Facebook Twitter

საქმე N 060100121004960817

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №793აპ-22 28 ნოემბერი, 2022 წელი

ზ–ი ა., №793აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ზ–იი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ .... მეურნეობაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა. ზ–მა შელაპარაკების ნიადაგზე მამას - ვ. ზ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ვ. ზ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. ა. ზ–იმა, დაახლოებით 2021 წლის მარტის თვის ბოლო პერიოდიდან 2021 წლის 21 ივლისის ჩათვლით, ხ–ს რაიონის სოფელ ........ მეურნეობაში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 13 ძირი, დიდი ოდენობით, საერთო წონით, 202,36 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რომელიც ამოიღეს 2021 წლის 21 ივლისს, 15:40 საათიდან 16:20 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის შედეგად.

1.4. ა. ზ–იმა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 21 ივლისს ხ–ს რაიონის სოფელ ჩ–ს მეურნეობაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ორ ცალ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1930 წლის ნიმუშის 7,62მმ კალიბრიან ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც ამოიღეს 2021 წლის 21 ივლისს, 15:40 საათიდან 16:20 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ზ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა. ასევე, ა. ზ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული).

2.2. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ზ–მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. ზ–მა 2021 წლის ზაფხულში შეიტყო ხ–ს რაიონის სოფელ ჩ–ს მეურნეობაში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოს მახლობლად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის შესახებ, რაც არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ა. ზ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ა. ზ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ა. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: ა. ზ–იის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

2.5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ზ–მა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 4 აპრილს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა: ა. ზ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ა. ზ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში გამართლების, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდს მის ბრალეულობას. კერძოდ, მოწმეებმა - გ. ბ–მ, გ. ჯ–მ, გ. ყ–მა, ნ. ჭ–მ და ვ. ჩ–ა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და შინაარსი. უდავო მტკიცებულებებით: ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ა. ზ–იის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარეები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარე კანაფს, ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ორი ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ვ. ზ–თან გასაუბრების ოქმით კი დასტურდება, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა შვილი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ,,ჰქონდა იარაღი „ტე-ტე“ და ორი ტყვია, რომლითაც მოკლავდა“. ზემოაღნიშნულ ოქმში ასევე მითითებულია, რომ მისი შვილი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელსაც საკარმიდამო ნაკვეთში დათესილი და მოყვანილი აქვს ,,მარიხუანა“. საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რომელიც ჩატარდა ვითარების აღსადგენად, ვ. ზ–მა მიუთითა, რომ მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილი, ა. ზ–ი, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ჩხრეკის ოქმითა და ვიდეოჩანაწერით კი დასტურდება, რომ ა. ზ–ი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელშიც აღმოჩნდა მცენარე ,,კანაფი“, ეკუთვნის მას, თვითონვე უთითებს ამ მცენარეების ადგილმდებარეობას და ამბობს, რომ „ყველას აწევინებს“ იმიტომ, რომ „ალალი გული აქვს“. ამავე ჩანაწერში გარკვევით ისმის დაზარალებულ ვ. ზ–ის ხმა, რომელიც ამბობს - „ამით მემუქრებოდი?!“ გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ა. ზ–იმა თვითონვე დაადასტურა, რომ არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი და აგრესიული დამოკიდებულება აქვს მამის მიმართ. თუმცა, მისივე უარის გამო, ბრალდების მხარეს არ მიეცა სხდომაზე მისთვის კითხვების დასმისა და დაკითხვის შესაძლებლობა. დაზარალებულმა ვ. ზ–სმა კი ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და შვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ა. ზ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ვ. ზ–სმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ა. ზ–იის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, 2021 წლის 21 ივლისის შეტყობინებით დგინდება, რომ 112-ში დარეკა არა დაზარალებულმა, არამედ - თვითონ ა. ზ–იმა და განაცხადა, რომ მამასთან აქვს უთანხმოება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თვითონ ა. ზ–იმა მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა დედა, რომლის სიკვდილშიც ადანაშაულებდა მამას და ამის გამო ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. შემთხვევის დღეს 112-ში დარეკა იმის გამო, რომ კონფლიქტი არ გამწვავებულიყო. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც დაადასტურდება, რომ ა. ზ–იი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ვ. ზ–სს, წარმოდგენილი არ არის.

5.3. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ ვ. ზ–სის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმსა და აღნიშნულის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე, რომლებითაც დგინდება, რომ ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელმა ა. ზ–ის გასაცნობად წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ და შესთავაზა ასეთის არსებობის შემთხვევაში ნებაყოფლობით წარედგინა ნარკოტიკული საშუალება ან ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც ა. ზ–იი პოლიციელებს წარუძღვა ეზოს უკან არსებულ ტერიტორიაზე და მიუთითა მოვლილ მცენარეებზე, რომელიც მისი განმარტებით, იყო ,,კანაფი“. პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს 13 ძირი მცენარე, რომლებიც უდავო მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - მცენარე ,,კანაფს“, საერთო წონით - 202,36 გრამს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ა. ზ–იის განმარტებით, იგი ეზოს უკან არსებულ ტერიტორიაზე ხედავდა, რომ დადიოდნენ უცნობი პირები, დაეჭვდა, თხილს ხომ არ იპარავდნენ და როდესაც იმ ადგილზე მივიდა, ნახა რამდენიმე ძირი ,,კანაფი“, რაც მოკრიფა და მოწია სიგარეტის სახით. ეს ადგილი მას არ ეკუთვნის და არ იცის, ვინ მოიყვანა ამოღებული მცენარეები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ა. ზ–იმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, თუმცა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა იცოდა კონკრეტულ ადგილზე (რომელიც შემდგომში მიუთითა კიდეც პოლიციელებს) ,,კანაფის“ ნარგავების არსებობის შესახებ, არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას სხვა დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კედელზე ჩამოკიდებული პატარა ხის ყუთიდან გამომძიებელმა ამოიღო 2 ცალი ვაზნა, რომლებზეც ა. ზ–მა განმარტა, რომ არ იცის, ყუთში საიდან აღმოჩნდა და ვინ ინახავდა მათ, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ა. ზ–ი არ ცხოვრობს მარტო. გარდა ამისა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ნოემბრის ექსპერტიზის N........... დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით ,,...7,62 მმ კალიბრის ვაზნების გარე ზედაპირებიდან აღებული ანაწმენდები..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N..) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც მიუთითებდა აღნიშნული ვაზნების ა. ზ–ისადმი კუთვნილებაზე წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, უტყუარად არ დასტურდება, რომ ა. ზ–იმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა.

5.4. კასატორის მიერ მითითებულმა მოწმეებმა - გ. ბ–მ, გ. ჯ–მ, გ.ყ–მა, ნ. ჭ–მ და ვ. ჩ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - გ. ბ–ს, გ. ჯ–ს, გ. ყ–ს, ნ. ჭ–სა და ვ. ჩ–ს ჩვენებები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში არის პირდაპირი, თუმცა მათი ჩვენებები მუქარის ფაქტთან და ამოღებული მცენარე კანაფის დათესვა-მოყვანისა და ვაზნების წარმომავლობის ნაწილში არის ირიბი, შესაბამისად, მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე