Facebook Twitter

საქმე N330802222006399708

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№55I-22 ქ. თბილისი

ქ–უ რ., 55I-22 18 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ქ–ს (R. K–u) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–სის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ქ–სუს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2016 წლის 5 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის საქალაქო მე-9 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენით რ. ქ–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). აღნიშნული განაჩენით რ. ქ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის რეგიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და რ. ქ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.სტამბოლის რეგიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2020 წლის 4 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის (ანატოლიის) საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა რ. ქ–უს დაკავების ბრძანება.

2022 წლის 18 თებერვლიდან რ. ქ–უ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. რ. ქ–სუს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2022 წლის 10 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს–ს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ქ–სუ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით რ. ქ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2022 წლის 31 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა რ. ქ–ს ექსტრადიციის შესახებ და შესაბამისი დანართი მასალა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2022 წლის 20 ივნისს თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია რ. ქ–ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით რ. ქ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა. ამჟამად რ. ქ–უ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: ბრალდებული მ. გ–ი იყო ყ–ს რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიის - ,,......-ის“ ერთ-ერთი პარტნიორი. მ.გ–ს და იმავე კომპანიის დამფუძნებელსა და ერთ-ერთ მეწილეს - ზეკი ფ–სს შორის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა უთანხმოება. კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ჰ. ე–მ შუამავლის როლი შეასრულა მ.გ–ისა და ზ.ფ–სს შორის, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ მ. გ–მა განიზრახა ზ.ფ–სს მოკვლა. მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. გ–იი ა. ლ. ა–ს მეშვეობით დაუკავშირდა რ.ქ–სა და ა. ბ–ს, რათა მათ მოეკლათ ზ.ფ–ს. მიღებული შეკვეთის შესაბამისად, რ. ქ–მ და ა. ბ–მა ცეცხლი გაუხსნეს ჰ. ე-ის და ზ.ფ–სს, რომლებიც 2009 წლის 17 ოქტომბერს ბიზნესშეხვედრისთვის ჩავიდნენ უ-ში. გასროლების შედეგად ჰ. ე–ი გარდაიცვალა, ხოლო ზ.ფ–სმ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, განუვითარდა სხეულის პარალიზება.

4. 2022 წლის 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი რ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი დაგეგმვით განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის საქალაქო მე-9 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2016 წლის 5 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის რეგიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 2 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

6. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - რ. ქ–უ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - მ. კ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის საქალაქო მე-9 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2016 წლის 5 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის რეგიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 2 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

8. 2022 წლის 14 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ქ–სუს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

9. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დღეის მდგომარეობით რ. ქ–სუ სარგებლობს საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით. ამასთან, რ. ქ–სუ ეროვნებით და წარმოშობით არის ქ–ი (ლ–ი), რომელმაც თურქეთის რესპუბლიკაში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. იგი არის ბიზნესმენი, მეცენატი, პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის - ,,......... პარტიის“ აქტიური წევრი, წლების მანძილზე იყო ამ პარტიის სხვადასხვა რაიონული/რეგიონალური ოფისის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა თ–ში სხვადასხვა დროს ჩატარებულ საპარლამენტო, ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში აღნიშნული პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად. იგი თ–ში, თ–ს საელჩოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისას ამავე პარტიის სახელით ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო პროცესებს. პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის დაწყების დღიდან რ. ქ–უ თ–ში ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა ფარულ მიყურადებასა და თვალთვალში, უკანონოდ დაკავებასა და მრავალსაათიან დაკითხვებში, რასაც ერთვოდა არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, ასევე წამება და ფსიქოლოგიური ტერორი. იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. მას სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ დაედო ბრალი. ხელისუფლების მხრიდან ასეთი მოპყრობის მიუხედავად, რ. ქ–უ აქტიურად აგრძელებდა პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობას. 2010 წელს ოპოზიციურმა პარტიამ იგი მიავლინა ..........ში, სადაც განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, კერძოდ: .........ში მცხოვრებ თ–ს რესპუბლიკის მოქალაქეებთან პარტიას აქტიურად უწევდა პროპაგანდას. ........ოში მისი პოლიტიკური საქმიანობა და აქტივობა იყო წარმატებული, რადგან ერთ-ერთი არჩევნების დროს მისმა ოპოზიციურმა პარტიამ დააგროვა ხმათა უმრავლესობა, რამაც თ–ს ხელისუფლების რისხვა და მუქარა გამოიწვია. 2012 წელს რ. ქ–უ ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით დააკავეს ს–ში და იმავე წელს მოახდინეს მისი ექსტრადიცია თ–ში, თუმცა იგი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა სასამართლომ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ თ–ს ხელისუფლება რ. ქ–ს მიმართ მუდმივად აწყობს პროვოკაციებს და ცდილობს მის განეიტრალებას. 2022 წელს თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა რ. ქ–ს თ–ში ექსტრადიცია. მისი აბსურდული ბრალდებით დადანაშაულება და ექსტრადიცია ემსახურება მხოლოდ მისი პოლიტიკური განეიტრალებისა და ფიზიკური განადგურების მიზანს. საქართველოში იგი თავს გრძნობდა უსაფრთხოდ, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით არ მიუმართავს, დღეს კი მოთხოვნა გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით, რაც უშუალოდ უკავშირდება მის უსაფრთხოებას. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს განჩინებების ანალიზით დგინდება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის რისკების შეფასების დროს გენერალური პროკურატურა და საერთო სასამართლოები არ ითვალისწინებენ თხოვნის გამგზავნ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ ზოგად სიტუაციას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დიპლომატიური გარანტიების გაცემის საფუძველზე შესაძლებელია პირის ექსტრადირება, თუმცა გარანტიები უნდა იყოს საკმაოდ მყარი, რომ განეიტრალდეს პირისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე. შესაბამისად, სახელმწიფოებმა დიპლომატიური გარანტიები არ უნდა განიხილონ წამებისგან ან სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმებისგან დაცვის გარანტიებად, მაშინ, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი შესაძლოა წამების ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე Yefimova v. Russia, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყ–ს მიერ გაცემული დაპირება დიაბეტით დაავადებული განმცხადებლის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით იყო ზოგადი ხასიათის. ასევე, ყ–მა ვერ გასცა ეფექტური დიპლომატიური ან მონიტორინგის მექანიზმის არსებობის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთი ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ბუნდოვან და არასანდო დიპლომატიურ გარანტიებს. ამასთან, საქმეზე Aswat v. United Kingdom, სასამართლომ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის მძიმე ჯამრთელობის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ნათელი არ იყო, თუ რა პირობებში და რა ხანგრძლივობით მოუწევდა მას მიმღები სახელმწიფოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება. მიმღებ სახელმწიფოში განსხვავებული და პოტენციურად მტრული გარემოს რისკის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულის ექტრადიცია გამოიწვევდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს. კასატორის პოზიციით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დასტურდება, რომ დიპლომატიურ გარანტიებს ქვეყანა მაშინ შეიძლება დაეყრდნოს, როდესაც დგინდება მათი ეფექტიანობა და თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს აქვს მონიტორინგის შესაძლებლობა.

10. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა რ. ქ–სუს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი რ. ქ–უ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 10 მაისს დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რ. ქ–სუს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა რ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.

7. ამდენად, მოცემულ საქმეში რ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა და მას ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება რ. ქ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა 30 წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ჩადენისა და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღების (2009 წელი) მხედველობაში მიღებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

10. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

11. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა Non bis in idem-ის პრინციპი.

12. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, „დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, რ. ქ–უ არ ითვლება ს–ს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება არც ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რადგან არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.

14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ. ქ–მ აღნიშნულ დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, თუმცა მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული საკითხი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინება, საქმე №304I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება, საქმე №444I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება, საქმე №402I-21).

17. კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ რ. ქ–ს წარდგენილი აქვს აბსურდული ბრალდება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება, საქმე №402I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება, საქმე №453I-21). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) არ ადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი იმ შემთხვევაში ადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, დამატებით შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს და რომელიც აუცილებელია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორმა უცხო სახელმწიფომ სრულად მოაწოდა საქართველოს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია.

18. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. „მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ კი გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა, რომ შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება, საქმე №5I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განჩინება, საქმე №26I-20).

19. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევაზე ან ამგვარ საფრთხეზე მიუთითებდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია არც თურქეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტებით დასტურდება.

20. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას, ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no.59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016, Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no.69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

22. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ რ. ქ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა ორგანოებმა არაერთხელ ჩაიდინეს არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ არ უთითებს აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ გარანტიას სპეციალობის წესის დაცვისა და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების, საქართველოს თანხმობის გარეშე, მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ქ–უ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

23. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ რ. ქ–უ თურქეთის რესპუბლიკაში იდევნება პოლიტიკური ნიშნით, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, რაც ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ რ. ქ–უ არის პოლიტიკური პარტიის რიგითი წევრი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული ჩადენილია ყოფით ნიადაგზე და კავშირი არ აქვს რ. ქ–ს პოლიტიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი არის პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი, არ ადასტურებს მის მიმართ პოლიტიკური დევნის არსებობას და არ მიუთითებს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე. მითუფრო, რომ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა თ–ს რესპუბლიკაში ყოფნისას რ. ქ–ს მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დევნაზე, ან დაადასტურებდა, რომ მან კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან მის მიმართ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების, მათ შორის, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დევნის შესახებ მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს, რასაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. გარდა ამისა, წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ რ. ქ–ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას, ან თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან დევნის რისკი. გარდა ამისა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რ. ქ–სუს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). რ. ქ–ს უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. დღეს ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება არის ის მეთოდი, რომელიც სულ უფრო მზარდად გამოიყენება პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას სხვა შემთხვევებში წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 &51946/08, Decision, ECHR).

24. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის განმარტებით, რ. ქ–ს მეუღლე - ნ. გ–ე და შვილი - რ. ქ–უ არიან ს–ს მოქალაქეები და ცხოვრობენ ს–ში. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ რ. ქ–სუ მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ რ. ქ–ს ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრკოლებების გარეშე გადალახონ თ–ს რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულონ იგი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ რ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.

26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, §11, EctHR, 04/09/2014; Soering v. UK, no.14038/88, §86, ECtHR, 07/07/1989).

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ქ–სუს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი დაგეგმვით განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის საქალაქო მე-9 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2016 წლის 5 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის რეგიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 2 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ქ–სუს (R. K–u) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე