¹ბს-1486-1061(კ-05) 7 მარტი, 2006 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი)ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის განცხადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 მარტს გ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სახელფასო დავალიანების გადახდა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1997 წლიდან მუშაობდა საბაჟო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, აქვს უმაღლესი განათლება, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, რისთვისაც დამსახურებული ჰქონდა არაერთი მადლობა და სამსახურებრივი დაწინაურება, ამის მიუხედავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 იანვრის ¹20-კ ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი « ......... « უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას არ უმსჯელია სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებაზე შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა და «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისთვის სხვა სამსახური არ შეუთავაზებიათ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სახელფასო დავალიანების გადახდა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹20-კ ბრძანება გ. ნ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; იგი აღდგენილ იქნა გამშვები პუნქტი « ....... « უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაევალა განთავისუფლების დღიდან გ. ნ-ისათვის იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების 2491,95 ლარის აუნაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-ი საბაჟო გამშვები პუნქტი « ......... « უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹20-კ ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის ¹426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ 2004 წლის ¹769 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 29 ნოემბრის ¹768 ბრძანების, 2004 წლის 23 ივნისის ¹426 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟოO დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის «ე" ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის «ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოები საშტატო ნუსხის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹775 ბრძანების და «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტით.
2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცებული ძველი საშტატო ნუსხის მიხედვით, საბაჟო გამშვები პუნქტი « ......... « საშტატო ერთეული განისაზღვრებოდა 26 საშტატო ერთეულით. ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საბაჟოზე საშტატო რიცხოვნობა არ შეცვლილა და დარჩა ისევ 26 ერთეული შესაბამისად, შტატების შემცირება ამ კონკრეტულ საბაჟო პუნქტში არ მომხდარა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ მომხდარა გ. ნ-ისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება, ადმინისტრაციას არ უმსჯელია თანამდებობაზე მოხელეთა უპირატესი დარჩენის თაობაზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. გ. ნ-ს უნდა აუნზღაურდეს იძულებითი განაცდური დათხოვნის დღიდან და «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, სახელფასო დავალიანება, რომელიც საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ცნობის თანახმად შეადგენს 2491,95 ლარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამნისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
კასატორი მიუთითებდა, რომ გ. ნ-ის განთავისუფლების დროს დაცულია «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მოთხოვნები, ხოლო რაც შეეხება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნას, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა, თუ ვის ენიჭებოდა რეორგანიზაციის დროს, შტატების შემცირებისას სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება.
კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 ბრძანება, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლები, რომლის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტში და საბაჟო ორგანოებში მომუშავე მოხელეები, მათ შორის გ. ნ-ი გაფრთხილებულ იყვნენ მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, შრომის კანონმდებლობის მოქმედება საჯარო მოხელეებზე ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით განსაზღვრული თავისებულებების გათვალისწინებით. ეს უკანასკნელი კი იმპერატიულად არ ავალდებულებს დაწესებულების ადმინისტრაციას, რათა მოხელეს გათავისუფლების შემთხვევაში შესთავაზოს სხვა თანამდებობა, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც საბაჟო სამსახურში თავისუფალი შტატები არ არსებობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2005 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინსტროს საბაჟო დეპარტამენტმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გ. ნ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი. მხარეებს მიეცათ უფლება, 2005 წლის 7 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 7 მარტამადე.
მხარეებს საკასაციო პალატის მიერ მითითებულ ვადაში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის საკასაციო საჩივარსა და განცხადებას, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება გ. ნ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებერ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტმა უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე ნ. ნ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის განცხადება და საკასაციო საჩივარზე, გ. ნ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილი, შეწყვიტოს საქმის წარმოება.
ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივარს განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მხარეებს მიეცათ უფლება, განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად არის დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითითებული მოსაზრება მხარეების მიერ წარმოდგენილი არ იქნა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაშვების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას აღნიშნული საკასაციო საჩივრის განხილვისათვის დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს განცხადება, გ. ნ-ის სამსახურში აღდეგინის ნაწილში, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გ. ნ-ის სამსახურში აღდეგინის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საკასაციო საჩივრის დანარჩენ ნაწილზე განხილვის დასაშვებობაზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.