საქმე N 330100122005547251
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №898აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი
დ–ი თ., 898აპ-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. დ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენით თ. დ–სი (პირადი ნომერი .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, მასვე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ. დ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით და ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი;
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 3 თებერვალს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ–ი ..........ის ავტომაგისტრალზე, სოფელ ნ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული თ. დ–სის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 541,1305 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი, გამჭვირვალე პოლიეთილენის 2 ცალ ფენოვან პაკეტში შეფუთული, მოყავისფრო, ნოტიო ნივთიერების მასები.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. დ–სის ადვოკატმა მ. ბ–სმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. დ–სის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. დ–სის ადვოკატ მ. ბ–სის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. 2022 წლის 8 ივლისს მსჯავრდებულ თ. დ–ს ადვოკატმა მ. ბ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი, მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა და თ. დ–ს მიმართ სასჯელის სახედ და ზომად მინიმალური ვადით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. დაცვის მხარეს მიაჩნია რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან მოსამართლემ ისეთი სასჯელის სახე და ზომა გამოიყენა, რაც არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამომდინარე იქედან, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, ასევე, მის კმაყოფაზეა სამი მცირეწლოვანი შვილი, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ თ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განუსაზღვროს მინიმალური ვადით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მისი დასაშვებობის განხილვისას საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: რამდენად ავლენს საკასაციო საჩივრის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესაძლო უკანონობას, დანიშნული სასჯელის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის, მიზანშეწონილობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. როგორც ირკვევა, მსჯავრდებული თ. დ–ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ექცევა კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოთხოვნილია თ. დ–ის მიმართ სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა, შესაბამისად, კასატორს აწევს ტვირთი დაასაბუთოს, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აშკარად არ პასუხობს სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნას და გამოკვეთოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლის წინაპირობები.
4.4. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ სახელმძღვანელო სამართლებრივ დებულებებსა და პრინციპებს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამასთან, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით აღიარებულია სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია, რომლის თანახმადაც: „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სამართლიანობა გულისხმობს შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობას ზემოაღნიშნულ სასჯელის მიზნებთან მიმართებით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს სწორედ სასჯელის თანაზომიერების პრინციპს და ადგენს: „სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასჯელის პროპორციულობა, თავის მხრივ, ნიშნავს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.5. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. დადგენილია, რომ თ. დ–სმა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა განზრახი დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის მოქმედების პირობებში. შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, თ. დ–სათვის დასანიშნი სასჯელის ზომა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზომას - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. დ–სის მიმართ სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, თუმცა კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია, თუ რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ, დანაშაულის რეციდივის პირობებში, მსჯავრდებულისათვის სანქციის მინიმალური ოდენობით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისათვის.
4.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული 11 წლით თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ, კერძოდ: სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ თ. დ–სისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას; იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორებიც არის ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ თ. დ–ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და პირობით მსჯავრდებულმა ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. აღნიშნული მიუთითებს, რომ თ. დ–სი წარმოადგენს საზოგადოებრივად საშიშ პიროვნებას, რომლის რესოციალიზაციაც არ მომხდარა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ კონტექსტში უფრო მაღალი და მყარია ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (განზრახვა) და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, რამაც სამართლიანი ასახვა უნდა ჰპოვოს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახესა და ზომაზე. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: თ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საშიშროებით. ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია კი საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს), დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (თ. დ–სმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ისეთი ნარკოტიკული საშუალება, როგორიცაა ,,ჰეროინი“, რომლის მცირე ოდენობაც კი საკმარისია ფართო წრის პირთა მოხმარებისთვის და რომლის შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს), წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები; თ. დ–სის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის ის გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, თ. დ–სს განსაზღვრული აქვს სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.
4.7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, ხოლო საკასაციო საჩივარში მოცემულ გარემოებებთან მიმართებით დამატებით აღნიშნავს: სასჯელის დანიშვნისას თანაბრად გასათვალისწინებელია, როგორც სასჯელის შემსუბუქების, ისე დამძიმების კუთხით არსებული ინდივიდუალური გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე მიუთითებს დანაშაულის აღიარებასა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას, ასევე მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და ითხოვს ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მსუბუქი სასჯელის ზომის გამოყენებას. სასამართლო მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას, როგორც სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ფაქტორს, თუმცა აღნიშნავს, რომ კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებთან შესაბამისი სასჯელის ზომის შერჩევა უნდა მოხდეს საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა ერთობლივი გათვალისწინებით. მოცემულ საქმეში გამოკვეთილი გარემოებები: მსჯავრდებულის ნასამართლობა, განსაკუთრებით კი, წარსულში გამოყენებული ჰუმანური მიდგომების უგულებელყოფისა და პირობითი მსჯავრის პერიოდში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასევე ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, წარმოადგენს მინიმალური სასჯელის ზომის არაეფექტიანობის მიმანიშნებელ მნიშვნელოვან ფაქტორებს. მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა და მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობისა, მსჯავრდებულის პიროვნების დამახასიათებელი უარყოფითი ფაქტორები, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საშიშროება და მასში გამოვლენილი მოვალეობათა დარღვევის სიმწვავე, დაძლევს მსუბუქი სასჯელის პრიორიტეტულობის მოთხოვნას. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ არსებობს სასჯელის კერძო პრევენციის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და რესოციალიზაციის მიზნებთან შესაბამისი, შედარებით მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობა.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოაჩინა განაჩენის უკანონობის მტკიცების გონივრული საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სასჯელის დანიშვნისას სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. დ–სის ადვოკატ მ. ბ–სის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე