საქმე N 120100119003039038
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №537აპ-22 2 ნოემბერი, 2022 წელი
გ–ი ლ. №537აპ-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის, მსჯავრდებულ ლ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა თ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. გ–ს (პირადი ნომერი .........) წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 21 იანვარს ლ. გ–სი დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი: ........... სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა 2014 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო 2014 წლის 25 დეკემბერს განაახლა. იგი, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, დაკვეთის შემთხვევაში ადგენდა მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზებს. 2012 წლის დეკემბერში ლ. გ–მა განიზრახა ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში მცხოვრებ ე. კ–ის დახმარება და ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადება, მისი ე. კ–სთვის გადაცემის მიზნით. ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში მცხოვრებმა ე. კ–მა იცოდა, რომ მიწის რეფორმის შედეგად ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ტბაში არსებული კუნძული მას არ ეკუთვნოდა - მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის დეკემბერში ე. კ–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას, კერძოდ ნ–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ტბაში არსებულ 1807 კვ.მ. კუნძულს, რომლის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, ინდ.მეწარმე ლ. გ–სის დახმარებით, შეაგროვა საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი დოკუმენტაცია, კერძოდ: ინდ.მეწარმე ლ. გ–მა ე. კ–სის დახმარების მიზნით დაამზადა და ე. კ–ს გადასცა 2012 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომ თითქოსდა, ნ. მ-ში მდებარე საღამოს ტბაში არსებული კუნძული წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის მოსაზღვრედ სამ მხარეს მითითებულია ტბა, ხოლო სამხრეთის მხარეს - გზა. ლ. გ–მა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა დაადასტურა თავისი ხელის მოწერით. ამავე დროს იმავე საკადასტრო აზომვით ნახაზზე მანვე მოაწერა ხელი დამკვეთის, ე. კ–სის სახელით. სინამდვილეში, მიწის ნაკვეთი ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია ტბით (წარმოადგენს კუნძულს) და არასოდეს ყოფილა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ინდ.მეწარმე ლ. გ–სის მიერ დამზადებული ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ე. კ–მა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში, მისი გამოყენებით მოატყუა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაარწმუნა ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ლ. გ–ის დახმარებით 2012 წლის 19 დეკემბერს ე. კ–სმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ტბაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი, 2514 ლარად ღირებული, 1807 კვ.მ. კუნძული - ს.კ. 65.06.36.035.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ლ. გ–სი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ლ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ ქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, მსჯავრდებულმა ლ. გ–მა და ადვოკატმა ა თ–სმა. პროკურორმა მოითხოვა ლ. გ–სის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, ხოლო დაცვის მხარემ - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად: ლ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; ლ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ლ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 23 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: ლ. გ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 18 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. გ–მა და ადვოკატმა ა თ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ლ. გ–სის უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორების არგუმენტებები:
4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარე ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ლ. გ–მა დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა მიიჩნევს, რომ ლ. გ–სის ქმედება ჩადენილი იყო ე. კ–სის თაღლითობაში დახმარების მიზნით და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ლ. გ–ის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი დოკუმენტების მნიშვნელობა, რამაც გავლენა მოახდინა დანაშაულის კვალიფიკაციაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ აღნიშნული დოკუმენტების გამოყენებით მოახერხა ე. კ–მა და საკუთრებად დაირეგისტრირა სახელწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მსჯავრდებული საჯარო რეესტრს ვერ მოატყუებდა. ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის - მ. ბ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ე. კ–ის საკუთრებაში რეგისტრაციით სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე, იმჟამინდელმა მიწის განაწილების კომისიის წევრებმა, მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურეს ის ფაქტი, რომ არათუ საღამოს ტბაში არსებული კუნძული, არამედ - ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებიც არ განაწილებულა მოსახლეობაზე მიწის რეფორმის დროს. გასათვალისწინებელია ლ. გ–სის როლი ე. კ–სის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში. რომ არა ლ. გ–სის მიერ დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ე. კ–სი მოტყუებით ვერ დაეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ე. კ–სის მიერ 2012 წლის 10 დეკემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილ განაცხადზე ე. კ–სის სახელით შესრულებული ხელმოწერა, სავარაუდოდ, ლ. გ–სს ეკუთვნის. სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნული ფაქტები კი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ. გ–სმა ხელი შეუწყო ე. კ–სის მიერ დანაშაულის ჩადენას, სწორედ მისი დახმარებითა და თაოსნობით ე. კ–სმა თაღლითური გზით საკუთრებად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანი არის შეფასებითი, რაც სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, რომ არა ლ. გ–სის მიერ დამზადებული ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ე. კ–სი სახელმწიფოს საკუთრებას ვერ დაირეგისტრირებდა, რის გამოც სწორედ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღსანიშნავია, რომ ლ. გ–სის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი იყო სასოფლო-სამეურნეო, თუმცა სინამდვილეში არასოდეს ყოფილა ასეთი დანიშნულების, რადგან მასზე განთავსებული იყო ლოდები და თავად მიწის რელიეფი არ იძლეოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მისი გამოყენების შესაძლებლობას. ლ. გ–სმა მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება სწორედ იმიტომ მიუთითა, რომ მიწის რეფორმის დროს გაიცემოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ხოლო ნახაზი კი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ქონებაზე უფლების დამდგენ - მიწის განაწილების დოკუმენტებთან. ლ. გ–სმა, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად იცოდა, რომ რეალური მდგომარეობის ამსახველი ნახაზის შედგენის შემთხვევაში ე. კ–სი ვერ შეძლებდა მიწის დარეგისტრირებას. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ლ. გ–სმა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მხოლოდ იმ მიზნით დაამზადა და გაასაღა, რომ ე. კ–სს თაღლითობაში დახმარებოდა და სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად დარეგისტრირებულიყო. ამდენად, თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტები, თავისი მნიშვნელობით, გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რამაც ჯამურად მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ამდენად, კასატორის პოზიციით, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ლ. გ–სის განზრახვა, მისი მიზანი და დაედგინა, რომ ყალბი დოკუმენტის დამზადებამ და გასაღებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი. გასათვალისწინებელია, რომ ლ. გ–სი არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და აბსურდულად განმარტავდა, თუ რატომ დაამზადა ყალბი დოკუმენტი.
4.2. დაცვის მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. გ–სის ქმედების საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის შესახებ და მიიჩნევს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. კასატორის პოზიციით, ბოლო პერიოდში განაჩენთა უმრავლესობაში სისტემატური ხასიათი მიიღო სისხლის სამართლის კანონმდებლობის არასწორმა გაგება-გამოყენებამ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რაც უკავშირდება მიწათსარგებლობის საკითხებსა და მიწის რეფორმის ფარგლებში უფლებაწარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებს. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. გ–სის დამნაშავედ ცნობის შესახებ უკანონოა, რადგან ის, თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს, კერძოდ: შედგენილი საკადასტრო ნახაზი და მასში შეტანილი რეკვიზიტები სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენისთანავე ექვემდებარება შედარებას საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებთა ბაზებთან და შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოება ჩერდება. თუ შეჩერების შემდეგ საკუთრება დარეგისტრირდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა დამდგარიყო საკითხი - გახდა თუ არა მხაზველის მიერ შესრულებული დოკუმენტი საკუთრების უფლებადამდგენი საბუთი და მასში ასახულმა არასწორმა რეკვიზიტებმა გამოიწვია თუ არა საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ ვინმე კ–ს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაცია. კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის მასზე საკუთრების წარმოშობის კანონიერი პირობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე საკუთრების წარმოშობის საფუძველია საკუთრების დადგენა, ამ ქონებაზე საკუთრების გადასვლა ერთი პირისგან მეორეზე. რეგისტრაცია პრეზუმფციულ (უტყუარობის) ნიშანს ატარებს მხოლოდ პირობით, რადგან უშვებს შედავების შესაძლებლობას და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ვალდებულება ძირითადად ემსახურება უფლების რეგისტრაციისათვის ბრუნვის გამჭვირვალობის მიღწევას. კასატორი მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა სწორედ რეესტრის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენდა. სასამართლოს დასკვნა ლ. გ–სის ქმედების საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფასებისას არ არის სრულყოფილი, რადგან ეს მუხლი განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დანაშულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი განზრახვით. შესაბამისად, დანაშაულებრივი შედეგის განზრახ მიღწევის მიზნისა და მოტივის გარეშე არ არსებობს ამ დანაშაულის შემადგენლობა. სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რომ ლ. გ–სი საკადასტრო ნახაზის შედგენისას მოქმედებდა რეესტრის შეცდომაში შეყვანის განზრახვით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა ლ. გ–სა და ე. კ–სს შორის შეთანხმების არსებობა საკადასტრო ჩანაწერების გაყალბების, მიწის კატეგორიის ხელოვნურად შეცვლის ან მიწაზე საკუთრების წარმოშობის მონაცემთა გაყალბების შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, ასევე ე. კ–სის აღიარებით დადასტურდა, რომ საკადასტრო მონაცემთა სისწორესა და შინაარსზე პასუხისმგებელი ნახაზის შემკვეთია. კასატორი არ ეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ თითქოს ლ. გ–მა ერთპიროვნულად, ე. კ–სის მონაწილეობის გარეშე, შეადგინა ყალბი საკადასტრო ნახაზი, სწორი მონაცემები ყალბი მონაცემებით თავისი ინიციატით ჩაანაცვლა, საჯარო რეესტრში ე. კ–სის ნაცვლად დაწერა განცხადება, შეცდომაში შეიყვანა სააგენტოს მუშაკები და საბუთების გაყალბებით მიაღწია ე. კ–ის სასარგებლოდ სახელმწიფო მიწის დარეგისტრირებას. სასამართლომ კი გაიზიარა საპროცესო კანონის დარღვევით მოპოვებული ხელმოწერის ნიმუშების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები და სავარაუდო ხელმოწერის ფაქტი, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, საფუძვლად დაუდო ლ. გ–ის მსჯავრდებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ლ. გ–ის ვალდებულებას არ წარმოადგენდა მოეკვლია, თუ რა საკანონმდებლო მოთხოვნის საფუძველზე ჰქონდა ნახაზის შემკვეთ ე. კ–ს საკადასტრო წესით ასაზომი ნაკვეთის მიმართ საკუთრების უფლება, ასევე, რა კატეგორიას განეკუთვნებოდა ეს ნაკვეთი. თუკი რეგისტრაციისას საჯარო რეესტრმა ე. კ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაუდო გამგეობიდან წარდგენილი საკუთრების მაიდენტიფიცირებელი ჩანაწერები, რომ მიწა ნამდვილად სასოფლო- სამეურნეო იყო, რატომ არ უნდა დაეჯერებინა ეს ფაქტები მხაზველს?! ამასთან, კასატორისთვის გაუგებარია, თუკი მესაკუთრის მითითებით შესრულებული ნახაზი არ იწვევს რეგისტრატორის პასუხისმგებლობას, რატომ უნდა გამოიწვიოს მხაზველის პასუხისმგებლობა?! ამასთან, ვინაიდან სარეფორმო კუთვნილების იდენტიფიცირების პასუხისმგებლობა მესაკუთრესა და უფლებამოსილ თვითმმართველ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, ლ. გ–ი არ არის საკუთრებაზე უფლებადამდგენი დოკუმენტის სიყალბეზე პასუხისმგებელი დანაშაულის სუბიექტი. იმ პირობებში, როდესაც ე. კ–ს ხელთ ჰქონდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში გამოყოფის შესახებ, ლ. გ–ის ფუნქცია არ იყო ეჭვი შეეტანა მუნიციპალიტეტის ცნობაში და მოეთხოვა მისი რევიზია. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულს მის მიერ შედგენილ ნახაზში ყალბი მონაცემები არ შეუტანია, კერძოდ: საკადასტრო ნახაზში მითითებული რეკვიზიტი - ერთ მხრიდან მისასვლელი გზა არ არის ყალბი მონაცემი, რადგან მოცემულ ტერიტორიაზე ზაფხულში, წყლის დონის კლებისას, ფეხით მისვლა ნამდვილად არის შესაძლებელი. ამასთან, თუკი ადამიანი ამ გზაზე ჩექმებით გადაადგილდება, რატომ გამორიცხავს ბრალდება აქ იგულისხმებოდეს სწორედ მისასვლელი გზა?! გასათვალისწინებელია ისიც, რომ მონაცემები ლ. გ–სს უკარნახა შემკვეთმა, ხოლო ნაკვეთის აზომვა ჩატარდა დეკემბერში, როცა ტბა გაყინული და თოვლით დაფარული იყო, ხოლო ნაპირიდან ფართობამდე პირდაპირ გადაადგილებას არაფერი ზღუდავდა. კასატორისთვის გაურკვეველია ასევე, რატომ არ უნდა მიეთითებინა ლ. გ–ს მიწის დანიშნულებად სასოფლო-სამეურნეო, როდესაც ეს ტერიტორია დღესაც სასოფლო-სამეურნეო კატეგორიას განეკუთვნება სათიბისა და საძოვრის სახით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს მტკიცებულება არ დაუშვა მხოლოდ პროცესუალური ფორმალობის გამო, ის პრეიუდიციული მტკიცებულებაა და მისი დაუშვებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო არქივის მონაცემებით სადავო ნაკვეთი დღესაც სათიბ-საძოვრის სტატუსის მატარებელია. კასატორი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, საქართველოს სსსკ-ის 84-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავს ამ მტკიცებულების დაუშვებლობას, რის გამოც ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ მის დაშვებასა და შეფასებას. ამასთან, ლ. გ–ის მიერ საკადასტრო ნახაზში მითითებული სასოფლო-სამეურნეო კატეგორია სწორია და მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეკატეგორია იქნებოდა მითითებული - სახნავი, სათიბი თუ საძოვარი, არ ცვლიდა მიწის კატეგორიას და არ ქმნიდა დანაშაულის შემადგენლობას, ხოლო, ბრალდება, რომ ყალბი ნახაზის საფუძველზე დარეგისტრირებულია არასასოფლო დანიშნულების ტერიტორია, უსაფუძვლოა. ამასთან, ექსპერტს შეფასებული აქვს, იყო თუ არა მიწა სახნავი, თუმცა იყო თუ არა ეს ნაკვეთი სათიბი ან საძოვარი, ექსპერტისათვის არ უკითხავთ. მიწის სამართლებრივი რეგულირების სფეროში არ არსებობს აკრძალვა თუნდაც ,,კუნძული“ შედგებოდეს სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწისგან. უფრო მეტიც, სადავო ნაკვეთი ზაფხულსა და ზამთარში მუდმივად დაკავშირებულია ნაპირთან და მხოლოდ გაზაფხულზე, წყალუხვობისას, იღებს კუნძულის ფორმას. მხოლოდ იმის გამო, რომ მსჯავრდებულმა საკადასტრო ნახაზში რეკვიზიტები შეიტანა მესაკუთრის მითითებით, არ ქმნის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რადგან არ დასტურდება დანაშაულებრივი მიზანი და მოტივი. ლ. გ–სი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სწორედ იმიტომ, რომ არ დადგინდა ე. კ–სთან წინასწარი განზრახვით სიყალბის შეთანხმების ფაქტი. შესაბამისად, აზრს კარგავს სასამართლოს თვითშემოქმედება, რომ თითქოს ლ. გ–სს არ ამოძრავდება განზრახ დანაშაულებრივი მოტივაცია და ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის შექმნისა და გასაღების სრულიად უმოტივო, დამოუკიდებელი მოქმედება. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ უადგილოა სასამართლოს მსჯელობა მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებით, რადგან ამ ნაწილში ლ. გ–ი გამართლებულია და მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილთან არავითარ კავშირში არ არის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრებს განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივრებს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები ეფუძნება არსებითად იმავე სახის არგუმენტაციას, რასაც ისინი სააპელაციო საჩივრებშიც მიუთითებდნენ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ. გ–სის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ კვალიფიკაციისათვის საკვანძო, სადავო ასპექტებს.
5.4. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, ლ. გ–მა ე. კ–ს შეკვეთით დაამზადა ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე, 1807 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ს.კ. 65.06.36.035.) საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ე. კ–სმა ლ. გ–სის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარადგინა სარეგისტრაციო ორგანოში. ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 19 დეკემბრის N... ცნობის, ნ. რ-ის გამგეობის სხდომის N.. დადგენილების (თანდართული სოფ.გ–ს განაწილების სიით) საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. კ–სის განცხადება და ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე, 1807 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ. 65.06.36.035.) დარეგისტრირდა ე. კ–სის საკუთრებად.
5.5. მხარეები სადავოდ მიიჩნევენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ლ. გ–სის მიერ დამზადებული ოფიციალური დოკუმენტის - საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიყალბეს, ლ. გ–ს მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების მიზანს და ქმედებით გამოწვეულ შედეგს - სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, შეიცავს თუ არა ლ. გ–ს მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ნიშნებს, ხოლო შემდგომში კი შეფასდეს - ლ. გ–სი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ამსრულებელია, თუ მისი ფუნქცია თაღლითობაში დახმარებასაც მოიცავს.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დასჯადია ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დანაშაულის საგანს წარმოადგენს „დოკუმენტი“ - მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე კი, ბრალდების მხარის პოზიციით, გამოიხატება მასში მითითებული ისეთი მონაცემების უზუსტობაში, როგორიცაა მიწის ნაკვეთის დანიშნულება, აღწერა და მასზე დატანილი ხელმოწერები. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის სიყალბეს განაპირობებს მისი შემადგენელი რეკვიზიტ(ებ)ის უსწორობა, რაც არსებითად ცვლის მთლიანად დოკუმენტის ავთენტურობას. მოცემულ შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზის არსებითი შემადგენელი რეკვიზიტებია მიწის ნაკვეთის კოორდინატები, დანიშნულება და აღწერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ამსრულებელია ის პირი, რომელმაც დოკუმენტი დაამზადა. დოკუმენტის დამამზადებლად კი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ყველა ის პირი, ვინც დოკუმენტის შემადგენელი ინფორმაცია შექმნა, მიუთითა ან/და ასახა დოკუმენტში. ამასთან, არარელევანტურია დაცვის მხარის მტკიცება, რომ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე პასუხისმგებლები იყვნენ დამკვეთი და შემდგომში - რეგისტრაციის განმახორციელებლი ორგანო, რადგან განსახილველ საქმეზე მსჯავრდებულია ლ. გ–სი და სასამართლო მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ იკვლევს სხვა შესაძლო პასუხისმგებელ პირთა ბრალეულობის საკითხს.
5.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ლ. გ–სი მეწარმედ დარეგისტრირდა 2011 წლის 21 იანვარს, საიდენტიფიკაციო ნომერია: .........., მეწარმის იურიდიული მისამართია: ს–ო, ნ–ა, სოფელი ო–ი. ლ. გ–სის 2014 წლის 21 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე მეწარმის რეგისტრაცია გაუქმდა, ხოლო 2014 წლის 25 დეკემბერს ლ. გ–სი კვლავ დარეგისტრირდა მეწარმედ.
5.8. 2012 წლის 11 დეკემბერს შედგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მიხედვით: საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ი/მ ლ.გ–ნი, ხოლო დაინტერესებულ პირს - ე. კ–სი; მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ–ს რაიონის სოფელ ს–ში, არის 1807 კვ.მ. ფართობისა და მომრგვალო ფორმის; ნაკვეთის ფუნქციაა - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი). ს.კ. 65.06.36.035. ნახაზზე დატანილია ი/მ ლ. გ–სისა და ე. კ–სის ხელმოწერები.
5.9. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ობიექტური შემადგენლობის ჩადენა საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის - მსჯავრდებულ ლ. გ–სის მიერ. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი წარმოადგენს ფაქტის დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად, მართალია, ის მზადდება შემკვეთის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა შემსრულებელი არ იკვლევს უფლებადამდგენ დოკუმენტ(ებ)ს და უშუალოდ ადგენს ფაქტებს: ნაკვეთის კოორდინატებს, მდებარეობასა და დანიშნულებას. უფრო მეტიც, მიწის ნაკვეთის ამზომველისათვის სახელმძღვანელოა არა მიწის ნაკვეთის უფლებადამდგენი დოკუმენტი ან დამკვეთის მითითება, არამედ - უშუალოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებები: მიწის ნაკვეთის აზომვა (კოორდინატების დადგენა) და ადგილზე დათვალიერება. მიწის ნაკვეთის კოორდინატები, დანიშნულება და მდებარეობის აღწერა ის სავალდებულო რეკვიზიტებია, რაც საკადასტრო-აზომვით ნახაზს იურიდიულ მნიშვნელობას სძენს და დამოკიდებულია არა შემკვეთის მითითებაზე, არამედ - მიწის ნაკვეთის აზომვისა და დათვალიერების შედეგებზე. შესაბამისად, შემსრულებელი პასუხისმგებელია საკადასტრო-აზომვითი ნაზახის სწორედ იმ მონაცემების სისწორესა და სიზუსტეზე, რასაც თავად იკვლევს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტის შესადგენად. გარდა ამისა, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ლ. გ–სმა მოამზადა მხოლოდ შემკვეთის მიერ მითითებული მონაცემების შესაბამისად, რადგან თავად მსჯავრდებულმა ლ. გ–სმა დაადასტურა, რომ საკადასტრო-აზომვითი ნახაზი შეადგინა დამკვეთის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, ადგილზე მისვლისა და დათვალიერების შედეგად. ლ. გ–სის განმარტებით: „ადგილზე როდესაც მივიდა, დამკვეთის ე. კ–სის მითითებით აზომა მიწის ნაკვეთი; ადგილზე მისვლისას იყო თოვლი. ნაკვეთი მდებარეობდა სოფელ ს–ში, ტბაში. მან აიღო კოორდინატები და გააკეთა ნახაზი. ადგილზე მისული იყო პირადად, მანამდე იქ ნამყოფი არ იყო, იმ ადგილებში სადაც ვერ მივიდა ღრმა თოვლის გამო, კოორდინატები აიღო მისმა მეუღლემ, კოორდინატების ნაწილი კი თავად აიღო. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მან შეადგინა და ხელიც მოაწერა“. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას აფუძნებს სწორედ დოკუმენტის იმ მონაცემთა სიყალბე, რომლებიც ლ. გ–სმა უშუალოდ შეისწავლა და დაადასტურა, როგორც საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შემსრულებელმა.
5.10. როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: „ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება, კერძოდ: არასწორი და დამატებითი მონაცემის შეტანა, სხვის მაგივრად ხელის მოწერა, ამოშლა და ა.შ.“. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. გ–მა მის მიერ შედგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზში მიუთითა ყალბი მონაცემები: მიწის ნაკვეთის „სასოფლო-სამეურნეო“ - „სახნავი“ დანიშნულება და გზასთან კავშირი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ს–ში მდებარე, 1807 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (ს.კ. ..........) სასოფლო-სამეურნეო - სახნავი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია და მას არცერთი მხრიდან არ გააჩნია გზასთან კავშირი, კერძოდ: 2017 წლის 17 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ნ–ს მუნიციპალიტეტში მდებარე საღამოს ტბაში არსებული კუნძული და მისი მიმდებარე ტერიტორია. სპეციალური ხელსაწყოს ე.წ. ,,ჯიპიესის“ საშუალებით მოძიებულ იქნა საღამოს ტბაში არსებული 1807 კვ.მ. კუნძული (ს.კ. 65.06.36.035) და აღნიშნული კუნძულის კოორდინატები. კოორდინატების აღების შემდეგ დადგინდა, რომ 1807 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში არსებულ საღამოს ტბაში, არის კუნძული და ოთხივე მხრიდან აკრავს წყალი, სანაპიროსთან სახმელეთო მისასვლელი არ გააჩნია. კუნძულის უახლოესი წერტილიდან სანაპირომდე არის დაახლოებით 150 მეტრი. კუნძულის ჩრდილოეთით დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კუნძულზე არის ხე და კუნძულის ნახევარზე მეტი დაფარულია დიდი ქვებითა და ლოდებით, რომლებსაც აშკარად ემჩნევათ სიძველე - ქვებზე მოკიდებულია ხავსი, ხოლო კუნძულის მეორე ნაწილი დაფარულია წვრილი ქვებით და მათში ამოსულია სარეველა ბალახი; კუნძულის ნაწილი დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით; მთელი დიამეტრი არის უსწორმასწორო; მიწის დამუშავების კვალი არ შეიმჩნევა. ვ. წ–ს განცხადებით აღნიშნული კუნძული შეიძინა ე. კ–საგან და ის არასდროს გადაუმუშავებიათ, რადგან ყრია დიდი ლოდები და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია. დათვალიერების დროს გამოყენებულ იქნა გასაბერი ნიჩბიანი ნავი.
5.11. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ...........ის მომსახურების ცენტრის სპეციალისტის მ. ბ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ–ს რაიონის სოფელ ს–ს ტბასთან არსებული მიწის ნაკვეთი არის 1807 კვ.მ., მდებარეობს ტბაში და არის კუნძული, არასდროს ყოფილა სახნავ-სათესი და არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. საინჟინრო ექსპერტიზის 2019 წლის 10 იანვრის N........... დასკვნის თანახმად, ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ტბაში, ს.კ. .............., რეგისტრირებული ..... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე ვ. წ-ნი) სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე (ექსპერტმა) გ. მ–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ კუნძული მთლიანად არის შემოსაზღვრული წყლით, რომლის მაქსიმალური დონე ოფიციალური მონაცემებით ფიქსირდება მაისში, ხოლო მინიმალური - სექტემბერში. ამასთან, იმის გამო, რომ კუნძულის ტერიტორიის 80% დაფარულია ქვით, მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება და ტექნიკის კუნძულზე გადაყვანა არის შეუძლებელი, ხოლო მიწის დამუშავება - გამორიცხული.
5.12. რაც შეეხება ადვოკატის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობას ახალი მტკიცებულების სახით საარქივო ცნობის დაშვების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო“. სისხლის სამართლის პროცესში მხარეები აღჭურვილნი არიან შეჯიბრებითობის უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. საარქივო მონაცემი წარმოადგენს ისეთი სახის ინფორმაციას, რომლის გამოძიების პროცესში მოპოვებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენისათვის არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, ადვოკატის მიერ მითითებული საქართველოს სსსკ-ის 84-ე მუხლი დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლების შესახებ, ძალადაკარგულია 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ადვოკატმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობის ფაქტი, რის გამოც დაცვის მხარეს საფუძვლიანად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5.13. ხელმოწერის ნიმუშის აღების შესახებ 2018 წლის 11 იანვრის ოქმით დადგენილია, რომ ლ. გ–სისაგან აღებულ იქნა ხელმოწერის ნიმუშები შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის, რის შესახებაც გამომძიებელმა შეადგინა სათანადო ოქმი. 2018 წლის 4 მაისის N..... ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის პირველ ფურცელზე ,,საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირისა“ და მეორე ფურცელზე ,,საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის“ გრაფებში ლ.გ–ს სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ლ. გ–სის მიერ. 2012 წლის 4 დეკემბრის მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის პირველ ფურცელზე ,,დაინტერესებული პირისა“ და მეორე ფურცელზე ,,დაინტერესებული პირის“ გრაფებში ე. კ–სის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა ს. გ–ს, არამედ, სავარაუდოდ, ლ. გ–სის მიერ.
5.14. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რათა დაესკვნა ლ. გ–სის მიერ ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შედგენა - მასში არასწორი მონაცემების მითითების საფუძველზე. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ნ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ტბაში, ს.კ. 65.06.36.035, რეგისტრირებული .... კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ეწინააღმდეგება სასამართლოში წარდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კერძოდ, ხსენებული მიწის ნაკვეთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ გაცემულა ნ–ს სოფელ გ–ს მოსახლეობაზე რეფორმის ფარგლებში, ასევე, მდებარეობისა და ბუნებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება გამორიცხულია. გარდა ამისა, არ არის გასაზიარებელი დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ საკადასტრო-აზომვით ნახაზში მითითება მიწის ნაკვეთის „სახნავი“ დანიშნულების შესახებ არ არის არსებითი, რადგან საკადასტრო აღწერის დროს სწორედ მიწის კონკრეტული დანიშნულების შეფასების შედეგად ხდება მისი მიკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კატეგორიისადმი. ვინაიდან, ლ. გ–მა ადგილზე დაათვალიერა მიწის ნაკვეთი, რომელიც რეალურად სახნავი დანიშნულებით გამოყენებისათვის გამოუსადეგარია, მის მიერ ხსენებული ქვეკატეგორიის ფიქციურმა მითითებამ განაპირობა მთლიანად საკადასტრო აღწერისა და მის შედეგად გაცემული დოკუმენტის სიყალბე. ლ. გ–სის ჩვენების მიხედვით, აზომვის დროს კუნძული თოვლით იყო დაფარული, ხოლო აღნიშნულ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კატეგორია მიუთითა, რადგან ე. კ–მა უთხრა, რომ ნაკვეთს იყენებდა სათიბად. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად დაცვის მხარის განმარტებებით დადგინდა, რომ ლ. გ–სმა მიწის ნაკვეთის დანიშნულება არ შეაფასა ადგილზე დათვალიერების მონაცემების შესაბამისად, რაც გამორიცხავდა ხსენებული მიწის ნაკვეთის კუთვნილებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების „სახნავი“ ან „სათიბი“ ქვეკატეგორიისადმი.
5.15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე N..... ხელწერის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც კატეგორიულად ვერ დადგინდა 2012 წლის 04 დეკემბრით დათარიღებული, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის პირველ ფურცელზე გრაფაში ,,დაინტერესებული პირისა“ და მეორე ფურცელზე გრაფაში ,,დაინტერესებული პირის“ ე. კ–სის სახელით არსებული ხელმოწერების შემსრულებელი პირი, თუმცა კატეგორიულად დადგინდა, რომ ეს ხელმოწერები ე. კ–სს არ ეკუთვნის. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ: „ზემოაღნიშნული მტკიცებულებით მართალია ე. კ–ს ხელმოწერის ლ. გ–სის მიერ შესრულება კატეგორიულად ვერ დასტურდება, თუმცა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეს ხელმოწერა არაა შესრულებული ე. კ–ს მიერ და ამაზე პასუხისმგებლობა კი ეკისრებოდა ლ. გ–ს“. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიული შინაარსის პირდაპირ მტკიცებულებად გამოყენების შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ ოფიციალურ დოკუმენტში „დაინტერესებული პირის“ გრაფაში ხელმოწერა გაყალბებულია და არ არის შესრულებული ე. კ–სის მიერ.
5.16. ამასთან, წინააღმდეგობრივია მსჯავრდებულის განმარტება მის მიერ შედგენილ ნახაზთან მიმართებით, რამდენადაც მსჯავრდებულის ჩვენებით „გზა“ შეიძლება ყოფილიყო, როგორც წყლისგან, ისე ქვებისგან შემდგარი, ხოლო საკადასტრო-აზომვით ნახაზში მასვე აქვს გამიჯნული კუნძულის სამი მხრიდან წყლის, ხოლო ერთი მხრიდან - „გზის“ არსებობა. მსჯავრდებულმა თავადვე ახსნა მის მიერ საკადასტრო ნახაზში „გზის“ მითითების მიზეზი და აღნიშნა, რომ ე. კ–სმა განუმარტა, რომ კუნძულთან იყო მისასვლელი გზა, რითაც გადადიოდნენ კუნძულზე და თივა მიჰქონდათ ტრანსპორტით. შესაბამისად, ირკვევა, რომ „სახნავი“ დანიშნულება და „გზის“ არსებობა ლ. გ–სს არ დაუდგენია ადგილზე დათვალიერებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის შედეგად. ექსპერტ გ. მ–ს განმარტებით, „კუნძული მთლიანად არის შემოსაზღვრული წყლით, რომლის მაქსიმალური დონე ოფიციალური მონაცემებით ფიქსირდება მაისში, ხოლო მინიმალური - სექტემბერში; ამასთან, იმის გამო, რომ კუნძულის ტერიტორიის 80% დაფარულია ქვით, მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება და ტექნიკის კუნძულზე გადაყვანა არის შეუძლებელი, ხოლო მიწის დამუშავება კი გამორიცხული“. ამდენად, არ დადასტურდა ლ. გ–სის მიერ საკადასტრო-აზომვით ნახაზში დადასტურებული ფაქტების: „სასოფლო-სამეურნეო (სახნავი)“ დანიშნულებისა და „გზის არსებობის“ ნამდვილობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ ლ. გ–სმა დაინტერესებული პირის - ე. კ–სის მითითებით შეიყვანა მონაცემები და მათი გადამოწმება მის მოვალეობას არ წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის პასუხისმგებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საკადასტრო აღწერა მოიცავს სპეციალური ცოდნის, ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენებით მიწის ნაკვეთის იდენტიფიკატორების დადგენას, რა დროსაც აღწერაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა აიღოს კოორდინატები, მიუთითოს მისამართი, დანიშნულება, კატეგორია, ფართობი, შენობა-ნაგებობები ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსაზღვრე ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით, დაინტერესებული პირის მონაცემები, ნახაზის შედგენის თარიღი და ხელმოწერები. ამდენად, საკადასტრო-აზომვითი ნახაზის იურიდიულ ძალას განსაზღვრავს არა დაინტერესებული პირის მითითებები, არამედ - საკადასტრო აღწერის სპეციალური პროცედურის დაცვა და მიღებული შედეგების უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურება. შესაბამისად, სწორედ ოფიციალური დოკუმენტი - საკადასტრო-აზომვითი ნახაზი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და არა - დაინტერესებული პირის მითითება. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ იქნებოდა საჭირო აზომვითი ნახაზის შედგენა, მას უშუალოდ დაინტერესებული პირი შეადგენდა და წარუდგენდა შესაბამის სამსახურს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნახაზში მითითებული მონაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა უფლებამოსილ პირს ეკისრება და თუ ეს მონაცემი არ შეესაბამება რეალობას, იგი წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას.
5.17. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. გ–სის ქმედება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება უნდა შეფასდეს, როგორც თაღლითობაში თანამონაწილეობა, კერძოდ: პროკურორის პოზიციით, ლ. გ–სი წარმოადგენდა ე. კ–ის დამხმარეს, რათა ეს უკანასკნელი მოტყუებით - ლ. გ–სის მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას. აღსანიშნავია, რომ დანაშაულში თანამონაწილეობა გულისხმობს ამსრულებლისა და თანამონაწილის მიერ ერთიანი უმართლობის განზრახ ჩადენას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 23-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს განზრახი დანაშაულის ჩადენაში ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსი არ უშვებს გაუფრთხილებლობით დანაშაულში თანამონაწილეობის შესაძლებლობას, რამდენადაც თანამონაწილეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს (იცოდეს და სურდეს) ამსრულებლის მიერ ჩადენილი ძირითადი უმართლობა - მართლსაწინააღმდეგო ქმედება. საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ლ. გ–მა იცოდა ე. კ–ის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვის შესახებ. ასევე, არ დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ საკადასტრო-აზომვით ნახაზში ყალბი მონაცემების სწორედ იმ მიზნითა და განზრახვით მითითება, რომ ე. კ–სს მოტყუებით დაერეგისტრირებინა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. მართალია, ფაქტობრივად ლ. გ–სის მიერ გაცემული ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზი შემდგომში ე. კ–მა გამოიყენა მარეგისტრირებელი ორგანოსგან რეგისტრაციის მისაღებად, თუმცა აღნიშნული ფაქტის ცოდნისა და ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობა, გამორიცხავს თაღლითობაში დახმარების შემადგენლობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არარელევანტურია დაცვის მხარის მითითება თაღლითობაში დახმარების განზრახვის (მოტივისა და მიზნის) არარსებობის გამო, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების გამორიცხვის შესახებ, რადგან ლ. გ–სის ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას, რისთვისაც არ არის საჭირო თაღლითობის მიზნისა და მოტივის არსებობა.
5.18. რაც შეეხება შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ დანაშაულის მატერიალური შემადგენლობებისათვის (როგორც სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ისე სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) აუცილებელია ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. გ–სმა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება და ის არ წარმოადგენდა თაღლითობის დანაშაულის თანამონაწილეს - დამხმარის სახით. შესაბამისად, იმისათვის, რომ ლ. გ–სს ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების დამამძიმებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი შეერაცხოს, უნდა დადგინდეს ძირითად შემადგენლობას - ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის დამზადება-გასაღებასა და მნიშვნელოვან ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა“. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთის დაუფლებით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა. თუმცა, ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად უნდა გაირკვეს წარმოადგენდა თუ არა ლ. გ–ის მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი სახელმწიფო ქონების ხელყოფის აუცილებელ და ერთადერთ პირობას. დადგენილია, რომ ე. კ–ის სახელით სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილ N....... განაცხადს ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, მიწის განაწილების სია, ელ.ვერსია, დადგენილება. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N....... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, დაინტერესებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტების - ნ–ს მუნიციპალიტეტის მიერ ცნობა/ინფორმაციის წარსადგენად, რომლითაც დადასტურდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის გამოყოფა რეფორმის დროს საკადასტრო-აზომვით ნახაზზე მონიშნულ ადგილას და წარმოდგენილი კონფიგურაციით. 2012 წლის 19 დეკემბერს ე. კ–სმა წარადგინა დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია - ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობიდან. 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ე. კ–ს განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ნს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე, 1807 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ............) ე. კ–სის საკუთრებად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 19 დეკემბრის N... ცნობა და ნ–ს რაიონის გამგეობის სხდომის N.. დადგენილება (თანდართული სოფ. გ–ს განაწილების სიით). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ ე. კ–სის საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უფლებადამდგენი დოკუმენტები - მუნიციპალიტეტის ორგანოს ცნობა და დადგენილება. ამდენად, მართალია სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილ იქნა საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, თუმცა ის არ წარმოადგენდა ხსენებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენ ოფიციალურ დოკუმენტს და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ხელყოფის - მოტყუებით დაუფლების გადამწყვეტ და აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ე. კ–სი ვერ შეძლებდა მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლებას.
5.19. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, თუმცა პროკურორი ვერ მიუთითებს რელევანტურ გარემოებებს დანიშნული სასჯელის დამძიმების დასასაბუთებლად. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, წარმოადგენს დაცვის ფუნდამენტურ უფლებას. ყველა ბრალდებული სარგებლობს თვინთინკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული ისეთი საპროცესო გარანტიებით, როგორიცაა უფლება არ აღიაროს ბრალდება, ასევე არ იქნეს შეზღუდული ბრალის აღიარებით, რაც დაუშვებელია შეფასდეს ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის დამამძიმებელ გარემოებად, მათ შორის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას. ამასთან, მართალია ე. კ–ის მიერ ჩადენილი თაღლითობით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ამასთან ქონება გასხვისდა მესამე პირზე, თუმცა აღნიშნული ფაქტორები უკავშირდება არა ლ. გ–ის ბრალს, არამედ ე. კ–ის დანაშაულებრივ ქმედებებს. შესაბამისად, ის გარემოებები, რაც არ უკავშირდება უშუალოდ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ლ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, მსჯავრებულის პიროვნება, მისი პირადი და ეკონომიკური პირობები და მიიჩნია, რომ ლ. გ–სათვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრა, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მოთხოვნა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასჯელის დანიშვნისა და მისი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასული იყო ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.
5.20. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის, მსჯავრდებულ ლ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა თ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ლალი ფაფიაშვილი
ამირან ძაბუნიძე