საქმე N 330100121005219269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№897აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი
ა–ი ე., №897აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ა–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 8 სექტემბრიდან - 2021 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.თ–ში, ვ–ს დასახლებაში, ..........ს ქუჩა N..-ში ყოფნისას, ე. ა–იი სისტემატურად ლანძღავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - კ. ა–ას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.
2021 წლის 15 ოქტომბერს, ე. ა–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი კ. ა–ს მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, სადაც კ. ა–სა ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად შემაკავებელი ორდერის არსებობისა, 2021 წლის 15 ოქტომბერს ე. ა–ი მივიდა ქ.თ–ში, ვ–ს დასახლება, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე კ. ა–ს საცხოვრებელ სახლში და ცხოვრობდა მასთან ერთად 2021 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლითა და 7 (შვიდი) თვის თავისუფლების აღკვეთიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2021 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 23 ოქტომბრის ჩათლით, ქ.თ–ში, ვ–ს დასახლება, .........ის ქუჩა N..-ში, ე. ა–ის მიერ მეუღლის - კ. ა–ს მიმართ სისტემატური ლანძღვისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.
2021 წლის 15 ოქტომბერს ე. ა–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი კ. ა–ას მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა, იმ სახლთან მიახლოება სადაც კ. ა–სა ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება, ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ორდერის მოქმედებების ვადად განისაზღვრა 30 დღე. მიუხედავად შემაკავებელი ორდერის არსებობისა, 2021 წლის 15 ოქტომბერს ე. ა–იი მივიდა ქ.თ–ში, ვ–ს დასახლება, .......ის ქუჩა N..-ში მდებარე კ. ა–სას საცხოვრებელ სახლში და ცხოვრობდა მასთან ერთად 2021 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ე. ა–იის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 22 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ე. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში წარმოდგენილი იყო არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ე. ა–ის მიერ ბრალად წარდგენილი ორივე ქმედების ჩადენას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან მიმართებით არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებები. საქმეში არსებული 2021 წლის 23 ოქტომბრის განცხადების თანახმად, კ. ა–მ მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება, ვინაიდან 2021 წლის 15 ოქტომბერს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, ე. ა–იი მისული იყო მასთან და არღვევდა ორდერის პირობებს. N........ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2021 წლის 15 ოქტომბერს კ. ა–მ პოლიციას განუცხადა, რომ ე. ა–ი იყო ნასვამი და მასთან მოუვიდა უთანხმოება. მოწმის სახით გამოკითხულმა ნ. ბ–მა განმარტა, რომ მან დაიწყო გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და როდესაც გამოკითხა დაზარალებული კ. ა–სა, ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ მეუღლე – ე. ა–ი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუდმივად ზემოქმედებდა მასზე ფსიქოლოგიურად, კერძოდ: აგინებდა და ლანძღვდა, რის შედეგადაც განიცდიდა ტანჯვას. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ე. ა–ის ქმედებებით კ. ა–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირის განმარტებით, ის ე. ა–თან ცხოვრებას აღარ აპირებდა, ვინაიდან, ე. ა–იი მუდმივად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის, 2021 წლის 15 ოქტომბერს აგინა უშვერი სიტყვებით და სახლში აურია ნივთები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დგინდება, რომ ე. ა–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 2 წლით პირობითი მსჯავრი, რომლის მოხდა ახალი დანაშაულის ჩადენისას არ ჰქონდა დასრულებული. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი და განცხადება დანაშაულის შესახებ საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ა–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ე. ა–ის წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში - სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმწირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.6. ვინაიდან საჩივრის დასაშვებობა მოწმდება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია იგი, იკვეთება თუ არა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შეცვლის ან საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით.
5.7. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი ბრალდების ფორმულირების თანახმად, 2021 წლის 8 სექტემბრიდან - 2021 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით ე. ა–იი სისტემატურად ლანძღავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - კ. ა–სას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთის დასაძლევად ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის უნდა წარედგინა საკმარისად ნათელი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დაადგენდა ბრალდების ფორმულირებაში ასახული მართლსაწინააღმდეგო ქმედების - 2021 წლის 8 სექტემბრიდან ამავე წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენასა და ე. ა–იის ბრალეულობას. როგორც საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, ბრალდების მხარე ე. ა–იის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს დაზარალებულ კ. ა–სას განცხადებას დანაშაულის შესახებ და მის გამოკითხვის ოქმს, 2021 წლის 15 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერს, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტ მ. ბ–სა და მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებებს. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენით ირკვევა, რომ სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა, შეფასებულია პროკურორის მიერ მითითებული თითოეული მტკიცებულების ბუნება, მათში ასახული ინფორმაციის წონა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი, ასევე არ ვლინდება მტკიცებულების შეფასების საკანონმდებლო სტანდარტის დარღვევა ან ისეთი ხასიათის არსებითი საპროცესო დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის შედეგსა და სასამართლოს დასკვნაზე ბრალდებული პირის უდანაშაულობის თაობაზე.
5.9. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს არ გააჩია დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა და არსებული საკანონმდებლო მოცემულობით მტკიცებულება არის მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეში დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმამ საფუძველი გამოაცალა გამოკითხვის ოქმში ასახული ფაქტების მტკიცებულების სახით გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, დაზარალებულ კ. ა–ს გამოკითხვის ოქმში აღნიშნული ინფორმაცია, ისევე როგორც მასზე არსებითად დამოკიდებული სხვა ირიბი მტკიცებულებები, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად, ვერ გახდება პირის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არსებითად არ გამომდინარეობს დაზარალებულის ნაამბობიდან და მისი პოზიციის ცვლილების მიუხედავად, შეიცავს საკმარის და სანდო ცნობას დანაშაულის თითოეული ელემენტის დასადგენად.
5.10. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, პროკურორი მიუთითებს მტკიცებულებათა ჩამონათვალზე, თუმცა თავად აღნიშნული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ისინი არ შეიცავს დანაშაულის სავალდებულო მაკვალიფიცირებელი ელემენტების - ქმედების (ძალადობა), მისი ხასიათისა (ფსიქოლოგიური ძალადობა) და ინტენსივობის (სისტემატური შეურაცხყოფა) დასადგენად რელევანტურ, სარწმუნო და უტყუარ ინფორმაციას, კერძოდ: 2021 წლის 15 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ კ. ა–სამ ითხოვა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ხოლო ამავე ორდერში მითითებული სავარაუდო ძალადობის ფაბულის თანახმად კი: „მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე უთანხმოებას, მოქ.კ. ა–სას განცხადებით მისი მეუღლე იყო ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ და მასთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი. ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა“. 2021 წლის 15 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის კითხვარში, გრაფაში 13.1. „იგივე ქმედება განახორციელა მრავალჯერადად (ორჯერ ან მეტჯერ)“ მსხვერპლმა მიუთითა უარყოფითი პასუხი. ამდენად, აღნიშნულ შემაკავებელ ორდერში არაფერია ნათქვამი 2021 წლის 8 სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე - 2021 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ და შესაბამისად, მას ვერ ექნება მტკიცებულებითი მნიშვნელობა განსახილველი ბრალდების დასადასტურებლად. 2021 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება დანაშაულის შესახებ, რომლის ავტორიც არის დაზარალებული კ. ა–სა, შეიცავს ინფორმაციას ე. ა–ის მიერ მხოლოდ ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შესახებ და მასში არ არის მითითებული რაიმე სახის ცნობა ფსიქოლოგიური ძალადობის, მითუფრო მისი სისტემატურობის თაობაზე. მოწმე ნ. ბ–მა, რომელმაც დაზარალებული გამოძიების ეტაპზე გამოკითხა, დაადასტურა კ. ა–სას მიერ იმ დროისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ე. ა–ი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუდმივად ზემოქმედებდა მასზე ფსიქოლოგიურად, აგინებდა და ლანძღავდა, რის შედეგადაც განიცდიდა ტანჯვას. აღსანიშნავია, რომ მოწმე ნ. ბ–ს ჩვენება არსებითად ეფუძნება დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას და ამ ნაწილში ირიბი ხასიათისაა. ხაზგასასმელია ისიც, რომ თავისი არსით, ირიბი ბუნების გარდა, მოწმე ნ. ბ–ს ჩვენება არ შეიცავს ფაქტების შესახებ საჭირო დეტალებს, თუ რაში გამოიხატებოდა გამოსაკითხი პირის მიერ განმარტებული ფსიქოლოგიური ძალადობა, დროის რა ინტერვალებით ხდებოდა დაზარალებულის ლანძღვა და გინება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებებია ქმედების ფსიქოლოგიურ ძალადობად შეფასებისა და მისი სისტემატური ხასიათის დასადგენად.
5.11. სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის ჩადენასთან მიმართებით ირიბი ხასიათისაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 დეკემბრის N......... სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა ექსპერტის მიერ შესაფასებელ კვლევის საგანთან მიმართებით - ტანჯვის განცდის შესაფასებლად, თუმცა იგი ვერ იქნება განხილული ძალადობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად გამოსადეგ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან მასში ირიბად გადმოცემულმა ინფორმაციამ, შესამოწმებელი პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემით დადასტურება ვერ ჰპოვა. ამასთან, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში შესამოწმებელი პირის მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოწმის პირდაპირი ჩვენების ალტერნატივას, რამდენადაც მხარეებს არ მისცემიათ მოწმის ჩვენების სასამართლო სხდომაზე ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნაში ასახული გამოკითხვის მონაცემების დამაჯერებლობა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მოწმის ჩვენებასთან ერთობლივად, მათ შორის არსებული შინაარსობრივი თანხვედრისა და წინააღმდეგობების გათვალისწინებით.
5.12. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებ საკანონმდებლო სტანდარტზე და მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია: „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს.“; ასევე: „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, §37, 52). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკურ კონტექსტს, მისი ჩადენის თავისებურებებს და მტკიცებულებათა მოპოვების გონივრული შესაძლებლობის ფარგლებს, თუმცა კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ხასიათის ჩვენება, რომელიც არ არის სათანადოდ შემოწმებული და დადასტურებელი სასამართლო განხილვისას თავად ამ ინფორმაციის წყაროს მიერ, ვერ იქნება შეფასებული როგორც სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულება, მითუფრო, ის ვერ გახდება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.16. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე