საქმე N 150100121004648796
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№831აპ-22 7 ნოემბერი, 2022 წელი
დ–ი პ., №831აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. დ–ს (პირადი ნომერი: .........) წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრები პ. დ–ი 2021 წლის 3 აპრილის ჩათვლით, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, სისტემატურად ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს - ა. დ–სს, არასრულწლოვანი შვილის - ს. დ–სის თანდასწრებით, კერძოდ: ლანძღავდა და აგინებდა მას უშვერი სიტყვებით, უწოდებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, რის შედეგადაც ა. დ–მა განიცადა ტანჯვა.
1.2. პ. დ–სს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ,) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:50 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პ. დ–სი მივიდა ა. დ–სის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. დ–ს და გამოეკიდა მას, რათა ფიზიკურად გასწორებოდა. ვინაიდან, ა. დ–სს გაუჩნდა ნასვამი და აგრესიული მეუღლის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თავს სახლიდან გაქცევით უშველა და დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
1.3. პ. დ–სს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი,) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის ნოემბერში, დღის საათებში, პ. დ–მა შეამჩნია ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს გზაზე მიმავალი თავისი მეუღლე - ა. დ–სი, დაუწყო მას ლანძღვა-გინება, მივიდა მასთან და სახის და ზურგის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ კი ითრია თმით და წააქცია, რის შედეგადაც ა. დ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განაჩენით პ. დ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, პ. დ–ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 6 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. პროკურორის პოზიციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პ. დ–ს დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 3 აპრილს დაზარალებულ ა. დ–ს მიერ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარი, რა დროსაც იგი აცხადებდა, რომ „თავისი ნასვამი მეუღლე აგრესიულია, ამტვრევს ყველაფერს და თუ სამართალდამცავი ორგანო დააგვიანებს ადგილზე მისვლას, შეიძლება უბედურება დატრიალდეს“. ა. დ–სი ასევე მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნულის გამო იმყოფებოდა გარეთ. შესაბამისად, ხსენებული უდავო მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2021 წლის 3 აპრილს ა. დ–ს მიმართ მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს. გამოძიების პროცესში დათვალიერდა დაზარალებულ ა. დ–სის მობილური ტელეფონი, რომელშიც ინახებოდა 04.02.2021 წლით დათარიღებული აუდიოფაილი. მამაკაცი, რომლის ხმაც ისმის ჩანაწერში, არის ა. დ–სის მეუღლე - პ. დ–სი; აუდიოჩანაწერი არის 3:31-წუთიანი ხანგრძლივობის და მთელი ამ ხნის განმავლობაში პ. დ–სი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაზარალებულს, კერძოდ: აგინებს და ლანძღავს მას უშვერი სიტყვებით, ასევე ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. შესაბამისად, აღნიშნული აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია მოძალადე მეუღლის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები. მოწმე ა. ო-ნი განმარტავს, რომ მან ა. დ–საგან გაიგო, რომ 2021 წლის 3 აპრილს ნასვამი პ. დ–სი მისული ყოფილა მასთან და დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმე ვ. პ–ი ასევე ადასტურებს, რომ მისმა თანასოფლელმა ა. დ–სმა მას რამდენჯერმე უთხრა, რომ მეუღლე ავიწროებს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, როდესაც ნასვამია. ამის გამო, იგი როგორც საჯარო მოხელე, რამდენჯერმე იყო ა. დ–სსა და პ. დ–სთან მისული და ესაუბრა მათ, თუმცა მოწმე აცხადებს, რომ პირადად ხსენებულ ფაქტებს არ შესწრებია. ალკოტესტით შემოწმების ოქმით დგინდება, რომ დაკავებისას პ. დ–სი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ პ. დ–სის ქმედებების შედეგად ა. დ–სმა განიცადა ტანჯვა. ექსპერტმა მ. მ–მა განმარტა, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პროცესში ა. დ–სმა მას უამბო იმ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც მეუღლის მხრიდან განიცდიდა. მოწმის განმარტებით, მას, როგორც ფსიქოლოგ-ექსპერტს, ა. დ–ს მონაყოლში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია და ეს უკანასკნელი საუბრობდა სიმართლეს. მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ა. დ–ს ფსიქოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენდა ტანჯვას და რომ დაზარალებულის ასეთი მდგომარეობა გამოწვეული იყო მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 14.07.2020 წლის N97აპ-20 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებული უარს აცხადებს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ეს გარემოება აპრიორი არ გამორიცხავს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისად, ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების ავთენტურობას. უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც მოტივირებული იყო ხელი შეეწყო გამოძიებისათვის, თავად შეატყობინა დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, გამოიკითხა ნებაყოფლობით, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც მან უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე“. ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულის ასეთი ქმედებები წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას. კასატორს მიაჩნია, რომ დაზარალებულისა თუ ოჯახის სხვა წევრის მიერ სასამართლოში მათთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება და ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, არ ნიშნავს ამ პირთა მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შედეგების უგულებელყოფას და ავტომატურად არ აბათილებს ამ მოქმედებებით დადგენილ ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მობილურ ტელეფონში არსებული აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი წარმოდგენს პირდაპირი სახის მტკიცებულებას, სადაც ასახულია დაზარალებულის მიმართ მეუღლის მხრიდან ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. დაზარალებულის ინიციატივით ჩატარებული დათვალიერებისას, მანვე დაადასტურა, რომ პირი, რომელიც მას აგინებს, ლანძღავს და ემუქრება, მისი მეუღლეა. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა ზემოაღნიშნული გარემოებები და დაუსაბუთებლად შეიტანა ეჭვი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულების – აუდიოჩანაწერის ავთენტურობასა და სინამდვილეში. რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო თავად აუდიოჩანაწერი, აღნიშნული ვერ განხორციელდებოდა საკანონმდებლო შეზღუდვის გამო. კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს განმარტება, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, არ არის გასაზიარებელი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ტანჯვის განცდის ფაქტი. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულის ტანჯვითი მდგომარეობა სწორედ მეუღლის ქმედებების შედეგია, ასევე, ექსპერტ მ. მ–ს განმარტება, რომ მას დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გასჩენია. სისხლის სამართლის საქმეში არსებული 19.06.2013 წლის განაჩენით დასტურდება, რომ პ. დ–ი წარსულშიც ნასამართლევია მეუღლის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტზე. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში არ გამორიცხავს ირიბი მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობას, როგორც ამას მიუთითებს სააპელაციო სასამართლო. იგი უშვებს ირიბი მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობას პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში. ოჯახში მომხდარი დანაშაულები, მისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ სპეციფიკური კატეგორიის დანაშაულებს და, როგორც წესი, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევიან. ასეთი კატეგორიის დანაშაულის მოწმეთა უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან, რომლებიც აღჭურვილნი არიან უფლებით არ მისცენ მათი ოჯახის წევრთა დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. თუმცა ეს გარემოება არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად უარი თქვას სხვა მტკიცებულებათა გაზიარებაზე. ამაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში, სადაც განმარტავს, რომ: „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“. ასევე, ოჯახში მომხდარ დანაშაულთა მიმართებით მკაცრი და სენსიტიური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე წევრმა სახელმწიფოებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ მსხვერპლის დაცვა და მოძალადის მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განხორციელება. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აღნიშნული მიზნების მიღწევა კი შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე შესაბამისი მართლმსაჯულების განხორციელებით მიიღწევა, რაც მტკიცებულებებთან მიმართებით სასამართლოს სპეციფიკურ და სიღრმისეულ მიდგომასაც გულისხმობს. სასამართლოს მიერ ამ საკითხისადმი, კერძოდ მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სტანდარტული მიდგომა, ქვეყნის თავისებურებიდან გამომდინარე, სადაც ნაცემი და ნატანჯი დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემა სირცხვილად და გასაკიცხ ქმედებადაც კი აღიქმება, იწვევს მართლმსაჯულების ერთგვარ კრიზისს, როდესაც დამნაშავე რჩება დაუსჯელი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაზარალებული შეეცადა ჩვენების არ მიცემით თავი აერიდებინა საზოგადოების გაკიცხვისაგან და მოეპოვებინა მოძალადის კეთილგანწყობა. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო არ მისცა ჩვენება სასამართლოში, დადგენილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე მ. მ–სის ჩვენებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად დაზარალებულისა და მოწმეთა ნაწილის მიერ კანონით მათთვის მინიჭებული უფლების გამოყენებისა, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს პ. დ–სის დამნაშავედ ცნობის მტკიცებულებითი საფუძველი, რაც სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარდგენილ ბრალდებაში პ. დ–სის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).
5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.7. ბრალდების მხარე პ. დ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომლებიც არსებითაც დამოკიდებულია ერთი მოწმის - დაზარალებულისაგან მომდინარე ინფორმაციაზე, კერძოდ: 112-ში შეტყობინების ოქმი, აუდიოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ა. ო–სა და ვ. პ–ს ჩვენებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება შეიცავენ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის გარეშეც ამ მტკიცებულებებს არ გააჩნიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დასადგენად რელევანტური შინაარსი. დაზარალებულმა ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულების შინაარსის უტყუარობა, კანონით დადგენილი წესით პირველწყაროსაგან არ დადასტურდა. ირიბი მტკიცებულების გამოყენების კონსტიტუციური და საპროცესო სტანდარტი მოითხოვს, საქმეში წარმოდგენილი იყოს დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ირიბი შინაარსის შემცველი მტკიცებულებების სიმრავლე და მრავალფეროვნება თავისთავად არ ამაღლებს ამ მტკიცებულებათა უტყუარობის ხარისხს. პროკურორი საკასაციო საჩივარში მიმოიხილავს ირიბი მტკიცებულების გამოყენების თეორიულ შემთხვევებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვერ უთითებს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა შორის რომელია პირდაპირი მტკიცებულება, რომლის სარწმუნოობასაც გაამყარებდა წარმოდგენილი ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა. კასატორის პოზიცია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი განხილულ იქნეს პირდაპირი სახის მტკიცებულებად, სუბიექტურია და არ შეესაბამება გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო საკანონმდებლო სტანდარტს, კერძოდ: 112-ისათვის შეტყობინების ოქმის ინიციატორია დაზარალებული, ხოლო შეტყობინების შინაარსი არ შეიცავს უშუალოდ ა. დ–სის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის დამადასტურებელ საკმარის და ცხად ინფორმაციას. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ასევე სრულად ეფუძნება დაზარალებულის მითითებას, ხოლო სახელმწიფო ბრალდება აუდიოჩანაწერში ასახული ხმის მსჯავრდებულისადმი კუთვნილების თაობაზე ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის განმარტებას, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემასა და ფაქტების დადასტურებაზე უარი განაცხადა. პროკურორის მიერ მითითებული, მოწმეების - ა. ო–სა და ვ. პ–ს ჩვენებები სრულად ირიბი შინაარსის მატარებელია და მათი გაზიარების შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი გარემოებების - ძალადობის ფორმისა და ხასიათის, ძალადობის სისტემატურობის ნიშნისა და არასრულწლოვნის თანდასწრების ფაქტის დასადასტურებლად. ბრალდების მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მ. მ–ს ჩვენება განხილულ უნდა იქნეს, როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა მიემართება მისი კვლევის საგანს - ტანჯვის შეფასებასა და დადგენას, ხოლო, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, მართალია მოხსენიებულია ექსპერტიზის კვლევით ნაწილში, წარმოადგენს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მათი უტყუარობის დადგენა ან გამორიცხვა არ შეადგენს ექსპერტიზის კომპეტენციას. ასევე, ის გარემოება, რომ საექსპერტო კვლევისას ექსპერტს დაზარალებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გასჩენია, შესაძლოა, გამხდარიყო დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების დამაჯერებლობისა და სარწმუნოობის გამყარების საფუძველი, თუმცა ასეთის არარსებობის შემთხვევაში ექსპერტის აღნიშნული შთაბეჭდილება თუ მტკიცება არარელევანტურია ბრალდების შემადგენელი ფაქტების დასადგენად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე არსებითად დამოკიდებული მტკიცებულებები, დაზარალებულ ა. დ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმამ შეუძლებელი გახადა დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტების დადგენა. ამდენად, სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება სამართლებრივი თვალსაზრისით სათანადოდ შეაფასა და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე