Facebook Twitter

საქმე # 330100122005434111

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1002აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი გ 1002აპ-22 29 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:

1.1. გ. გ-ი, - დაბადებული .... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 დეკემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის აგვისტოში, ქ. თ-ი, მ-ის მე-.... მიკრო/რაიონის №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ში, გ. გ-ა მეუღლეს - ე. ც-ს, არასრულწლოვანი შვილის - ლ-ა-გ. ღ-ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 20 დეკემბერს, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თ-ი, მუხიანის მე-... მიკრო/რაიონის №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ში, გ. გ-ა მეუღლეს - ე. ც-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. გ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თვითმხილველი მოწმის - ლ-ა-გ. ღ-ის ჩვენებითა და სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. გ-სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.

12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, დაზარალებულთან შერიგება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (გ. გ-ა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაული), მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი პირადი და ეკონომიკური პირობები (ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მოხუცი დედა, რომელთა მარჩენალიც თვითონაა), დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ გ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუფარდეს (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალეს პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

13. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ გ. გ-ა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ასახა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახეში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი