Facebook Twitter

საქმე N 330802222006411821

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№57I-22 25 ნოემბერი, 2022 წელი

გ–ი ა., 57I-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. კ–სის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. გ–სის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (შეურაცხყოფა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 თვითა და 20 დღით. აღნიშნული განაჩენი 2015 წლის 10 ივნისს შევიდა კანონიერ ძალაში.

2013 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 25 სექტემბერს პოლიციის თანამშრომელი - ჯ. ქ–უ ......ს სახლში იმყოფებოდა და მიმალული ძებნილი პირის იდენტიფიცირების მიზნით ამოწმებდა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, რა დროსაც ა.გ–სმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

1.2. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ა. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვითა და 10 დღით. აღნიშნული განაჩენი 2017 წლის 21 სექტემბერს შევიდა კანონიერ ძალაში.

2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 26 მარტს, სამედიცინო დაწესებულების ავტოსადგომზე, გზის დათმობასთან დაკავშირებით ა. გ–სა და ე. ბ–სს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა. გ–მა დაზარალებულის მიმართ ფიზიკურად იძალადა, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

1.3. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენით ა. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით. აღნიშნული განაჩენი 2020 წლის 5 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში.

2015 წლის 24 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 16 ოქტომბერს ა. თ–სთან, ა. გ–სთან, ს. ბ–თან, ს. ს–თან და ქ. ჩ–თან მივიდნენ ო. ბ–ი, თ. გ–ი, ს. დ–ი და ი. დ–ი. ი. დ–სა და ა. თ–ს წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო დაპირისპირება მოუხდათ. ი. დ–მა შეურაცხყოფა მიაყენა ა.თ–სს და ლუდის ქილა ესროლა. აღნიშნულის შემდგომ, ა. გ–სმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულებს და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

1.4. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენით, ა. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 თვითა და 150 დღით. აღნიშნული განაჩენი 2020 წლის 16 ივნისს შევიდა კანონიერ ძალაში.

2020 წლის 30 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 5 სექტემბერს, ა. გ–სს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას კონფლიქტი მოუხდა დაზარალებულებთან, რა დროსაც ესროლა მათ ჭიქა, სკამი და სხვა ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

1.5. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით ა. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვითა და 22 დღით. აღნიშნული განაჩენი 2021 წლის 3 ივნისს შევიდა კანონიერ ძალაში.

2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 22 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ა. გ–სი დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

1.6. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით ა. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით. აღნიშნული განაჩენი 2021 წლის 20 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში.

2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: ა. გ–სა და ა. თ-რს უთანხმოება ჰქონდათ დაზარალებულ ს. დ-თან. ამ

უკანასკნელზე შურისძიების მიზნით, ს.გ–მა და ა.თ–მა, ს.დ–ს მოსაკლავად წააქეზეს მ. ქ–ი და ს. ა–ი. აღნიშნული პირები ჩაუსაფრდნენ დაზარალებულს და მისი მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუმცა, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

1.7. თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის სააღსრულებო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. გ–სს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 52 თვითა და 202 დღით.

1.8. 2022 წლის 31 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ა. გ–სის დაკავების ბრძანება.

1.9. 2022 წლის 16 მარტიდან ა. გ–სი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ა. გ–სის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2022 წლის 14 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ა. გ–სის ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი დანართი მასალა.

2.2. 2022 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. გ–სი.

2.3. 2022 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა.გ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.4. 2022 წლის 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ–სის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 2 ნოემბრამდე;

2.5. 2022 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ–სის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2023 წლის 2 თებერვლამდე; ამჟამად, ა. გ–სი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.6. 2022 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა - თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა:

დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი

ნაწილითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით;

დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი

ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით;

დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენის აღსრულების მიზნით;

დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით;

დაუშვებლად იქნეს ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (შეურაცხყოფა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით;

დაუშვებლად იქნეს ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.

2.7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ა. გ–სი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - თ. კ–სე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით; დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით; დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სამართლის 2020 წლის 30 იანვრის განაჩენის აღსრულების მიზნით; დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით; დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (შეურაცხყოფა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო მე-5 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით; დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩორუმის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.

2.9. 2022 წლის 16 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ–სის ადვოკატმა - თ. კ–სემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. ადვოკატ თ. კ–სის საკასაციო საჩივრის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკაში ა. გ–სის ექსტრადაციის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების სისტემა გააჩნია თურქეთის რესპუბლიკას, სადაც ილახება პატიმრების უფლებები. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, 2022 წლის 13 მაისს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტს წერილობითი განცხადებით მიმართა და მოითხოვა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ა. გ–სს მიენიჭოს ჰუმანიტარული სტატუსი. მიგრაციის დეპარტამენტიდან დღემდე არ არის მიღებული შესაბამისი წერილობითი პასუხი, რის გამოც ადვოკატი ითხოვს მიგრაციის დეპარტამენტიდან შესაბამისი პასუხის მიღებამდე შეჩერდეს ექსტრადაციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების მიღება.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა პოზიცია, რომლითაც არ დაეთანხმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, კერძოდ: პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მათ მიერ მითითებულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ა. გ–სის მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და „........“ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, დევნის ან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის არსებობაზე. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და სარწმუნო ინფორმაცია, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ა. გ–სის მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებების დარღვევას, მათ შორის დევნას ან სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის მცდელობას. აგრეთვე, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა. გ–სმა უფლებების დარღვევის თაობაზე მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არ მოახდინეს ეფექტური რეაგირება. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. გ–სის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოპოვებული რაიმე მტკიცებულება, რაც გახდებოდა არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ა. გ–სის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ არის მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორს მიაჩნია, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. გ–სი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა დევნის რისკი. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ა. გ–სის საქმეში არ იკვეთება აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა ან მომავალში დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პროკურორის პოზიციით, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების პარალელურად ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის უკანონობის თაობაზე, რადგან საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა. გ–სს 2022 წლის 1 აპრილს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე და გადაწყვეტილება ჩაჰბარდა იმავე დღეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ა. გ–სი დღეის მდგომარეობით არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განჩინება № 3751-21, სამოტივაციო ნაწილი, §7), იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1.2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. საქალაქო სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას შემოწმდა ექსტრადიციის გამომრიცხველი ყველა გარემოება, კერძოდ: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის და ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია პირის ექსტრადიცია მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით, აღნიშნული განაჩენით დადგენილი სასჯელი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, 4 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას. საექსტრადაციო მასალებით ირკვევა, რომ ა. გ–სის მიმართ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში გამოტანილია კანონიერ ძალაში შესული ექვსი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელთაგან თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური სასამართლოების მიერ გამოტანილი 2014 წლის 4 დეკემბრის, 2015 წლის 24 მარტის, 2020 წლის 30 იანვრისა და 2016 წლის 11 თებერვლის განაჩენებით დადგენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ამასთან, ზემოაღნიშნული განაჩენით ა. გ–სს თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრული აქვს სულ მცირე 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად აღსასრულებელი განაჩენებით გათვალისწინებული დანაშაულები შეესაბამებიან ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა კატეგორიას. ხოლო, ვინაიდან 2013 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი ქმედება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს დანაშაულს, საქართველოს პროკურატურამ ამ ნაწილში მოითხოვა ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.

1.3. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლი ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებს, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 21 სექტემბერს. ამდენად, დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

2015 წლის 24 მარტის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 5 თებერვალს. ამდენად, დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

2020 წლის 30 იანვრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 16 ივნისს. ამდენად, დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

2016 წლის 11 თებერვლის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 20 ოქტომბერს. ამდენად, დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ირკვევა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 2018 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 3 ივნისს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 2 წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, დგინდება, რომ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გასულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც პროკურორმა მოითხოვა 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ა. გ–სის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა.

1.4. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ა. გ–სის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვის და „non bis in idem“ პრინციპების დარღვევა.

1.5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ ა. გ–სი არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

1.6. აღსანიშნავია, რომ ა. გ–სის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ექვსი განაჩენი, თუმცა დაცვის მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული ფაქტი ან ინფორმაცია ა. გ–სის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების პროცესში სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი რომელიმე კომპონენტის დარღვევის თაობაზე. ექსტრადიციის მომთხოვნი მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის ფაქტი ან ასეთი საფრთხის საფუძვლიანობა მომავალში ა. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში. ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

1.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ სრულფასოვნად იქნა შესწავლილი ექსტრადიციის დასაშვებობის ზემოაღნიშნული წინაპირობები, სასამართლო კი ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კასატორის მიერ მითითებულ ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ: როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველია ა. გ–სის მიმართ არსებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში, ასევე ის გარემოება, რომ ა. გ–სს მიმართული აქვს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოსათვის.

1.8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს თავშესაფრის მინიჭების საკითხის გავლენას საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას და აღნიშნავს: „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. მართალია დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ა. გ–სს მიმართული აქვს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ ა. გ–სს 2022 წლის 1 აპრილს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე და გადაწყვეტილება ჩაჰბარდა იმავე დღეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით ა. გ–სი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად. ამდენად, ექსტრადიციის დასაშვებობის მოცემული ეტაპისათვის ა. გ–სი არ სარგებლობს ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვას, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის არგუმენტაცია, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.

1.9. გარდა ამისა, ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მიეცემა ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). ამასთან, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ა. გ–სი ოჯახთან ერთად აპირებს საქართველოში გააგრძელოს ცხოვრება. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებული მოცემულობით ა. გ–სს მინიჭებული არ აქვს საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლებრივი საფუძველი, ხოლო მისი სამომავლო გეგმები ქვეყანაში ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ეფუძნება არამყარ ვარაუდებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში არსებობს პირადი ინტერესების საპირწონე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენების აღსრულების ლეგიტიმური ინტერესი. აღსანიშნავია აღსასრულებელი განაჩენებით დადგენილი დანაშულების ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც იკვეთება ა. გ–სის მიერ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ჩადენისა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობის ფაქტები. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულთა გარემოებების, რაოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი აშკარად გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობის ინტერესს.

1.10. კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები, ისევე, როგორც მე-6 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი და მე-13 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი კრძალავს პირის ექსტრადიციას, დეპორტაციას ან სხვაგვარ გადაცემას, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ეს პირი დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას (Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom, §§ 123 and 140-143; A.L. (X.W.) v. Russia, §§ 63-66; Shamayev and Others v. Georgia and Russia, § 333). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს „არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას. ხოლო, სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია გაფანტოს ყველა ეჭვი, რომელიც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, ECHR [GC], 59166/12 § 91, 96).

1.11. საკასაციო საჩივარში ადვოკატი ითხოვს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ა. გ–სის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რისკებზე დაყრდნობით, თუმცა ვერ მიუთითებს ამგვარი საფრთხის დასასაბუთებლად ვერცერთ რელევანტურ და სარწმუნო გარემოებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“ მტკიცების სტანდარტი მოითხოვს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარდგენას. ამასთან, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73). განსახილველ შემთხვევაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებსა და საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ხელშესახები და კონკრეტული გარემოება, რაც სასამართლოს მისცემდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ა. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში განაჩენის აღსრულებისას ემუქრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე. საექსტრადიციო მასალებით ირკვევა, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე 2020 წლის 30 იანვრისა და 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენებით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ა. გ–სის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, თუმცა დაცვის მხარეს არ მიუთითებია პენიტენციურ სისტემაში ყოფნისას ა. გ–სის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მცდელობის ან სახელმწიფოს მიერ აღნიშნული უფლების დაცვის არასათანადოდ უზრუნველყოფის თაობაზე. საქმეში არ არსებობს ინფორმაცია, რომ ა. გ–სმა ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა პრეტენზიით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული ფუნდამენტური უფლების ხელყოფის ან ასეთი საფრთხის არსებობის თაობაზე, ხოლო სახელმწიფომ კი არ მოახდინა სათანადო რეაგირება და არ უზრუნველყო მისი უფლებების ეფექტიანი დაცვა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოძიებული იქნა ა. გ–სის უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროების მეშვეობითაც, რის შედეგადაც არ გამოვლენილა ა. გ–სის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების მიმანიშნებელი რაიმე გარემოება და ასეთი ინფორმაცია არ იძებნება ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში. სასამართლო მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის ისეთ საერთაშორისო მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობას, როგორებიც არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. სასამართლო იზიარებს პროკურატურის არგუმენტაციას, რომ ხსენებული მექანიზმები ერთობლივად ქმნიან მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ არის მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. გ–სის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, რის გამოც ადვოკატის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

1.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–სის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. კ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე