Facebook Twitter

საქმე N 140100121004520512

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №771აპ-22 10 ნოემბერი, 2022 წელი

ი-ი თ., 771აპ-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის, ასევე მსჯავრდებულ თ. ი–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ი–სი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე მ. ც–სის საცხოვრებელი სახლის ეზოში, თ. ი–სმა შელაპარაკების ნიადაგზე თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან - ,,MAGNUM ALFA-3520-ის“ მოდელის რევოლვერიდან განზრახ მოკვლის მიზნით, ერთხელ ესროლა მ. კ–სს მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. თ. ი–სმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ადგილზე მყოფმა პირებმა იგი გაარიდეს მ. კ–სს, ასევე ძალის გამოყენებით წაართვეს რევოლვერი, ხოლო მ. კ–სი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

თ. ი–სმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი ,,MAGNUM ALFA-3520-ის“ მოდელის რევოლვერი და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 7 ვაზნა, რაც 2021 წლის 14-15 თებერვალს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2021 წლის 14 თებერვალს, საღამოს საათებში, კ–ს რაიონის სოფელ ლ–ში თ. ი–სი მართლსაწინააღდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ,,MAGNUM ALFA-3520-ის“ მოდელის რევოლვერს და ამავე იარაღისათვის განკუთვნილ 7 ცალ ვაზნას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თ. ი–სის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თ. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, თ. ი–სს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 4 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, თ. ი–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 4 წლის ვადით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

2.2. გორის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ი–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა); ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო ტარება.

2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. ი–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2021 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მდებარე მ. ც–სის საცხოვრებელი სახლის ეზოში თ. ი–სმა შელაპარაკების ნიადაგზე, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან - ,,MAGNUM ALFA-3520-ის“ მოდელის რევოლვერიდან ერთხელ ესროლა მ. კ–სს მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

თ. ი–სმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი ,,MAGNUM ALFA-3520-ის“ მოდელის რევოლვერი და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 7 ვაზნა, რაც 2021 წლის 14-15 თებერვალს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2021 წლის 14 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ლ–ში, თ. ი–სი მართლსაწინააღდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბროლო მასალას ,,MAGNUM ALFA-3520-ის“ მოდელის რევოლვერს და ამავე იარაღისათვის განკუთვნილ 7 ვაზნას.

3.3. 2022 წლის 28 ივნისს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ი–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.4. 2022 წლის 4 ივლისს მსჯავრდებულ თ. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ–სმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ი–სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

3.5. 2022 წლის 4 ივლისს მსჯავრდებულ თ. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ–სმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი და ითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. ი–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს თ. ი–სის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას. დაზარალებულ მ. კ–სის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ თ. ი–სს სურდა მისი მოკვლა, რადგან ახლო მანძილიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილას, მუცლის არეში ესროლა მიბჯენით. გასროლიდან რამდენიმე წამში მ. კ–სი ძირს დაეცა და დაკარგა გონება. თ. ი–სმა მიიჩნია, რომ მუცელში დაჭრილი მ. კ–სი უკვე მკვდარი იყო და აღარ არსებობდა მეტი გასროლის საჭიროება. მოწმე გ. ც–ს ჩვენებით კი დადასტურდა, რომ ეზოს მხრიდან ყრუდ შემოესმა გასროლის ხმა. ეზოში გასვლისას კი ნახა, რომ მიკროავტობუსის უკან, ძირს იწვა მ. კ–სი და ხმას არ იღებდა. ამ დროს მიკროავტობუსის წინ იმყოფეობდნენ თ. ი–სი და მ. ც–სი, რომელსაც თ. ი–სი მიჰყავდა მ. კ–სისგან მოშორებით. მ. კ–სს, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული, ეძახდნენ და ეხებოდნენ ხელით, მაგრამ - უშედეგოდ. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ მ. კ–სი მოვიდა გონს, იყო ნახევრად შოკურ მდგომარეობაში და იტკიებდა ფეხს. იგი შეიყვანეს სახლში და ტანსაცმლის აწევისას მიხვდნენ, რომ იყო დაჭრილი. შესაბამისად, ცხადი იყო, რომ მას ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენა თ. ი–სმა. გარდა ამისა, ნახა, რომ თ. ი–სს მარჯვენა ხელში ეჭირა შავი ფერის, მოკლელულიანი, ბარაბნიანი პისტოლეტი, რომელიც წაართვა და გადააგდო ბიძაშვილის ნაკვეთის მიმართულებით. იგი პირადად არ შესწრებია იარაღიდან გასროლას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისროლა თ. ი–სმა, რადგან ეზოში მ. კ–სისა და თ. ი–სის გარდა სხვა პირი არ ყოფილა. ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა - თ. ნ–მ და მ. ც–სმა. ამასთან, მოწმე მ. ც–სმა განმარტა, რომ სუფრაზე ყოფნისას, სახლში სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ თ. ი–სსა და მ. კ–სს, რაც სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ასევე დაადასტურა, რომ ქეიფის დასრულების შემდეგ, მიკროავტობუსში ყოფნისას, მ. კ–სი თ. ი–სს მოუწოდებდა გადასულიყო მანქანიდან. მან თვითონაც შესთავაზა თ. ი–სს სახლში წაყვანა, რის გამოც შებრუნდა სახლში ქურთუკის და მანქანის გასაღების წამოსაღებად. დაახლოებით 3-4 წუთში გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მ. კ–სი მიკროავტობუსის უკან მიწაზე იწვა გულაღმა, თავზე ედგა თ. ი–სი პისტოლეტით ხელში და ეძახდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ მ–ი ხმას არ სცემდა. მან თ. ი–სს ჰკითხა, რატომ ესროლა მ–ს, თუმცა მას პასუხი არ გაუცია. მან თ. ი–სი გაარიდა დაზარალებულს, რომ კიდევ რამე არ მომხდარიყო. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი მოწმე მ. ც–ს გამოკითხვის ოქმშიც. უდავოდ ცნობილი ვ. გ–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა დაჭრილი მ. კ–სი, რომელმაც განუმარტა, რომ იგი იარაღით დაჭრა იქვე მყოფმა თ. ი–სმა. აღნიშნული დაუდასტურეს მ. ც–მა და მისი ოჯახის წევრებმაც. მოწმე ჟ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით კი დადგინდა, რომ კლინიკაში ყოფნისას მას მ. კ–სმა უამბო, რომ ე.წ. „ბარაბნიანი“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა თანასოფლელმა, რომელიც წარსულში ქალის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. თ. ი–სის ბრალეულობა ასევე უტყუარად დასტურდება შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, მ. კ–სის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შსს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული წერილებით, დაზარალებულ მ. კ–სთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნებით. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 თებერვალს, მ. ც–სის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, თ. ი–სა და მ. კ–ს შორის რამდენჯერმე მოხდა მცირე კონფლიქტი. სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი, დაზარალებულმა თ. ი–ს კატეგორიულად მოსთხოვა მისი მანქანიდან ჩასვლა, რადგან არ სურდა მასთან ერთად სტუმრად წასვლა. აღნიშნული გარემოებები ერთობლივად მიუთითებს თ. ი–სა და მ. კ–ს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციასა და დაზარალებულის მოკვლის სურვილზე. ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ თ. ი–სს არაფერი უშლიდა ხელს, კვლავ ესროლა დაზარალებულისთვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თ. ი–სმა დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილას - მუცლის არეში ესროლა მიბჯენით, რის შემდეგაც დაზარალებულმა რამდენიმე წამში დაკარგა გონება და დაეცა ძირს. აღნიშნულის გამო თ. ი–სმა ჩათვალა, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანა და მ. კ–სი უკვე მკვდარი იყო. ამავდროულად, სახლიდან გამოვიდა მ. ც–სი, რომელმაც მას ხელი მოჰკიდა მკლავში და გაარიდა გონებადაკარგულ მ. კ–სს. გარდა ამისა, გ. ც–მა თ. ი–სს წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და გადაუგდო მეზობლის ნაკვეთში. თ. ი–სმა წინააღმდეგობა გაუწია გ. ც–სს და არ აძლევდა იარაღის გადაგდების საშუალებას. მას შემდეგ, რაც თ. ი–სი შევიდა მ. ც–სის სახლში და ნახა, რომ მ. კ–სი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, კვლავ კატეგორიულად მოითხოვა იარაღის დაბრუნება, რაც ადასტურებს, რომ მ. კ–სზე გაბრაზებულ თ. ი–სს სურდა განზრახვის სისრულეში მოყვანა და მ. კ–სის მოკვლა, რისი საშუალებაც აღარ მისცეს გ. ც–სმა და მისი ოჯახის წევრებმა. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება, რომ თ. ი–სს იარაღი მ. კ–სის მოსაკლავად არ მოუთხოვია, არ უნდა იქნეს გაზიარებული. ასევე მ. კ–სისთვის მიყენებული დაზიანების გათვალისწინებით, არასწორია მსჯელობა, რომ ვინაიდან დაზარალებულს მხოლოდ ერთი დაზიანება აქვს მუცლის არეში, გამორიცხავს მსჯავრდებულის სურვილს მოეკლა მ. კ–სი, რადგან მას ჰქონდა საშუალება, მუცლის მაგივრად გულში ესროლა დაზარალებულისთვის, რაც მას არ გაუკეთებია. მით უფრო, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. ი–სს დანაშაულის ჩადენაზე ხელი არ აუღია, მან ჩათვალა, რომ გასროლის შემდეგ მ. კ–სი იყო გარდაცვლილი, რადგან არ ინძრეოდა და არ რეაგირებდა, რის შემდეგაც იგი მოაშორეს შემთხვევის ადგილს და წაართვეს დანაშაულის იარაღი. ამასთან, თ. ი–სი ნასამართლევია თანასოფლელის ფაქტობრივად უმიზეზოდ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მკვლელობისთვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი ადვილად, საკმაოდ მცირე საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი იღებს ადამიანის მოკვლის გადაწყვეტილებას. ამავე დროს, აქვს მიდრეკილება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისკენ. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბერის N227აპ-16 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, როგორც ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს - დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა. ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვარის N449აპ-16 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ იმ ვითარებასა და პირობებში, რომელთა არსებობისას პირი სჩადიოდა თავის ქმედებას, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა შესაძლებელი გაეთვალისწინებინა იმ მძიმე შედეგის დადგომა, რაც საბოლოოდ მოჰყვა ამ ქმედებას სიკვდილის სახით. მომხდარი შემთხვევის გარემოებები უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით საშუალო დონის ადამიანსაც კი შეეძლო, გაეთვალისწინებინა მოსალოდნელი შედეგი და წარმოედგინა მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის განვითარების ისეთი ვარიანტი, რაც რეალურად მოხდა. 2019 წლის 8 ოქტომბრის N309აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებისაგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს - დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, ასევე ის, თუ როგორ ვითარებაში მიაყენეს ისინი, დამნაშავესა და მსხვერპლს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება, როგორც საერთოდ ისე დაზიანების მიყენების მომენტში.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ თ. ი–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ–სის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი თ. ი–სის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის სწორი. ბრალდების მხარის მითითება, რომ თ. ი–სი ნასამართლევი იყო განზრახ მკვლელობისთვის, არის არასწორი, ვინაიდან იგი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ და მას წარსულში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო არაერთხელ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, შესაბამისად, მის წარსულზე აპელირება არის მიუღებელი. ამასთან, როგორც ირკვევა, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნის გ. ლ–ს, თუმცა დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა იგი თ. ი–სთან. გ. ლ–ს სახლის დათვალიერებისას ამოღებულ იარაღის შესანახ ყუთს (სეიფს) დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ასევე, სეიფსა და იარაღზე თ. ი–სის ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, მ. კ–სმა და მ. ც–სმა განმარტეს, რომ სუფრასთან ან გარეთ თ. ი–სის სხეულზე იარაღი არ დაუნახავთ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ იარაღი ერთ-ერთმა იპოვა ც–ების ეზოში და გასინჯვა-დათვალიერებისას გაუვარდათ. იარაღის ხელში დაჭერის სიმაღლე, გასროლის ტრაექტორია და დაზარალებულზე ტყვიის მოხვედრის ადგილი გამორიცხავს მ. კ–სის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის N142აპ-13 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ მ. კ–სთვის მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაციით არ შეიძლება მკვლელობის განზრახვის დადასტურება. ამასთან, თ. ი–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწლით დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ თ. ი–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის N142აპ-13 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის N322 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია, ზოგადად, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. ი–სის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ. ი–სმა მ. კ–სს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. სადავო გარემოებას წარმოადგენს მკვლელობის განზრახვის არსებობა. ასეთ შემთხვევაში - იმის დასადგენად, რა ამოძრავებდა თ. ი–სს - მკვლელობის თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა - მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია და ხარისხი, არამედ - ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, მათი სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე, მისი განხორციელების დროს ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით არ დადგენილა, რომ 2021 წლის 14 თებერვალს, მ. ც–სის სახლში ყოფნისას, მ. კ–სსა და თ. ი–სს შორის მოხდა კონფლიქტი. თავად დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ქეიფის დასრულების შემდეგ მას არ სურდა თ. ი–სთან ერთად სტუმრად წასვლა, ამიტომ სთხოვა მას, გადასულიყო მანქანიდან. თ. ი–სს იგივე სთხოვა მ. ც–სმაც და დაჰპირდა, რომ თავისი ავტომანქანით წაიყვანდა სახლში, რასაც თ. ი–სი დასთანხმდა და გადავიდა მანქანიდან. მ. ც–სი ავტომანქანის გასაღების ასაღებად შებრუნდა სახლში, დაზარალებული კი შეტრიალდა მიკროავტობუსისკენ და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რა დროსაც იღლიის ქვეშ იგრძნო შეხება და გაიგო გასროლის ხმა. უკან მიხედვისას კი დაინახა თ. ი–სი, რომელსაც ჰკითხა ,,რა გააკეთა?“ და გაითიშა. ის ფაქტი, რომ მ. ც–სის სახლში ყოფნისას დაზარალებულსა და თ. ი–სს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, დაადასტურეს ადგილზე მყოფმა მოწმეებმაც. რაც შეეხება სახლის გარეთ განვითარებულ მოვლენებს, როგორც მოწმე მ. ც–სის ჩვენებით დგინდება, გასაღების გამოსატანად სახლში შესული დაახლოებით 2-3 წუთში დაბრუნდა უკან და დაინახა, რომ მ. კ–სი იწვა მიწაზე და თ. ი–სი კი ეუბნებოდა ამდგარიყო. ასევე, დაინახა, რომ თ. ი–სს ხელში ეჭირა იარაღი. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, რომ თ. ი–სი მ. კ–სის მიმართ გამოხატავდა მუქარას ან აგრესიას. აღნიშნული კი გამორიცხავს კასატორის არგუმენტს, რომ თ. ი–სმა მეორედ იმიტომ არ ისროლა, რომ მას მ. კ–სი ეგონა გარდაცვლილი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ც–სისა და სხვა მოწმეთა მისვლამდე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ თ. ი–სს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მ. კ–სთვის მიეყენებინა სხვა დაზიანებაც და მკვლელობის განზრახვა, ასეთის არსებობის პირობებში, სისრულეში მოეყვანა, მითუფრო, რომ როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი, იარაღში ვაზნები იყო მოთავსებული. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ი–სმა იმიტომ ვერ მოიყვანა მკვლელობის განზრახვა სისრულეში, რომ გ. ც–სმა წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. კერძოდ, მოწმეების მ. ც–სის და გ. ც–სის ჩვენებებით დადგენილია, რომ გ. ც–სმა მსჯავრდებულს იარაღი წაართვა მას შემდეგ, რაც მასპინძელი ოჯახის წევრებმა დაზარალებული შეიყვანეს სახლში და აღმოაჩინეს, რომ იგი იყო დაჭრილი. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს თ. ი–სის ქმედებაში განზრახ მკვლელობის განზრახვის არსებობას.

5.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2021 წლის 9 მარტს გამოტანილი დადგენილებით საქმეზე დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ბიოლოგიური, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, მიკრონაწილაკური ექსპერტიზა. დადგენილების 22-ე პუნქტში მითითებულია ,,ცეცხლნასროლი დაზიანების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ განსაზღვროთ რა მანძილიდან, რა ტრაექტორიით და რა კუთხით მიმდინარეობდა სროლა?“. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. აღნიშნული ბიუროს 2021 წლის 26 მარტის N.......... დასკვნით, ,,სამედიცინო საბუთებში ჭრილობების მორფოლოგიური სურათი არ არის აღწერილი, შემავალ და გამომავალ ჭრილობებს კი კითხვის ნიშნები აქვს დასმული. აღნიშნულის გამო გამჭოლი ჭრილობის შემავალი და გამომავალი ხვრელების, სროლის მანძილის და ჭრილობის არხის მიმართულების დასადგენად საჭიროა ტანსაცმლის გამოკვლევა“. აღნიშნული საკითხის ირგვლივ საექსპერტო კვლევის შედეგად გაცემული სათანადო დასკვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ჭრილობის არხის მიმართულების განსაზღვრისათვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ექიმი-ქირურგის, მოწმე მ. კ–ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად შემავალი ჭრილობა მდებარეობდა შედარებით მაღლა ვიდრე გამომავალი. სხვა მტკიცებულება, კი რაც დაადასტურებდა ჭრილობის არხის მიმართულებას, ან განსაზღვრავდა სროლის მანძილს წარმოდგენილი არ არის. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ თ. ი–სი მოქმედებდა მ. კ–სის მოკვლის განზრახვით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას - თ. ი–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას თ. ი–სის ნასამართლობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თ. ბ–მა 2019 წლის 25 იანვარს შეიცვალა გვარი და გახდა თ. ი–ი. ხოლო N......... ცნობით დასტურდება, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული თ. ბ–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 იანვარს. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მას ნასამართლობა გაუქარწყლდა 2021 წლის 22 იანვარს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს, კერძოდ - 2021 წლის 14 თებერვალს იგი იყო ნასამართლობის არმქონე.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ თ. ი–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–სის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უცვლელად დატოვა თ. ი–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ი–სს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში თ. ი–სის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის, ასევე მსჯავრდებულ თ. ი–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–სის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე