საქმე # 330100121004758568
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №968აპ-22 ქ. თბილისი
ც-ი დ, 968აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით:
1.1. დ. ც-ი, - დაბადებული .. წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ. ც-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 13 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ც-ა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა დ. ც-ა 2021 წლის 13 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ თ-ი, გ-ს რაიონში, სავაჭრო ქსელ ,,მ-ის“ შესასვლელთან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თ. ა-ს ჩანთიდან ამოაცალა კუთვნილი ,,ქსიაომის“ ფირმის ,,რედმი ნოუთ 9“ მოდელის მობილური ტელეფონი. დ. ც-ის დანაშაულებრივი ქმედებით თ. ა-ს მიადგა 550 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. დ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ. ც-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 13 მაისიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა დ. ც-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ დ. ც-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - თ. ა-ს, დ. შ-ს, დ. ც-ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, განაჩენებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის - მსჯავრდებულ დ. ც-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დ. ც-ის განსაზღვრულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
10. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. ც-ის მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში დ. ც-ის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: დ. ც-ა აღიარა ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული; ამასთან, იგი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი