საქმე N 080100120003749748
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №751აპ.-22 18 ნოემბერი, 2022 წელი
ი–ი ჯ., №751აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. წ–სისა და ჯ. ი–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ. ი–სი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით (,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით („მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
1.2. გ. წ–სე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
1.3. ჯ. ი–სისა და გ. წ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ. წ–სე და ჯ. ი–სი არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები, აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვთ მასთან და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში, თავისი ქმედებებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის, რაც მიზნად ისახავს თავისთვის და სხვისთვის („ქურდული სამყაროსთვის“) სარგებლის და უპირატესობის მიღებას, კერძოდ:
2020 წლის 6 თებერვალს შპს „შ–მა“, როგორც შემსრულებელმა, დამკვეთის - შპს „...........სის“ მიერ მითითებულ სამთო მინაკუთვნში, ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ–ში, მანგანუმის შემცველი ნედლეულის მოსაპოვებლად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც ხელმძღვანელობდა შპს „შ–მის“ დირექტორის მოადგილე დ. ჭ–ი.
„ქურდული სამყაროს“ წევრ ჯ. ი–სისათვის ცნობილი გახდა აღნიშნული გარემოებები, რის შემდეგაც თანამზრახველთან, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრ გ. წ–სთან ერთად გადაწყვიტა, დ. ჭ–ზე მოეხდინა ზემოქმედება და დაშინებით, მუქარით, იძულებით, „ქურდული შეკრებით“ და სხვა უკანონო ქმედებებით ეიძულებინა იგი, სისტემატურად გადაეხადა მათთვის ფულადი თანხა „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ.
2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ჭ–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე ე.წ. „ბ–ების“ უბანში, ჯ. ი–სი გ. წ–სესა და სხვა პირებთან ერთად, შეხვდა დ. ჭ–ს, რომელსაც „ქურდულ სამყაროში“ მიღებული წესების მიხედვითა და ამ „სამყაროს“ მიზნებისათვის, მოსთხოვა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედების შესრულება, კერძოდ, მოპოვებული მანგანუმის შემცველი ნედლეულით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის გატანის სანაცვლოდ 200 ლარის გადახდა. ჯ. ი–სმა და გ. წ–სემ დ. ჭ–ს განუმარტეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სოფლის ტერიტორიიდან მანგანუმის მადანს ვერ გაიტანდა. დ. ჭ–მმა, რომელიც აღმოჩნდა „ქურდული სამყაროს“ წევრების ზეწოლის ქვეშ, აუხსნა, რომ მათი მოთხოვნის შესრულების საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა, რადგან იგი კომპანიის ხელმძღვანელობასთან უნდა შეეთანხმებინა.
ვინაიდან დ. ჭ–ი უარს აცხადებდა მოთხოვნილი თანხის გადახდაზე, 2020 წლის 12 მარტს, ქ.ჭ–ში, ჯ. ი–მა და გ. წ–მ, მათი ინიციატივით შემდგარი შეხვედრისას, დ. ჭ–ს კვლავ მოსთხოვეს მანგანუმის შემცველი ნედლეულით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის გატარებაში 150-200 ლარის გადახდა და ღიად განუმარტეს, რომ მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს“ მიზნებისათვის, ხოლო მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაემუქრნენ პრობლემების შექმნით.
2020 წლის 12 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.ჭ–ში, .......... გზატკეცილის N..-ში მდებარე შპს „..........ის“ მანგანუმის გამამდიდრებელი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ჯ. ი–სმა და გ. წ–სემ, როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ორგანიზება გაუკეთეს „ქურდულ შეკრებას“, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა პირებიც. „ქურდულ შეკრებაზე“ ჯ. ი–სმა და გ. წ–სემ კატეგორიულად მოსთხოვეს დ. ჭ–ს თავიანთი მოთხოვნის შესრულება, კერძოდ, მანგანუმის შემცველი ნედლეულით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის გატარებაში 150-200 ლარის გადახდა. ამასთან, მათ ღიად და ნათლად აუხსნეს დ. ჭ–ს, რომ მისგან მიღებული ფულადი თანხები უნდა გაენაწილებინათ „კანონიერი ქურდის“ („განაბის“) ოჯახზე, სასჯელის მოხდის ადგილებში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებზე („ლაგერზე“), ე.წ. „ქუჩის ბიჭებსა“ და სხვებზე. „ქურდული შეკრების“ დასრულებისას ჯ. ი–სი და გ. წ–სე დაემუქრნენ დ. ჭ–ს, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუშაობას ვერ გააგრძელებდა, შეექმნებოდა პრობლემები და მოხდებოდა „საცოდაობა“.
ჯ. ი–სმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 878,09 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომლის ნაწილი - 871,61 გრამი, უკანონოდ შეინახა ჭ–ს რაიონის სოფელ ზ–ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული პირუტყვის სადგომის სხვენში, ხოლო ნაწილი - 6,48 გრამი, უკანონოდ შეინახა პირადად თავის ტანსაცმელში. ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს 2020 წლის 7 აპრილს ჩატარებული პირადი და საცხოვრებელი სახლის (დამხმარე სათავსების) ჩხრეკების შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. წ–მ და ჯ. ი–მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა და დადასტურებულად მიიჩნია ამ ნაწილში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ჯ. ი–სმა ჩაიდინა „მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ. ი–სმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 6,48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, უკანონოდ შეინახა პირადად თავის ტანსაცმელში. ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს 2020 წლის 7 აპრილს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ჯ. ი–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ჯ. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ი–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. წ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულების - გ. წ–სა და ჯ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ–სმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით სიმონიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ჯ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ჯ. ი–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ჯ. ი–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა - 2000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ი–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯ. ი–სს დანიშნული ძირითადი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. წ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. წ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გ. წ–სეს დანიშნული ძირითადი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2022 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ჯ. ი–სისა და გ. წ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ–სმა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯ. ი–სისა და გ. წ–სის წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. ასევე, ალტერნატივის სახით მოითხოვა მათი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ჯ. ი–სისა და გ. წ–სის ბრალეულობას. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მხრიდან მხოლოდ საუბრისას ნახსენები სიტყვები ,,კაი ბიჭი“, ,,განაბი“ და ,,ლაგერი“, სხვა მტკიცებულებების გარეშე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან შეიძლება პირი იბრალებდეს ქურდული სამყაროს წევრობას.
4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ წარმოდგენილი ჩანაწერებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით არ დასტურდება, რომ ჯ. ი–სსა და გ. წ–სეს კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან, კანონიერ ქურდთან ან კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ასევე ის, რომ მოქმედებდნენ მათი სახელით, მათივე სურვილების შესაბამისად, მათთვის სარგებლის მოტანის მიზნით. ამასთან, საუბრებში მონაწილე პირებმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყვეს უკანონო საქმიანობა და განმარტეს, რომ მანქანიდან 150-200 ლარის მოთხოვნა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ამას აკეთებდნენ სოფლისთვის. გარდა ამისა, არ დადგენილა, რომ მსჯავრდებულები დაზარალებულთან ურთიერთობაში მოქმედებდნენ კანონიერი ქურდის, ან ავტორიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება კი, რომ ფული მიდის ,,ლაგერში“, ,,განაბთან“, არ ადასტურებს მათ ბრალეულობას.
4.3. კასატორის განმარტებით, განაჩენში განვითარებული მსჯელობა გ. წ–სისა და უცნობი მამაკაცის საუბარზე რუსთავში ,,თაფლის“ შეტანასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან საუბარი შესაძლოა, მართლაც თაფლს შეეხებოდა. სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველი შეხვედრისას მ. ბ–მ დაზარალებულს ჰკითხა, სამუშაოებს რომ იწყებდა, ვისთან ჰქონდა ეს საკითხი ,,გაიასნებული“, ასევე უთხრა, რომ ,,ავტორიტეტი“ უნდა ენახა და გადაეხადა ,,შავი“ ფული, რისთვისაც თვითონ მიიყვანდა იმ ხალხთან, ვინც ამ საქმეში დაეხმარებოდა, ეწინააღმდეგება მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმს, სადაც განმარტებულია, რომ მან დ–ს ჰკითხა, იმ ტერიტორიიდან მანგანუმის მოპოვების საკითხი შეთანხმებული ჰქონდა თუ არა ვინმესთან, იგულისხმებოდა სოფლის გამგეობა და ადგილობრივი მოსახლეობა. დაახლოებით იგივე განმარტა მოწმემ სასამართლო სხდომაზეც, თუმცა დაზარალებულმა დ. ჭ–მმა სასამართლოს მიაწოდა გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ მ. ბ–მემ უთხრა, რომ ,,ავტორიტეტები“ უნდა ენახა. 2020 წლის 8 თებერვლის შეხვედრსას კი მსჯავრდებულებმა დ. ჭ–ს განუმარტეს, რომ ყოველ გატანილ ავტომობილზე უბანში უნდა დაეტოვებინა ,,გლეხის ფული“ - 200 ლარი, რაც დარჩებოდა უბანში და მოხმარდებოდა გლეხებს. ადამიანები ითხოვდნენ კომპენსაციას მომავალში დანგრეული და დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ბუნების სანაცვლოდ. 2020 წლის 12 მარტის ფარულ ვიდეო-აუდიოჩანაწერში კი ჩანს, რომ ერთმანეთს ხვდებიან დ. ჭ–მი, ჯ. ი–სი, გ. წ–სე და მამაკაცები. განხილვის საგანია დ. ჭ–მის მიერ ,,გლეხის ფულის“ გადაუხდელობის საკითხი, რადგან მან გაიტანა 53 მანქანა მადანი და დააზიანა სოფლის ინფრასტრუქტურა, გზები და საძოვრები. ამასთან, როდესაც მოსახლეობა დ. ჭ–ს არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, მსჯავრებულები მას ეხმარებოდნენ სამუშაოს გაგრძელებაში, შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ კომპენსაციასა და გასამრჯელოს. შეხვედრისას, მართალია, ჟღერდება სიტყვები: ,,კაი ბიჭი“, ,,ქუჩის ბიჭი“, ,,ჩვენი ფული“, ,,განაბი“, ,,ლაგერი“, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს მათ ბრალეულობას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა ექსპერტიზის დასკვნა და არ დაკითხულან ექსპერტი ან თარჯიმანი, რომელიც ახსნიდა ამ სიტყვების მნიშვნელობას, ან დაადასტურებდა, რომ ფირზე ნამდვილად მსჯავრდებულები არიან ასახული. ამასთან, ამ შეხვედრისას დაზარალებული განმარტავს, რომ მას ხალხი მაინც აწუხებს და არ აძლევს მუშაობის საშუალებას, რაც ადასტურებს, რომ მსჯავრდებულები სოფელში კრიმინალური ავტორიტეტის სახელით არ სარგებლობენ, მათ აზრს არ ეკითხებიან და ისინი მოსახლეობაზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ. აღსანიშნავია ასევე, რომ 2020 წლის 28 თებერვლის ფარულ ჩანაწერებში ჯ. ი–ი უკმაყოფილებას გამოხატავს ზვიად ბოყოველის მიმართ, რომელიც მის ნაცნობს სთხოვდა ფულს. ნახვის შეთავაზებაზე კი ზ. ბ–ი აცხადებდა ,,ჯონიმ აქეთ მნახოსო“, რაც მიუთითებს, რომ ჯ. ი–სს არ თვლიან ,,ქურდული სამყაროს“ წევრად.
4.4. კასატორის განმარტებით, 2020 წლის 19 მარტის ჩანაწერით ირკვევა, რომ ო. ბ–ე მსჯავრდებულებს დახმარების ნიშნად უხდის პროცენტს ათიდან ერთ მანქანას და ეს ფული არ მიდის ,,რ-სთან“ ან სხვა პირთან, ეს არის შესრულებული სამუშაოსთვის მსჯავრდებულების გასამრჯელო. გარდა ამისა, მოწმე ნ. მ–მა განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, სოფელ ზ–ში, მოსახლეობა და არა - კონკრეტული მსჯავრდებულები, კერძო ფირმებს, რომლებიც ახორციელებენ მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს, ყოველ მოპოვებულ ავტომანქანაში ახდევინებდნენ 150-200 ლარს. ამასთან, ქარხნის ტერიტორიაზე შეხვედრისას, ჯ. ი–სსა და გ. წ–სეს დაზარალებულისგან რაიმე თანხა არ მოუთხოვიათ. ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს ჯ. ი–სისა და გ. წ–სის ბრალეულობას.
4.5. კასატორის განმარტებით, 2020 წლის 12 მარტს, ასევე, 2020 წლის 8 თებერვალს განხორციელებულ ჩანაწერებზე ბრალდების მხარემ დანიშნა ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექპერტიზები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნები არ წარმოუდგენია, რაც საეჭვოს ხდის ჩანაწერების ავთენტურობას. ამასთან, დადგენილი არ არის, ვინა არის მათზე აღბეჭდილი.
4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის N1/ბ-128-17, 2020 წლის 26 თებერვლის N1ბ/1478-19 და 2020 წლის 13 მარტის N1/ბ-862-19 გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველზე პირის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით მსჯავრდება არის დაუშვებელი.
4.7. კასატორი ასევე უთითებს, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საუბრებით ან ქმედებით მსჯავრდებულები გამოხატავენ ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, მაშინ მათ მსჯავრი უნდა დასდებოდათ არა ქურდული სამყაროს წევრობისთვის, არამედ - ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად გამოიკვლია განსახილველი დანაშაულების სამართლებრივი ელემენტები და ჯეროვნად შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რის შესახებაც სრულფასოვნად იმსჯელა თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას, კერძოდ, ინკრიმინირებული ქმედების - ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად საჭიროა სპეციალური კანონის გამოყენება. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ადგენს ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრის დეფინიციას, კერძოდ: „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. აღნიშნულ საქმიანობაში მოიაზრება ,,ქურდული სამყაროს“ წევრის/,,კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, ,,ქურდული შეკრებით“/,,ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება. ,,ქურდული სამყაროს“ წევრი კი არის პირი, რომელიც აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს ,,ქურდული სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და გამოკვეთილია აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებებით გამოხატავს მზადყოფნას ,,ქურდულ სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლით კი დასჯადია „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. ,,ქურდული შეკრება“ განმარტებულია, როგორც ორი ან მეტი პირის შეკრება, ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა ქურდულ სამყაროში გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის ფინანსური/მატერიალური რესურსის განკარგვის საკითხის) განხილვის გადაწყვეტის მიზნით.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: ,,........ის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით, რომელსაც ერთვის განსაზღვრული კონტურები, დასტურდება დ. ჭ–ს რა ფარგლებში უნდა მოეპოვებინა მანგანუმის მადანი. გარდა ამისა, შპს ,,შ–მის“ დირექტორის ბრძანებით დგინდება, რომ დ. ჭ–მი იყო ამავე შპს-ს პასუხისმგებელი პირი (დირექტორის მოადგილე). საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ზ. ხ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მარგანეცის მომპოვებელ ოპერატორებს ოფიციალური გადასახადის, კერძოდ: ბიუჯეტის თანხისა და კონტურის განსაზღვრისთვის სავალდებულო თანხის გარდა, სხვა თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ მიერ შესრულებული სამუშაო არ დააზიანებს კერძო ან სახელმწიფო საკუთრებას, გადასახდელი არ აქვთ. დაზარალებულ დ. ჭ–მის ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 6 თებერვალს იგი ავიდა ჭ–ში, სადაც აიყვანა ექსკავატორი და სათანადო ნებართვის საფუძველზე სამუშაოების ჩასატარებლად დაიწყო აზომვა. ამ დროს მასთან მივიდა უცხო პირი - მ. ბ–ე, რომელმაც უთხრა, რომ იყო ჭ–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი და ჰკითხა, სამუშაოების დაწყების საკითხი ვისთან ჰქონდა ,,გაიასნებული“, რაც გაუკვირდა, რადგან არ ეგონა, რომ კანონიერი ნებართვის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა კიდევ ვინმესთან თუ უნდა შეეთანხმებინა. მ. ბ–მემ აუხსნა, რომ ,,ავტორიტეტი“ უნდა ენახა და გადაეხადა ,,შავი ფული“. ასევე უთხრა, რომ თვითონ მიიყვანდა იმ ხალხთან, ვინც ამ საქმეში დააკვალიანებდა. გარკვეული ხნის შემდეგ მ. ბ–მემ იგი შეახვედრა სამ პირს, რომელთა შორის იყვნენ ჯ. ი–სი და გ. წ–სე. მას ჯ. ი–სმა უთხრა, რომ სამუშაოების წარმოებისას თითო გატანილ სატვირთო მანქანა მარგანეცზე არაოფიციალურად უნდა გადაეხადა 150-200 ლარი, რომელიც წარმოადგენდა ,,გლეხის ფულს“ - სოფლის ფულს, რაც ნაწილდებოდა სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ამის შემდეგ მასთან მივიდნენ ჯ. ი–სი, გ. წ–სე და მ. გ–ი. შეხვედრა შედგა .......ს გზატკეცილზე, სადაც ჯ. ი–სმა იკითხა, აპირებდა თუ არა ფულის გადახდას. საუბარში ჩაერია გ. წ–სეც, რომელმაც განუმარტა ,,ეს არავითარი გლეხის ფული არ არის. ,,ლაგერი“ არის, ,,განაბი“ არის და ამგენის ოჯახში ნაწილდება. ეს ფული არის გადასახდელი“. მან მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ამ ფულს არ გადაიხდიდა. ამის შემდეგ საუბარში ჩაერთო მ. გ–იი და თქვა ,,მეც ამ საქმეზე ვმუშაობ და ვიხდი ამ ფულს. ეს ფული ,,ლაგერთან“ მიდის, ,,განაბთან“ მიდის და ნაწილდება ე.წ. შავებთან“. დაზარალებულმა კვლავ განუცხადა, რომ ამ ფულს არ გადაიხდიდა, რის შემდეგაც მას ჯ. ი–სმა უთხრა, რომ ,,საცოდაობას დაატრიალებდა". დაზარალებულის ჩვენება თანხვედრილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებთან, რომლებითაც დგინდება, რომ დ. ჭ–მი, რომელიც კრებსებში მითითებულია, როგორც (დ) ჯ. ი–სს, რომელიც მითითებულია, როგორც (ჯ) სთხოვს დაუკონკრეტოს, რა თანხაზეა საუბარი და ვისია ეს თანხა. ჯ. ი–სი პასუხობს: ,,ბიჯო, რისი თანხა არის და გლეხის თანხა, სოფლის თანხა“. დ. ჭ–მი კი ეუბნება ,,გლეხს მე არ ვაძლევ, ძმაო“. აღნიშნულის შემდეგ ჯ. ი–სი ამბობს: ,,გლეხს რო არ აძლევ, ძმაო, ჩვენ უნდა მოგვცე, აქანე გამოსატარებელი ფულიც და ყველაფერიც ძმაო. ასე არის. იქ ჰო გეუბნები ძმაო? მასე თუ გინდოდა შენ, იმ 40 მანქანას კი არა, ერთ მანქანას ვერ გამეიტანდი, ძმაო.“ დ. ჭ–მი კი ეუბნება - ,,რატო ნერვიულობ? რატო მეძაბები? ხომ უნდა გავარკვიო რისი ფული მაქვს გადასახდელი?“ ,,გამგებლის ფულია? ,,შავის“ ფულია, ,,წითელის ფულია?“. ამ დროს საუბარში ერთვება გ. წ–სეც, რომელიც მითითებულია, როგორც (გ) და ეუბნება ,,ჩვენი ფულია ძმაო. მე ,,ქუჩის“ ბიჭი ვარ, ძმაო... არიან კიდე ,,კაი“ ბიჭები, ,,ქუჩის“ ბიჭები, რამოდენიმე არის ჩვენნაირი საქმოსანი ხალხი, ჩვენ გვაქ შეხება, სიმონ. იქ, ,,ბრატუხა“, რაც არი საერთო ადგილები, სიმონ, შენ რომ მიდიხარ ძმა და იქედან სარგებელს რო ნახულობ.... ურთიერთობა რო ჩამოყალიბდება ძმაო, ორი კაპიკი. ის 200 ლარი თუ 150, რაც იქნება, რაზეც შევთანხმდით სიმონ, ამ ფულს ამიტომ გატოვებიებ ბრატ გაიგე? იქ ,,განაბის“ ოჯახია უკვე ბრატ, ,,ლაგერია“ სიმონ, ქუჩა არის სიმონ. მაქედან ცოტ-ცოტას ყველას ვახვედრებთ ჩვენ“. დ. ჭ–მი ეუბნება, რომ იცნობს გიას, ვინმე ,,დ–ს“, რაზეც გ. წ–სე პასუხობს, რომ თვითონაც იცნობს ,,დ–ს“, მათი ახლობელია და სწორედ ,,დ–ს“ უნდა ჰკითხოს ჯ. ი–სისა და გ. წ–სის შესახებ, ის აუხსნის ყველაფერს. გ. წ–სე უხსნის დ. ჭ–ს, თუ რატომ უნდა დატოვოს თანხა, რომ აღნიშნული ბიზნესი - მარგანეცის მოპოვება დიდად სარფიანი საქმეა და მანაც კარგად იცის, თუ რა თანხები ,,კაჩავდება“. ის მისას რომ გააკეთებს, ორი კაპიკი ,,გლეხის“ ფულიც უნდა დადოს, ,,გლეხის“ ფულს პირობითად უძახის - ,,მე გლეხის ფულს არ დავარქმევ, არც გლეხი ვარ და არც გლეხის ფულს ვიტოვებ. არი ფული დასატოვებელი ბრატ, ის ფული, რომ იმ ფულიდან მერე ყველას.... ეს ,,დვიჟენია“ არის საერთო ძმაო. საუბარი ძირითადად ჯ. ი–სს, გ. წ–სესა და დ. ჭ–ს შორის მიმდინარეობს და ეუბნებიან, რომ თანხა უნდა განაწილდეს ე.წ. ,,ზონაში“, ,,ლაგერში“, ,,განაბთან“ და ა.შ. გ. წ–სე საუბრისას არაერთხელ ეუბნება, რომ ისინი არიან ,,ქუჩის ბიჭები“ და მათ ერგებათ თანხა, რომლიდანაც შემდეგ ,,ცოტ-ცოტა“ ყველას ხვდება დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, მსჯავრდებულები დ. ჭ–ს ეუბნებიან, რომ მათი ,,მფარველობა“ დაიცავს სხვა გადასახადებისგან, ვერავინ მივა მასთან და საქმიანობაში ვერ შეუშლის ხელს, თუ ასეთი მოხდება, თვითონ მოაგვარებენ. ამასთან, ჯ. ი–სი დაზარალებულს ეუბნება, რომ ის რომ მთავრობასთან შეთანხმდა, არ ნიშნავს იმას, რომ მათთან ,,ანგარიში გასწორებული აქვს“, გადასახდელი თანხა უნდა გადაიხადოს, არასოდეს მომხდარა, ვინმეს ამისთვის თავი აერიდებინოს. ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით კი დგინდება, რომ ჯ. ი–სი ესაუბრება ტვირთის გატანაზე და ეუბნება, რომ უთხრა დ–ს, 10 მანქანაზე დატოვოს ერთი. თუ ვინმემ რამე უთხრას, ახსენოს მისი სახელი და თქვას ,,ჯ–სთან არის მოგვარებული აღნიშნული საკითხიო“. ჯ. ი–სი იმუქრება, რომ ავტომატით ჩამოუვლის ყველას, ვინც მის ინტერესებს შეეწინააღმდეგება. ჩანაწერებით ასევე დასტურდება, რომ საუბრობენ ჯ. ი–სი და ,,დ–ო“, რომელსაც ჯ. ი–სი ავალებს, აუხსნას ,,იმ ქუთაისელ“ ბიჭს (დ. ჭ–ს), თუ როგორ და რანაირად ხდება ყველაფერი. რაზეც ,,დ–ო“ პასუხობს, რომ იგი ტელეფონზე არც მას და არც ბ–ს (მძღოლს), რომელმაც ტვირთი ჩაუზიდა, არ პასუხობს. მიუხედავად ამისა, ჯ. ი–სი დაჟინებით მოითხოვს, რომ ,,დ-ომ“ ყველაფერი აუხსნას და ისე გააკეთოს, როგორც საჭიროა, თორემ ,,ასწევს ჰაერში“. ასევე დგინდება, რომ ჯ. ი–სი დ. ჭ–ს ეუბნება, რომ ყველაფერი ,,გამწვანებულია“ და შეუძლიათ მომდევნო დღიდან დაიწყონ მუშაობა, თუ უნდათ გზა გაიყვანონ და თუ იქ ვინმე ,,წამოეჩერჩეტებათ“ უთხრას, რომ ჯ. ი–სი ნახოს. ასევე ეუბნება, რომ არაფერი არ აქვს სანერვიულო და ვინც მთავარი პრობლემა იყო, ის მოგვარებული აქვთ. თუ რამე, ყველას უთხრას, რომ ჯ. ი–სთან გაარკვიონ. ამასთან, ჯ. ი–სი აფრთხილებს დ. ჭ–ს და ეუბნება, არავისთან არაფერი ილაპარაკოს, განსაკუთრებით ფულზე, რაზეც დ. ჭ–მი პასუხობს, რომ მის გარეშე არავის ესაუბრება. მას ჯ. ი–სი საქციელს უწონებს და ეუბნება, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მოხვდა იქ, სადაც არის, თორემ ვერ მიიღებდა ვერაფერს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, უტყუარად ადასტურებს, რომ ჯ. ი–სი და გ. წ–სე ნამდვილად აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში.
5.4. ამასთან, დაზარალებულ დ. ჭ–მის ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 12 მარტს, საჩხერის გზატკეცილზე, დ. ტ–ს ოფისში, ჯ. ი–სის ინიციატივით გაიმართა შეკრება, რა დროსაც ერთად მივიდნენ ჯ. ი–სი, გ. წ–სე და მ. გ–იი, ხოლო დაზარალებულთან ერთად იყო ნ. მ–ი. შეხვედრის მიზანი იყო ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის საკითხის - კერძოდ, დ. ჭ–მის მიერ მანგანუმის შემცველი ნედლეულით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის გატარებაში 150-200 ლარის გადახდის საკითხის განხილვა. შეხვედრაზე ჯ. ი–სმა და გ. წ–სემ დაზარალებულს განუმარტეს, რომ მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს“ მიზნებისათვის, ხოლო მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაემუქრნენ პრობლემების შექმნით. აღსანიშნავია, რომ ჯ. ი–სმა და გ. წ–სემ მათი მოთხოვნის სავალდებულობის დასამტკიცებლად ხსენებულ შეკრებაზე მიიყვანეს მ. გ–იი, რომელმაც დაზარალებულს დაუდასტურა, რომ ისიც ანალოგიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწოდა და ამ თანხას იხდიდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2020 წლის 12 მარტს გამართულ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობდნენ ჯ. ი–სი და გ. წ–სე.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალაზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა და არ დადგენილა, მასში ასახული პირები ნამდვილად არიან თუ არა ჯ. ი–სი და გ. წ–სე, ეს მასალები საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ჯ. ი–სა და გ. წ–სის ჩვენებებზე, რომლებმაც, მართალია, უარყვეს „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა, მაგრამ დაადასტურეს დაზარალებულთან შეხვედრის ფაქტები, კერძოდ: გ. წ–სემ განმარტა, რომ იგი დ. ჭ–ს შეხვდა მხოლოდ ერთხელ რამდენიმე წუთით, ასევე, ცოტა ხნით შეხვდნენ ტ–ს მარგანეცის სარეცხ ქარხანაშიც, რადგან დ. ჭ–მი ამ საქმეში იყო ახალი ჩართული, არ იცნობდა მარგანეცის მოპოვების წესებს და სჭირდებოდა გარკვევა და დახმარება, ეკითხებოდათ როგორი სიტუაცია იყო, ვისთან უნდა ეკონტაქტა და რა მოთხოვნები ჰქონდა სოფელს მარგანეცის მომპოვებლებთან. ჯ. ი-მა კი დაადასტურა, რომ იგი სამჯერ შეხვდა დ. ჭ–ს, რათა დაეკვალიანებინა მარგანეცის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, როგორ ხდებოდა მოსახლეობასთან მოლაპარაკების წარმართვა და აუხსნა, რომ ხალხს ჰქონდა თავისი მოთხოვნები და თითოეულ მანქანა მარგანეცზე ითხოვდნენ 100, 150, 200 ლარს, თანხა დამოკიდებული იყო სხვადასხვა ფაქტორზე, მარგანეცის ხარისხზე, მიყენებულ ზიანზე და ა.შ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მას არ უარუყვია, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ასახული პირი არის თვითონ, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ჩანაწერი არის მიწებებულ-მიკერებული და არ ეთანხმება მას. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულით უტყუარად დასტურდება კასატორის მიერ მითითებულ ჩანაწერებში მსჯავრდებულთა მონაწილეობა და არ არსებობს მათი გაუზიარებლობის საფუძველი.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - გ. წ–სა და ჯ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე