითხოვდა ქალისგან უსიტყვო მორჩილებას.

· 2020 წლის 5 ივნისს ლ. გ-ს დაეწყო ნაადრევი მშობიარობა. მან რამდენჯერმე სთხოვა ჯ. გ-ს, რომ დედას დაურეკავდა და შეატყობინებდა მისი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულზე ჯ. გ-ი გაბრაზდა და ორსულ ლ. გ-ს სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის ოქტომბერში თ-ი, მ-ს მე-.. მიკრორაიონში, №... კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, ლ. გ-მ მოკითხვის მიზნით დაურეკა მშობლებს, რაზედაც გაღიზიანდა ჯ. გ-ი, დაუწყო მეუღლეს ლანძღვა-გინება, სახის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის იანვარ-თებერვალში თ-ი, მ-ის მე-... მიკრორაიონში, №.. კორპუსში მდებარე ბინა №...-ში, ჯ. გ-ა მარცხენა ყურის არეში ძლიერად დაარტყა ხელი ლ. გ-ს, რომელიც გაერიდა მეუღლეს და შევიდა სამზარეულო ოთახში, სადაც ჯ. გ-ა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თავისა და სახის მიდამოში გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა. ცემის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ჯ. გ-ა დანა დაადო კისერზე დაზარალებულს და დაუწყო ლანძღვა-გინება. ნანახით შეშინებულმა არასრულწლოვანმა თ. გ-ა დაიწყო ტირილი.

· 2021 წლის 7 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ი, მ-ის მე-.. მიკრორაიონში, №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ში, ნასვამმა ჯ. გ-ა ხელით თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. გ-ს, ასევე მოქაჩა თმა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ძალადობის დროს სახლში იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი შვილებიც.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენის გაუქმება და ჯ. გ-ის გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19 და 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).

9. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია პირდაპირი მტკიცებულება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით და ასევე - სხვა, არაპირდაპირი მტკიცებულებები, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

10. დაზარალებულ ლ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ. გ-ნ და ჰყავთ ორი საერთო შვილი - 2 წლის თ-ი და 1 წლის და 3 თვის ლ-ა. ჯ. გ-ი იყო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. ლ. გ-ე მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში იყო მისი მხრიდან შევიწროების მსხვერპლი. ჯ. გ-ი იყო დომინანტი ოჯახში, ქალისგან ითხოვდა უსიტყვო მორჩილებას, უწესებდა აკრძალვებს, მას არ ჰქონდა სოციალური ქსელითა და კომპიუტერით სარგებლობის უფლება, შეზღუდული ჰქონდა საკუთარ მშობლებსა და ძმასთან ტელეფონით კომუნიკაციის უფლება, სახლიდან ვერ გადიოდა მეუღლის ნებართვის გარეშე; ჯ. გ-ი მოითხოვდა, ლ. გ-ს შვილები ისე აღეზარდა, რომ ბავშვებს მამა მეტად ჰყვარებოდათ. ლ. გ-ს არ ჰქონდა უფლება, ღამით უფროსი შვილის - 2 წლის თ-ის გვერდზე დაწოლილიყო მაშინ, როდესაც ჯ. გ-ი სახლში იმყოფებოდა, ბავშვთან წვებოდა მამა. ჯ. გ-ი მუდმივად ამცირებდა ლ. გ-ს გენდერული ნიშნით, ეუბნებოდა, რომ იყო მხოლოდ გასანაყოფიერებელი საშუალება. ლ. გ-ს არ ჰქონდა უფლება, გამოსულიყო ოთახიდან, როდესაც ოჯახში სტუმრები იმყოფებოდნენ. ჯ. გ-ის მიერ დადგენილი წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქალი ხდებოდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ჯ. გ-ი ყოველი ძალადობის დროს თავში ურტყამდა ხელებს. ფიზიკური ძალადობის მასშტაბისა და რაოდენობის მიუხედავად, ლ. გ-ე ვერ რეკავდა პოლიციაში, რადგან ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებული ბავშვების წართმევით, ასევე მამისა და ძმის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მორიგეობიდან სახლში დაბრუნებული ჯ. გ-ი უმიზეზოდ იწყებდა დებოშს, გენდერული ნიშნით ძალადობდა მეუღლეზე, ხოლო ძალადობის ხერხი ყოველთვის იყო ერთი და იგივე - ურტყამდა თავში. დაზარალებულმა, ძალადობის სიხშირიდან გამომდინარე, ვერ გაიხსენა ყველა შემთხვევა თარიღების მიხედვით, აღიდგინა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ძალადობები და ქრონოლოგიურად აღწერა ისინი.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ლ. გ-ის ჩვენება თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია; სრულადაა თანხვდენილი საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და როგორც ცალკე, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად გაანალიზებული, აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს.

12. დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენება სრულად შეესაბამება მოწმეების - ი. ხ-ა და ა. გ-ს ჩვენებებს, რომელთა თანახმადაც, 2021 წლის იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისის ეპიზოდთან მიმართებითაც დადგინდა, რომ ი. ხ-ას ლ. გ-მ აღელვებულმა შეატყობინა ძალადობის ფაქტი და ხილული ფიზიკური დაზიანებებით დაბრუნდა მშობლების სახლში. ორივე მოწმემ დაადასტურა მსხვერპლის ყურზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, ი. ხ-მ აღნიშნული დააფიქსირა მობილურ ტელეფონშიც. მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ლ. გ-მ მამას - ა. გ-ს დაურეკა ტელეფონით და სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო მასთან სახლში, რადგან მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა მასზე. სასწრაფოდ წავიდნენ შვილთან დასახმარებლად. ამავე დროს, ი. ხ-ია გზიდან რეკავდა, როგორც 112-ში, ასევე ლ. გ-ნ და ამოწმებდა მის მდგომარეობას, ტელეფონში ესმოდა შვილის ტირილის, ასევე ჯ. გ-ის გინებისა და ყვირილის ხმა. იყვნენ პანიკაში, რადგან იცოდნენ, რომ ჯ. გ-ი ფიზიკურად ხშირად ძალადობდა ლ. გ-ე და არ იყო გამორიცხული, სერიოზულად დაეშავებინა იგი. სატელეფონო აუდიოჩანაწერით დადგენილია, რომ ი. ხ-ია და ა. გ-ე პერმანენტულად რეკავენ გზიდან როგორც ლ. გ-ნ, ასევე ჯ. გ-ან, ა. გ-ე სთხოვს ჯ. გ-ს, შვილი არ მოუკლას, რადგან იცის, რომ საფრთხე რეალურია წარსულში მომხდარი ძალადობრივი ფაქტებიდან გამომდინარე. საუბარში მოწმე იმეორებს ფრაზებს „გეხვეწები, შვილი არ მომიკლა და ცოცხალი დამახვედრე, ვიდრე მოვალ სახლში“. მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდათ აურზაური, მცირეწლოვანი ბავშვები ტიროდნენ, ჯ. გ-ი, წელს ზემოთ შიშველი, ნასვამი, უკიდურესად აგრესიული, არაადეკვატურად იქცეოდა. ლ. გ-მ, როგორც კი დაინახა დასახმარებლად მისული მამა - ა. გ-ე, კისერზე ჩამოეკიდა და გონება დაკარგა. ი. ხ-ია ცდილობდა შვილის მოსულიერებას, ხოლო ა. გ-ე აკავებდა მოძალადეს. თავად ჯ. გ-ის მშობლები იყვნენ შეშინებულები და ცდილობდნენ აგრესიული შვილის შეკავებას. მოსულიერებულმა ლ. გ-მ მშობლებს უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, თავში ჩაარტყა ხელი. ადგილზე მალევე გამოცხადდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

13. რაც შეეხება მოწმე პოლიციელების - გ. მ-ის, ვ. კ-ის, მ. მ-ის, მ. პ-ის, ნ. ღ-ა და მ. ღ-ის ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თითოეულმა პოლიციელმა ჩვენებაში დაადასტურა დაზარალებულის განცხადება თავში ხელის მრავალჯერ დარტყმაზე. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები - ს. გ-ა და მ. ხ-ი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ძალადობისთვის არ არის აუცილებელი მრავალჯერ დარტყმა, ერთი ძალმომრეობითი აქტიც საკმარისია ძალადობის შემადგენლობისათვის.

14. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ლ. გ-ის ჩვენება საკმარისია სისტემატური ძალადობის ფაქტის დასადგენად; მისი ჩვენება არის ერთადერთი პირდაპირი, თუმცა სანდო მტკიცებულება და იგი, სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად, გამყარებული და შევსებულია საქმეზე წარმოდგენილი ზეპირი თუ წერილობითი მტკიცებულებებით: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით, რითაც დადგენილია, რომ მოქალაქე ლ. გ-ს პირადი შემოწმების მონაცემებით თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, რომლის განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. თხემის არეში (თმოვან ნაწილში), ოდნავ მარცხნივ - ნაკაწრი, კანის დონიდან დაბლა მდებარე, მუქი მოწითალო ფერის, ზომით 0,3X0,1სმ, მშრალი ზედაპირით (შემოწმებისას შემხმარი სისხლის კვალით); აღნიშნავს თავის ტკივილს. დაზარალებულის გადმოცემით, იგი გათხოვილია 2017 წლიდან. ამ დროის განმავლობაში მეუღლეს მასზე ფიზიკურად არაერთხელ უძალადია. ბოლო ფაქტი მოხდა 2021 წლის 7 მარტს, დაახლოებით 01:00-02:00სთ-ზე. ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ მიაყენა ხელით, თავში ჩაარტყა გაშლილი ხელი და მოუჭირა თავის არეში; ასევე - 2021 წლის 7 მარტს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული №... შემაკავებელი ორდერითა და ოქმით, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის ფაქტები, რაც დაზარალებულმა ოქმის გამომცემ პირს მიაწოდა; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, რითაც დადგენილია, რომ გამომძიებელ ბ. კ-ა და მოწმე ი. ხ-ას მონაწილეობით დათვალიერდა მოწმის მიერ წარდგენილ პირად მობილურ ტელეფონში არსებული ფოტომასალა, სადაც ჩანს ლ. გ-ე, ასევე ახლო კადრით ჩანს ყურისა და სახის მარცხენა მიდამო, ხოლო სახის მარცხენა მხარეს, თვალბუდისა და ყურის ზედა ნაწილში, შეიმჩნევა სილურჯეები, რაზეც ი. ხ-მ განმარტა, რომ ფოტოებზე გამოსახულია მისი შვილი ლ. გ-ე, რომელსაც აღნიშნული დაზიანებები მიაყენა ჯ. გ-ა; დაზარალებულ ლ. გ-ს ჩვენებით, ჯ. გ-ა 2021 წლის იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში, სწორედ ყურის არეში მიაყენა დაზიანება, ყური იმდენად გაუსივდა, რომ რამდენიმე ღამე ტკივილისგან ვერ იძინებდა და თავს ბალიშზე ვერ დებდა. მოწმე ი. ხ-ს ჩვენებით კი დადგინდა, რომ 2021 წლის იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში მასთან მივიდა ჯ. გ-ის მიერ ნაცემი ლ. გ-ე, ყურის არეში სილურჯეებით. მან მსხვერპლის დაზიანებულ ადგილებს მობილური ტელეფონით გადაუღო სურათი.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიერ ქმედებების ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - იგი ლ. გ-ს ჩაგრავდა როგორც ქალს, უკონტროლებდა ცხოვრების წესს, სატელეფონო ზარებს, უკრძალავდა მშობლებთან ურთიერთობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, თუნდაც შვილის ეზოში გასეირნებას და, ზოგადად, ნებისმიერ ქმედებას, მოითხოვდა უსიტყვო მორჩილებას, აღიქვამდა როგორც მონას, მიიჩნევდა, რომ დაქორწინებული ქალის ფუნქცია-დანიშნულება იყო მხოლოდ განაყოფიერება და შვილების გაჩენა.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო ადვოკატ გ. ნ-ის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.

17. საკასაციო პალატა ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი