Facebook Twitter

საქმე N 010100118002701766

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №753აპ.-22 3 ნოემბერი, 2022 წელი

მ-ე ვ., №753აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას, მსჯავრდებულ ვ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენზე;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. მ-ეს (პირადი ნომერი: .............) ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა), გათალისწინებული დანაშაულის ჩადენაში რაც გამოიხატა შედეგში:

2018 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში, ვ. მ-ემ, ქ-ე სახლის წინ გაჩერებულ, DM------D სახელმწიფო ნომრის მქონე, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში საჭესთან მჯდომ ა. თ-ეს ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ გასროლით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარიხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

ვ. მ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 სექტემბერს, ვ. მ-ე მივიდა ქ-ში, რის შემდეგაც ა. თ-ესთან ერთად, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული და ........ სახელმწიფო ნომრის მქონე, მერსედესის“ მარკის ავტომანქანით ისინი გადაადგილდნენ ქ. სახლთან, რა დროსაც ვ. მ-ე ატარებდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. ქ. სახლთან, ვ. მ-ემ ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ხ. მდებარე თავის საცხოვრებელ სახლამდე.

ვ. მ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ. მ-ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ხ. მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელიც გამომძიებელმა ალ. რ-მ ამოიღო 2018 წლის 17 სექტემბერს, 03:00-04:50 საათებში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენით, ბრალდებულ ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ბრალდებულ ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე; ბრალდებულ ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილზე;

ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ვ. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლით; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ვ. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ვ. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი ზომის და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ და მსჯავრდებულ ვ. მ-ის ადვოკატმა პ. ბ-მ. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, განსაზღვრული სასჯელის ზომის მინიმუმამდე შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ვ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენში შეტანილ იქნა მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ საუარესო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე.

ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე.

ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდს ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ვ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 17 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანა: ვ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 18 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. მ-ემ და ადვოკატმა თ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლას და ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი, რაც კასატორის აზრით უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 1. სასამართლომ განაჩენში მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ და განმარტა: „პრეზიდენტის შეწყალებით ვ. მ-ე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისგან სრულად, დარჩენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა კი დაუსრულდა ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამდე. ამდენად, „ვ. მ-ეს ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას, სსკ-ის 236-ე მუხლით არსებული ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა“. კასატორის პოზიციით, ვინაიდან ვ. მ-ე საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან უნდა დაიწყოს - დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, „თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, თუნდაც ის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდეს და პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პირობით მსჯავრს იხდიდეს, ნასამართლობა უნდა გაუქარწყლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დანაშაულის კატეგორიის მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 15 სექტემბერს ვ. მ-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის იყო ნასამართლევი. 2. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. მ-ე პირობით მსჯავრს იხდიდა არა საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლით დანიშნული, არამედ - სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან, რის გამოც ის არ ითვლებოდა სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად. პროკურორის პოზიციით, როდესაც პირი დამნაშავედ არის ცნობილი და მას დანიშნული აქვს სასჯელი, ეს იწვევს მისთვის ნეგატიურ სამართლებრივ შედეგს - ნასამართლობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას სასჯელი დაუნიშნეს და გაათავისუფლეს მისი მოხდისაგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ვ. მ-ე პირობით მსჯავრს მხოლოდ სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იხდიდა და არა სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. შთანთქმის პრინციპის გამოყენება არ ნიშნავს ნაკლებად მკაცრი სასჯელისაგან გათავისუფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ვ. მ-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

4.2. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით შეწყალებულ იქნა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და იმავე დღეს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, ხოლო აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსის წერილის თანახმად, 2017 წლის 28 ოქტომბერს დაუსრულდა საპრობაციო ვადაც. კასატორების პოზიციით, კანონის დისპოზიციიდან ნათლად და მკაფიოდ ჩანს, თუ რას მიიჩნევს კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, მაკვალიფიცირებელ გარემოებად, კერძოდ: ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ, ვინც უკვე იყო მსჯავრდებული სსკ-ის 108-ე ან 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობისათვის ანუ დასრულებული დანაშაულისათვის. ვ. მ-ე კი ნასამართლევი არ არის დამთავრებული მკვლელობისათვის, რაც არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. დაცვის მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ის არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება კანონმდებლის მოთხოვნას. ამასთან, დაცვის მხარე აწარმოებს მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა პროკურატურამ გაითვალისწინოს მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, აღიარებითი ჩვენება, მონანიების ფაქტორი და მიღწეულ იქნეს საპროცესო შეთანხმება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების თანახმად, მხარეებისათვის სადავოა ვ. მ-ისათვის ბრალად შერაცხული ქმედებების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. სადავო სამართლებრივი ასპექტი შეეხება ვ. მ-ის ნასამართლობას, როგორც საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, ისე სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებას.

5.3. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განაჩენით ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით; დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წელი, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით შეიცვალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განაჩენი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დანიშნულმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ ვ. მ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წელი, ხოლო დარჩენილი ვადა 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

5.4. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით ვ. მ-ე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ხოლო, აჭარის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის მომართვის თანახმად, ვ. მ-ეს საპრობაციო ვადა დაუსრულდა 2017 წლის 28 ოქტომბერს.

5.5. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ნასამართლობის გაქარწყლების ვადებს, კერძოდ კი - „ნასამართლობა გაქარწყლდება: პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ“.

5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის N691აპ-21 გადაწყვეტილების თანახმად: „სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ნასამართლობის გაქარწყლების ორგვარ წესს: სასჯელის დასრულებისთანავე (პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლისას) და სასჯელის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - დანაშაულების სიმძიმის მიხედვით, სასჯელის მოხდიდან - 3; 6 და 8 წლის შემდეგ), მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევა დაკავშირებულია სასჯელის დასრულებასთან და ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ნასამართლობის გაქარწყლების ვადა მიედინებოდეს დაუსრულებელი სასჯელის პარალელურად“.

5.7. ამასთან, საკასაციო სასამართლომ თავის აერაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ნასამართლობის გაქარწყლების ვადები აითვლება ბოლო სასჯელის მოხდიდან და თითოეული დანაშაულისათვის დამოუკიდებლად, კერძოდ: „მართალია, ნ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტთან ერთად, ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის ვადის გაქარწყლებას სხვაგვარად მოაწესრიგებდა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი №416აპ-18 საქმეზე, 2021 წლის 2 აპილის განჩინება N777აპ-20 საქმეზე).

5.8. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით ვ. მ-ე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ხოლო, აჭარის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის მომართვის თანახმად, ვ. მ-ეს საპრობაციო ვადა დაუსრულდა 2017 წლის 28 ოქტომბერს. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ვ. მ-ის ნასამართლობის გაქარწყლების ვადების დინება დაიწყო სასჯელის სრულად მოხდის დღიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის გასვლის მომენტიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრიდან.

5.9. ამასთან როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადების დიფერენცირებას ახდენს დანიშნული სასჯელისა და დანაშაულის კატეგორიების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ვ. მ-ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა განისაზღვრება შესაბამისი დანაშაულის კატეგორიის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი - განაჩენის გამოტანის მომენტისთვის წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ამდენად, ვ. მ-ის ნასამართლობა გაქარწყლდებოდა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით სასჯელის მოხდიდან (2017 წლის 28 ოქტომრიდან) - 8 წლის შემდეგ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მოხდიდან (2017 წლის 28 ოქტომბრიდან) - 3 წლის შემდეგ. დადგენილია, რომ ვ. მ-ემ განსახილველი დანაშაულები ჩაიდინა - 2018 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად როგორც სსკ-ის 19,108-ე მუხლით, ისე სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მოქმედი ნასამართლობები დანაშაულების ჩადენის მომენტისათვის გაქარწყლებული არ ყოფილა.

5.10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარის დასაბუთებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არ არსებობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) დასჯადია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ვ. მ-ე დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ ყოფილა ნასამართლევი ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენისათვის, რის გამოც უნდა შეიცვალოს ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის დისპოზიცია არ შეიცავს ექსპლიციტურ დათქმას სსკ-ის 108-ე ან 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობის დამთავრებული თუ დაუმთავრებელი შემადგენლობის შესახებ და მიუთითებს ფართო გაგებით „მკვლელობას“. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული მატერიალური დანაშაულები თავისთავად მოიცავენ მათსავე დაუმთავრებელ შემადგენლობას, მათ შორის მკვლელობაც მოიაზრებს მის დაუმთავრებელ ფორმებს - მცდელობასა და მომზადებას. 2021 წლის 18 იანვრის N42აგ-20 გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, პირს ჩადენილი აქვს დასრულებული მკვლელობა თუ მკვლელობის მცდელობა, მთავარია, პირს ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება და არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ პირის ქმედება მიმართული იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების - განზრახ მკვლელობის ჩასადენად.“ ამდენად, ვინაიდან ვ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით ნასამართლობა განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის გაქარწყლებული არ ჰქონია, მას ბრალად უნდა შეერაცხოს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაცია სწორია და დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოშობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ამ ნაწილში ცვლილების შეტანის საფუძველს.

5.11. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 15 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გულისხმობს ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს: იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბერს ვ. მ-ე ატარებდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, ასევე 2018 წლის 17 სექტემბერს ამოღებული იქნა ვ. მ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შენახული ,,მაკაროვის “ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამდენად, ვ. მ-ის ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, ვინაიდან 2018 წლის 15-17 სექტემბრის მდგომარეობით ვ. მ-ე ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2013 წლის რედაქცია - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება), სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილია ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 15-17 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

6.2. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.4. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

6.5. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებების არსებობა არ იკვეთება. თუმცა, განსხვავებულია მოცემული დანაშაულის ეპიზოდებით გათვალისწინებული ქმედებების საშიშროება და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, კერძოდ: 2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდში ვ. მ-ეს მსჯავრი ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, რა დროსაც მან აღნიშნული იარაღიდან გაისროლა. ხოლო, 2018 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. განსაკუთრებით საყურადღებოა საჯარო ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო მიმოქცევის თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის, რის გამოც ხსენებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს რეაგირება ადეკვატურად მკცარ და პროპორციულ სასჯელში უნდა აისახოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას შორის არსებობს ქმედების საშიშროების ხარისხობრივი განსხვავება, რაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის სხვადასხვა კვალიფიციურ შემადგენლობაში მათი განაწილებითა და განსხვავებული სასჯელის ზომის დადგენით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილი ერთობლივად მოიცავს ამავე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და არ ადგენს მათთვის განსხვავებული სასჯელის ზომას. ამდენად, ჩადენილ ქმედებებს შორის მართლწინააღმდეგობის ხარისხობრივი განსხვავების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სასამართლომ თითოეული მათგანისათვის განსაზღვროს ადეკვატური და პროპორციული სასჯელის ზომა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რა დროსაც მსჯავრდებულმა იარაღიდან გაისროლა, შესაბამისად აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აღმატებულია 2018 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდით გათვალისწინებულ ქმედებასთან შედარებით. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების მომეტებული საშიშროების გათვალისწინებით, 2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდში მსჯავრდებულს განუსაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო, სასჯელის დამამძიმებელი გარემოების არარსებობის გათვალისწინებით კი 2018 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდისათვის, მსჯავრდებულ ვ. მ-ეს - უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური სახე და ზომა, ასევე შეზღუდული აქვს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რაც სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ვ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ 4 (ოთხი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება;

4. ვ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ვ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (2018 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ ვ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ: 4 (ოთხი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარება;

7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე