Facebook Twitter

საქმე # 330100122005654730

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №875აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი ა, 875აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენით:

1.1. ა. გ-ი, - დაბადებული ... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 თებერვლიდან.

1.2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ა. გ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება; ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა. გ-ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0893 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც ასევე უკანონოდ გაასაღა თემურ ისმაილოვზე 350 ლარის სანაცვლოდ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 3 თებერვალს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თემურ ისმაილოვისგან მისივე წერილობითი თანხმობით, თ-ი, ფ-ი, რ-ის გზატკეცილი N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

· ა. გ-ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 18,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ი, ფ-ი, თ-ის მე-.. ჩიხის N..-ში. 18,77 გრამი გამომშრალი მარიხუანა 2022 წლის 25 თებერვალს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

· ა. გ-ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,257427 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ი, ფ-ი, თ-ს მე-.. ჩიხის N...-ში. 0,257427 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 2022 წლის 25 თებერვალს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. გ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილის - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შეფარდება პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილის - პირობითად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ ა. გ-ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - თ. ი-ის, ზ. ს-ს, რ. გ-ს, რ. ზ-ის, ი. ნ-ა და ჯ. კ-ის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით, ამოღების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N.... და N... დასკვნებით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, ა. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. გ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ა. გ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ა. გ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორების მითითებაზე, რომ მსჯავრდებული ა. გ-ი პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის გამოც ითხოვს დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე); ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი (ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშეწყობა), ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლე) და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ა. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი